ჩოგბურთი

1:14 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ “როჯერს ქაფის” პირველი წრე დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც ბოლო პერიოდია წყვილთა თანრიგში ჩინებულ შედეგებს აჩვენებს, მორიგი გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ოქსანამ ბაქოში 235-ათასიანი ტურნირი უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად მოიგო და 280 სარეიტინგო ქულაც მიიღო, ახლა კი, პოლონელ ალისია როსოლსკას შეუამხანაგდა და კანადურ ტორონტოში დაწყებულ პრესტიჟულ შეჯიბრზეც (საპრიზო ფონდი 2 369 000 დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო.

“როჯერს ქაფის” საწყის რაუნდში კალაშნიკოვა და როსოლსკა კანადელ ეუჟენი ბუშარის და ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსის დუეტს გაეჯიბრნენ და მართალია, პირველი სეტი დათმეს, საბოლოოდ, 4:6, 6:3, 10:7 იმარჯვეს.

ამ მოგების წყალობით, ოქსანამ და ალისიამ 125 ქულა შეიმატეს, მერვედფინალში მათი მეტოქეების ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც ერთმანეთს მე-5 განთესვის მქონე ინდურ-ჩინური (მირზა-ჟენგი) და სამხრეთაფრიკულ-ხორვატული წყვილები (გრანდინი-იურაკი) დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ დღესვე საქმეში ვიხილავთ ქალთა შორის საქართველოს პირველ ჩოგან ანა ტატიშვილსაც, რომელმაც კანადური ტურნირის კვალიფიკაცია იოლად გაიარა, ძირითად ბადეში კი მე-15 ნომრად მიჩნეულ სერბ ელენა იანკოვიჩს ეთამაშება.

0.118399