ინტერვიუები

9:59 | 31.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

კალაძე უთამაშებლობას “მილანის” ბოსებს აბრალებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და “მილანის” ცენტრალური მცველი კახა კალაძე, მის ბოლოდროინდელ უთამაშებლობაში გუნდის მთავარ მწვრთნელ ლეონარდოს არ ადანაშულებს. მისი აზრით, პრობლემას “როსონერის” ბოსები ქმნიან.
“ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ლეონარდო არაფერ შუაშია. დამნაშავე კლუბის ხელმძღვანელობაა, რომელიც ასეთ პოლიტიკას ატარებს. “მილანში” 5-6 ფეხბურთელია, რომელთაც მაღალი ხელფასი აქვთ. კლუბთან კონტრაქტი სამი წლის წინ განვაახლე, მაგრამ ახლა, ევროპაში საქმე სხვაგვარადაა. იმხელა ფულს აღარ იხდიან, როგორც ადრე. კრიზისი ფეხბურთსაც შეეხო. “მილანის” ბოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათთან მივიდე და წასვლა ვთხოვო. ულამაზოდ იქცევიან. მათ იციან, რომ ჩემთვის თამაში მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარ. კლუბთან კონტრაქტი 2011 წლამდე მაკავშირებს, მაგრამ ივნისამდე მოვიცდი. შემდეგ, ევროპაში მოვნახავ გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს. ისეთ კლუბში გადასვლა არ მინდა, სადაც დიდ ფულს მომცემენ, მაგრამ მაღალი მიზნები არ ექნებათ”, - განუცხადა კალაძემ “სოვეტსკი სპორტის” კორესპონდენტს, რომელიც მას მილანში შეხვდა.
-  რომელ მიზნებზე საუბრობთ? თქვენ ხომ ყველაფერი მოიგეთ...
- მერე, რა? აი, მოვიგებ მესამედ ჩემპიონთა ლიგას და ყველა იტყვის – ყოჩაღ, კახა! მსურს ფეხბურთში საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად ამოვწურო. რაც შეეხება ფულს, ამ მხრივ პრობლემა არასოდეს მქონია.
- ალბათ, “მილანიდან” წასვლა გაგიჭირდებათ, რადგან უკვე არაერთი წელიწადია გუნდში ხართ. პლუს, იტალიელები და ქართველები ერთმანეთს მენტალიტეტით ძალიან ჰგავხართ.
- ეს სიმართლეა. ყოველთვის ვამბობ, რომ იტალია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მშვიდად ვიცხოვრებ, თუ კარიერის დასრულების შემდეგ ევროპაში დარჩენას გადავწყვეტ. აქ მეგობრული ხალხია, თბილი ამინდია და საქართველოს მართლაც ჰგავს. ამიტომ, ცხოვრება მიადვილდება.
- ძალიან მნიშვნელოვანია არჩევანში არ შეცდეთ...
- ვფიქრობ, იტალიაში დავრჩე, ან კარიერა ინგლისში გავაგრძელო. გამორიცხული არც გერმანიაა. თუმცა ყველაზე მეტად, თამაში ინგლისში მსურს. ჩემთვის ახალ კულტურას გავეცნობი, ენასაც ვისწავლი, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება.
- “ინტერში” გადახვიდოდით?  ასეთ შემთხვევაში “მილანის” ფანები სტვენით აგიკლებენ...
- ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ. მაგალითად, ზეედორფი “ინტერში” გამოდიოდა, ხოლო ახლა ჩვენთან თამაშობს. პირლოს შემთხვევაც იგივეა. ისე კი, ეს იოლი ნამდვილად არაა. თუმცა, არც თადარიგში ჯდომაა კარგი.
