ჩოგბურთი

18:01 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ბაქოს ტურნირის ძირითად ბადეშია

ტატიშვილი რეიტინგის მოწინავე ასეულს დაუბრუნდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ბაქოს საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) კვალიფიკაციაში მე-2 მატჩიც იოლად მოიგო და ძირითად ბადეში გააღწია, რისთვისაც 10 სარეიტინგო ქულა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ოქსანამ საწყის რაუნდში თანამემამულე თამარ ჭალაგანიძე 6:0, 6:0 გაანადგურა, დღეს კი უკრაინის სახელით მოთამაშე ოლეკსანდრა კორაშვილიც უშანსოდ დატოვა და 6:2, 6:1 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ჩოგბურთელს წილისყრის დროსაც გაუმართლა, რადგანაც ხვალ, ძირითად ბადეში ასევე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ჩეხ ტერეზა მარტინცოვას ეთამაშება.

ამ უკანასკნელმა გზიდან რუსეთის სახელით მოასპარეზე მაია კაციტაძე (6:2, 6:3) და პირველ ნომრად განთესილი ბელგიელი ისალინ ბონავენტურე (6:2, 7:5) ჩამოიცილა. ისიც ცნობილია, რომ თუკი კალაშნიკოვა მარტინცოვას ძლევას მოახერხებს, მერვედფინალში სლოვენიელ ტადეა მაერიჩს გაეჯიბრება, რომელმაც მე-5 რეიტინგის მქონე ჩეხი კაროლინა პლისკოვა 7:5, 6:4 დაამარცხა.

პირდაპირ ძირითად ბადეში გახლდათ დაშვებული საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი, რომელიც ხვალვე იტალიელ ნასტასია ბარნეტს ეთამაშება, გამარჯვების შემთხვევაში კი, მე-7 ნომრად განთესილ ელინა სვიტოლინას (უკრაინა) და ალეკსანდრა კრუნიჩს (სერბეთი) შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.

წყვილებში მე-2 რეიტინგის მქონე კალაშნიკოვა და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკი რუმინელ კადანტუს და ესპანელ ფერერ სუარესს ეთამაშებიან, ტატიშვილი და სერბი ვესნა დოლონცი უზბეკ შარიპოვას და აზერბაიჯანელ ფარჰადს გაეჯიბრებიან, ხოლო ჭალაგანიძე და აზერბაიჯანელი ნაზრინ ჯაფაროვა ძალებს ბელარუს კრემენთან და რუს მელნიკოვასთან სცდიან.

ყაზახეთის ახალ დედაქალაქ ასტანაში იმყოფება სოფო შაფათავა, რომელიც ძალებს 100-ათასიან ტურნირში სცდის. პირველ წრეში სოფოს მეტოქე მე-5 ნომრად განთესილი თურქი კაგლა ბუიუკაკჩაი იქნება. წყვილებში შაფათავა და ყირგიზი კსენია პალკინა მე-3 რეიტინგის მქონე ტაილანდურ დუეტს (კუმხუმი-ტანასუგარნი) დაუპირისპირდნენ და 2:6, 3:6 დამარცხდნენ.

ასტანაშივე, ვაჟთა 125-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 312-ე ადგილზე მყოფი ქართველი სპორტსმენი პირველ შეხვედრას ინდოელ ჯეევან ნედუნჩეჟიანთან ჩაატარებს, გამარჯვების შემთხვევაში კი, მე-4 ნომრად განთესილ რუს კრავჩუკს და იტალიელ გრასის შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

დასასრულ, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგზეც ვთქვათ, სადაც მოწინავე ასეულს დაუბრუნდა ანა ტატიშვილი. ქართველმა გოგონამ თავი 678 ქულას მოუყარა და 104-დან 95-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. სულ კლასიფიკაციაში 7 ქართველი გოგონაა:

95 (104). ანა ტატიშვილი – 678 ქულა; 228 (222). სოფო შაფათავა – 248; 310 (324). ოქსანა კალაშნიკოვა – 151; 432 (426). მაკა ჩახნაშვილი – 83; 495 (620). ეკატერინე გორგოძე – 65; 577 (571). სოფო ქვაცაბაია – 47; 864 (848). ნათია გეგია.

წყვილთა რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კვლავაც კალაშნიკოვას გააჩნია, რომელიც 1360 ქულით 66-ე ადგილზეა, ტატიშვილს (840 ქულა) 102-ე საფეხური უკავია, შაფათავა (276) კი 238-ე პოზიციაზეა.

0.12759