საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები ევრო 2015-ის ფინალური ტურნირის შესარჩევი ეტაპისათვის მზადებას დაასრულებს თბილისის ოთხთა ტურნირით, რომელსაც 2-4 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. აღნიშნულ ტურნირში საქართველოსთან ერთად დიდი ბრიტანეთის, ბელარუსისა და მოლდოვის ნაკრებები ითამაშებენ.
ევრო 2015-ის შესარჩევი ტურნირისათვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა გაფართოებულ სიაში 19 კალათბურთელი შეიყვანა: ნიკა მეტრეველი, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, ლევან ფაცაცია, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შარაბიძე, თორნიკე შენგელია, ბესო ლეჟავა, ბექა წივწივაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი, რიკი ჰიკმანი, აკაკი დვალიშვილი, ირაკლი ჩლაიძე და რევაზ როგავა.
რადგან მოვლენები ისე განვითარდა, რომ ტრავმის გამო მარკოიშვილისა და ჰიკმანის თამაში სათუო გახდა, მათ სავარაუდო შემცვლელებად ნაკრების ხელმძღვანელობამ გაფართოებულ სიაში ლაშა ფარღალავა და მიხეილ ჭოჭუა შეიყვანა. ვარაუდი გამართლდა და შესარჩევ ეტაპზე ნაკრებს გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრები მარკოიშვილი და ჰიკმანი ვერ დაეხმარებიან. შეკრება უკვე დატოვეს დვალიშვილმა, ჩლაიძემ, როგავამ და ფარღალავამ. ამჟამად, გუნდში 14 კალათბურთელი იმყოფება. ესენი არიან: მეტრეველი, ფხაკაძე, სანაძე, ფაჩულია, ცინცაძე, ფაცაცია, სანიკიძე, ბურჯანაძე, შარაბიძე, შენგელია, ლეჟავა, წივწივაძე, ბერიშვილი და ჭოჭუა.
ტრავმის გამო შეკრება ვერ გაიარა ცენტრალურ თავდამსხმელმა გიორგი შერმადინმა. მან უკვე მოირჩინა აღნიშნული ტრავმა და ნაკრებს საერთაშორისო ტურნირის ბოლო დღეს, 4 აგვისტოს შეუერთდება. აღნიშნული ტურნირის დასრულების შემდეგ გახდება იმ 13 სპორტსმენის ვინაობა, რომლებიც ევრო 2015-ის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებენ.
ეროვნული ნაკრების გაფართოებულმა შემადგენლობამ მზადება მიმდინარე წლის 23 ივნისს თბილისში შეკრებით დაიწყო. თბილისური შეკრების დასრულების შემდეგ, 5 ივლისს, ქართველი კალათბურთელები სლოვენიის ქალაქ პოდჩეტრტეკში გაემგზავრნენ და მოსამზადებელი ეტაპის დარჩენილი დრო იქ გაატარეს. შეკრების დროს ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს. აღნიშნული მატჩებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ნაკრები ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქართველებმა ბოლო ორი შეხვედრა ლიტვაში ამავე ქვეყნის ნაკრებთან ჩაატარეს. მართალია მეტოქე ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ორივე შეხვედრაში სტუმრები უშანსოდ, ჯერ 51:82, შემდეგ კი 54:81 დამარცხდნენ.
თბილისის საერთაშორისო ტურნირში ქართველი გულშემატკივრები ახლა უკვე საკუთარი თვალით ნახავენ თუ როგორ ფორმაში იმყოფება მათი საყვარელი გუნდი, რომლის მეტოქეები ევრო 2015-ის შესარჩევ ტურნირში ჩეხეთი, უნგრეთი და პორტუგალია იქნებიან. გთავაზობთ თბილისის საერთაშორისო ტურნირის შეხვედრათა განრიგს:
2 აგვისტო
დიდი ბრიტანეთი – ბელარუსი 15:30
საქართველო – მოლდოვა 18:00
3 აგვისტო
ბელარუსი – მოლდოვა 15:30
საქართველო – დიდი ბრიტანეთი 18:00
4 აგვისტო
დიდი ბრიტანეთი – მოლდოვა 15:30
საქართველო – ბელარუსი 18:00