მადრიდის “რეალის“ ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა და მისი ეუღლე, კაროლინ სელიკო, როგორც ჩანს, უკვე აღარ ხუმრობენ და სერიოზულად ფიქრობენ მუსიკალურ ბიზნესში ჩართვას. კაროლინმა და რიკარდომ თავიანთი პირველი ერთობლივი ლირიკული შინაარსის სიმღერა ოთხი წლის წინ ჩაწერეს. ამის შემდეგ კი, ცოლ-ქმარს უკვე 13 სიმღერის ჩანაწერი მოუგროვდათ.
რიკარდო კაკას და მის მეუღლეს უკვე ოფიციალური კონტრაქტი აკავშირებთ ერთ-ერთ ესპანურ ხმისჩამწერ სტუდიასთან და ვალდებულნი არიან, რომ მათი ყველა ახალი სიმღერა სწორედ ამ სტუდიის ლოგოტიპიან დისკზე გამოსცენ. მუსიკას ცოლ-ქმარი ერთად ქმნის, სიმღერის ტექსტებს კი, კაროლინ სელიკო წერს.
აღსანიშნავია, რომ კაკაცა და კაროლინიც, მუსიკალურ ოჯახებში არიან გაზრდილი. რიკარდოს დედა პიანისტი, კაროლინის მამა კი საქსოფონისტი გახლავთ და რიკარდოს და მის ცოლს სავარაუდოდ სწორედ მათი მშობლებისაგან გამოჰყვათ მუსიკის სიყვარული. ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, სამუდამოდ მიანებოს ფეხბურთს თავი და მთელი თავისი სახსრები შოუ-ბიზნესში ჩადოს. ფეხბურთისგან განსხვავებით, რამდენად გამოსდის კაკას სიმღერა, ამას თანდართულ ბმულზე მისი სიმღერის მოსმენით ყველაზე კარგად მიხვდებით...