ჩოგბურთი

15:20 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ ჩინეთში მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

ჩინეთის ქალაქ ნინგბოში მიმდინარე 125-ათასიანი ტურნირის (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშების პირველ წრეში ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკიას მე-4 ნომრად განთესილმა დუეტმა პოლონელი კატარჟინა პიტერის და უკრაინელი იულია ბეიგელციმერის ტანდემს 6:3, 6:3 სძლია და მეოთხედფინალში გააღწია.

კალაშნიკოვამ და ბურიაჩოკმა უკვე გამოიმუშავეს 44 სარეიტინგო ქულა, მომდევნო წრეში კი ჩეხებს – პეტრა ჩეტკოვსკას და კაროლინა პლისკოვას გაეჯიბრებიან. ცნობისთვის, ნინგბოს ტურნირის მოგებისთვის 160 ქულაა გათვალისწინებული.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა ალბუკერკიდან ლას ვეგასში გადაინაცვლა და ხვალიდან 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ჩაებმება. ტატიშვილის პირველი მეტოქე ამერიკელი სამანტა კროუფორდი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ასევე მასპინძლების – ჩიე-იუ ჰსუს და მარია სანჩესის წყვილში უმჯობესს დაუპირისპირდება.

წყვილებში ანა ხორვატ აილა ტომლიანოვიჩთან გახლავთ შეამხაგანებული და საწყის რაუნდში ძალებს მე-3 ნომრად განთესილ ამერიკულ დუეტთან (ჩაკო-პლუსკოტა) მოსინჯავს.

ერთბაშად 10 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება თელავის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში, თუმცა, გადამწყვეტ რაუნდამდეც კი ვერცერთმა მიაღწია. ბოლოს ტურნირს შემორჩენილნი თინათინ ყავლაშვილი, ლანა როსტიაშვილი და მარიამ გოგელაშვილი იყვნენ, მაგრამ მათაც მარცხი განიცადეს.

შეგახსენებთ, რომ თელავის ტურნირის ძირითად ბადეში პირდაპირ არიან დაშვებულნი სოფო შაფათავა, მაკა ჩახნაშვილი, სოფო ქვაცაბაია, ეკატერინე გორგოძე, თამარ ჭალაგანიძე და მარიამ ბოლქვაძე. ამათაგან, საკუთარი რეიტინგის წყალობით ბადეში მხოლოდ შაფათავა (მე-8 განთესვა) და ჩახნაშვილი მოხვდნენ, დანარჩენებს კი “უაილდ ქარდები” ერგოთ.

უკვე ცნობილია, რომ პირველ რაუნდში შაფათავა პოლონელ კატარჟინა კავას ეთამაშება, ჩახნაშვილი მე-2 განთესვის მქონე ალეკსანდრა პანოვას (რუსეთი), ბოლქვაძე – მაშა ზეჩ-პესკირიჩს (სლოვენია), ქვაცაბაია – ოლგა სავჩუკს (უკრაინა), გორგოძე – მისა ეგუჩის (იაპონია), ხოლო ჭალაგანიძე – ირინა ხრომაჩევას (რუსეთი, მე-6 განთესვა).

წყვილებში გორგოძე და შაფათავა უკრაინელ ფომინას და გერმანელ შაკოვეცს (მე-4) გაეჯიბრებიან, ჩახნაშვილი და ქვაცაბაია პოლონელი კავას და რუსი ლაზარევას პირისპირ დადგებიან, ბოლქვაძე და ჭალაგანიძე გერმანელი ზაიას და სლოვენიელი ზეჩ-პესკირიჩის დამარცხებას ეცდებიან, ხოლო მაჩაიძე და ჭიჭაშვილი ძალებს რუს დოროშინასთან და ბრაზილიელ პიგოსისთან მოსინჯავენ.

0.118712