ჩოგბურთი

16:27 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას მორიგი ტიტული

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ წყვილთა თანრიგში მორიგ წარმატებას მიაღწია. თურქეთის ქალაქ სტამბულში გამართულ 25-ათასიან ტურნირზე კალაშნიკოვამ და უკრაინელმა ლიუდმილად კიჩენოკმა პირველი განთესვის შესაბამისად ითამაშეს და სამივე მატჩი მოიგეს.

ოქსანამ და ლიუდმილამ პირველ რაუნდში დაისვენეს, შემდეგ თურქ სეზერს და ბოსნიელ ტინჯიჩს 6:3, 6:1 სძლიეს, ნახევარფინალში თურქი ერაიდინი და რუსი კულიჩკოვა 6:1, 7:6 (7:0) დაამარცხეს, ფინალში კი უკრაინელ ფომინას და სლოვენიელ პრისლანს აჯობეს – 6:2, 4:6, 10:7.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ წყვილთა რეიტინგში კალაშნიკოვა 3 პოზიციით დაქვეითდა, თუმცა, 1342 ქულით ქართველთათვის კვლავაც საუკეთესო – 65-ე პოზიციაზე იმყოფება. 23-ადგილიანი წინსვლა განიცადა ანა ტატიშვილმა, რომელმაც კვირას ბუდაპეშტის 235-ათასიანი ტურნირის ფინალში ითამაშა. იგი 840 ქულით 103-ე საფეხურზე დამკვიდრდა.

ტატიშვილი ისევ ასეულს მიღმა იმყოფება ერთეულთა კლასიფიკაციაში, სადაც კიდევ 3 პოზიცია დაკარგა და 649 ქულით 101-ე ადგილზე იმყოფება. სულ WTA-ს რეიტინგში 7 ქართველი ჩოგბურთელია: 104 (101). ანა ტატიშვილი – 649 ქულა; 222 (216). სოფო შაფათავა – 248; 324 (320). ოქსანა კალაშნიკოვა – 137; 426 (443). მაკა ჩახნაშვილი – 83; 571 (566). სოფო ქვაცაბაია – 48; 620 (618). ეკატერინე გორგოძე – 40; 848 (854). ნათია გეგია – 17;

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ტატიშვილი შვედეთში იმყოფება და სამშაბათს “კოლექტორ სვედიშ ოუფენში” (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) ჩაებმება. ერთეულებში ანა “უაილდ ქარდის” მქონე 16 წლის შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკელ სერენა უილიამსს და ბულგარელ სესილ კარატანჩევას შორის უმჯობესს დაელოდება.

წყვილებში ტატიშვილი და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკი მე-4 ნომრად არიან განთესილნი და პირველ რაუნდში ლატვიელ დიანა მარცინკევიჩას და ბრიტანელ ნიკოლა სლეიტერს დაუპირისპირდებიან.

საფრანგეთის ქალაქ კონტრექსვილში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირში მოსინჯავს ძალებს სოფო შაფათავა. საწყის წრეში მე-6 რეიტინგის მქონე ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ ბეატრის გარსია-ვიდაგანის ეთამაშება. წყვილებში შაფათავა და რუსი იულია კალაბინა პირველ ნომრად არიან განთესილნი და ასპარეზობაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან, სადაც გერმანელებს – დანიელსს და კლასენს გაეჯიბრებიან.

გერმანიის ქალაქ დარმშტადტში 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში არიან დაშვებულნი სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე. მათი მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა. თურქეთის ქალაქ იზმირში მიმდინარე ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ძალებს ანა ქადაგიძე მოსინჯავს.

დასასრულ, ვაჟთა შორის საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილზე ვთქვათ, რომელიც ასევე თურქეთში, კერძოდ კი, ესქიშეჰირში იმყოფება და 42 500-იანი ტურნირის პირველ რაუნდში ჩილელ ჰანს პოდლიპნიკ-კასტილიოს ეთამაშება. გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზი რუსეთის სახელით მოთამაშე თეიმურაზ გაბაშვილს და სლოვაკ ადრიან სიკორას შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება.

წყვილებში ბასილაშვილი და ბრიტანელი ბრიდენ კლეინი რუს ევგენი კარლოვსკის და ხორვატ ლოვრო ზოვკოს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 137 ქულით 314-ე ადგილზე იმყოფება.

0.117793