- რუსეთის ვარიანტს არ განიხილავთ? როგორც ითქვა, თქვენს მიმართ ინტერესს “რუბინი” და “ზენიტი” იჩენდნენ. მითუმეტეს, რომ ყაზანელები ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ.
- ბევრი ჭორი ვრცელდებოდა. ხან “ლივერპულში” მიშვებდნენ, ხან კიევის “დინამოში, ხან “ფიორენტინასა” და “რომაში”. თუმცა, პირადად მე არავინ დამკავშირებია, რადგან ჯერ ოფიციალურად არ გამომიცხადებია, რომ წასვლა მსურს. იმედი მაქვს, მიმდინარე სეზონში “მილანში” კიდევ ვითამაშებ. არ მესმის ასე რატომ მექცევიან. რაც მახსოვს, “მილანში” მსგავსი დამოკიდებულება ფეხბურთელის მიმართ არ ჰქონიათ.
- შესაძლებელია, რომ კიევის “დინამოში” დაბრუნდეთ?
- “დინამო” ჩემთვის განსაკუთრებული გუნდია - ტრამპლინი დიდ ცხოვრებაში. ვალერი ლობანოვსკი რომ არა, ახლა “მილანში” არ ვიქნებოდი. ის ჩემთვის მამასავით იყო. რჩევებს და მითითებებს მაძლევდა. ერთხელ “ფერარი” ვიყიდე და ლობანოვსკიმ მითხრა: “დაწყნარდი შვილო. შენთვის ასეთი ავტომანქანებით სიარული ჯერ ადრეა”. როგორც შვილს ისე მზრდიდა. ახლა, ვიხსენებ და ვხვდები, თუ რამდენად ძვირფასი იყო ლობანოვსკის გაკვეთილები.
- ახლა 32 წლის ხართ. ფეხბურთის თამაშს კიდევ რამდენი ხანი აპირებთ?
-  ვფიქრობ, კიდევ 3-4 წელიწადი ვითამაშებ. ბოლო კონტრაქტის გაფორმებაღა დამრჩა. შემდეგ დავისვენებ და ბიზნესში წავალ.
- 10 წლის განმავლობაში, პარტნიორად ბევრი “ვარსკვლავი” გყავდათ. ახლა მხოლოდ რონალდინიო და ბექჰემი...
- ბექჰემი უკვე არ თამაშობს. აქილევსის მყესი გაიწყვიტა და ამერიკაში სამკურნალოდ წავიდა. რომელიმე გულშემატკივარი ჩვენთან ვარჯიშზე პირველად რომ მოხვდეს, შესაძლოა, ამდენი “ვარსკვლავების” დანახვისას გაკვირვებისგან პირი დააღოს. თუმცა სინამდვილეში, ისინი ჩვეულებრივი, მხიარული ბიჭები არიან. იგივე ბექჰემი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, თავმდაბალი პიროვნებაა.
- სიმართლეა, რომ სპარტაკელ ჯანო ანანიძეს “მილანში” იწვევენ?
- ვფიქრობ, ეს ჭორია, რადგან ამის შესახებ აქ არავინ საუბრობს. ჯანო ნიჭიერი ბიჭია, დიდი პოტენციალით. მთავარია, რომ არ “დაამახინჯონ” და ნორმალურად განვითარების საშუალება მისცენ. “მილანს” სხვა მენტალიტეტი აქვს. რაც ამ კლუბში ვარ, მხოლოდ ორჯერ აიყვანეს ფეხბურთელი პერსპექტივაზე გათვლით –ახალგაზრდა კაკა და პატო. დანარჩენები უკვე მზა “ვარსკვლავები” იყვნენ. ამიტომ, ანანიძე ჯერ უნდა ათამაშდეს. ის 17 წლისაა და წინ უამრავი სამუშაო აქვს.
- მსოფლიო ჩემპიონატზე ვის უგულშემატკივრებთ?
-  იტალიის ნაკრებში ბევრი მეგობარი მყავს. მათ სამხრეთ აფრიკაში წარმატებას ვუსურვებ. მახსოვს, რა ხდებობა იტალიაში ოთხი წლის წინ, როდესაც “სკუადრა აძურამ” მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
    

0.116174