ტირანაში ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მიღების მიზნით ყოფნის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, კაკამ ისაუბრა თავის ალბანურ შთაბეჭდილებებზე, თავის ყოფილ გუნდსა და მეგობრებზე.
- ალბანეთში “მილანში” თამაშის დროსაც ხართ ნამყოფი. ახლა აქ უკვე “რეალის” ფეხბურთელად ჩამოხვედით. როგორ დაგხვდნენ ამჯერად ტირანაში?
- ბედნიერი ვარ ალბანეთში დაბრუნებით. ჩემს მიმართ კარგ დამოკიდებულებას აქ “მილანთან” ერთად ყოფნის დროსაც ვგრძნობდი. კმაყოფილი ვარ ბალკანეთში ჩამოსვლით.
- უკვე შეეხეთ თქვენს ყოფილ გუნდს. როგორ შეაფასებთ “მილანის” ამჟამინდელ მდგომარეობას?
- ამჟამად “მილანი” შესანიშნავად თამაშობს. გუნდში მოვლენების განვითარებას თვალს ვადევნებ. “მილანში” ბევრი მეგობარი დამრჩა. ჩვენ კვლავ შეგვიძლია ვიხილოთ ბრწყინვალე რონალდინიო, რომელმაც ოპტიმალური ფორმა დაიბრუნა. მაგრამ ახლა მე “რეალში” ვარ და ჩემთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რაც ამ გუნდში ხდება. უზომოდ ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ამ გუნდში თამაშის საშუალება მომეცა.
- “ბარსელონას” წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ გვარდიოლა გუნდში რჩება, თუმცა კონტრაქტზე ხელი მოწერილი ჯერ არაა. რას გვეტყვით ამ საკითხზე?
- ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა “რეალის” მწვრთნელის მიერ კონტრაქტის გახანგრძლივება. ჩვენ უნდა ვღელავდეთ საკუთარ გუნდზე და არა მეტოქეზე.
- როგორ გრძნობთ თავს ტრავმის მოშუშების შემდეგ?
- უკეთესად. პროგრესს თამაშის არაერთ ასპექტში ვამჩნევ. ახლა თავს ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ნელ-ნელა ჩემს ოპტიმალურ ფორმას ვუახლოვდები.
- როგორი დაახასიათებთ კრიშტიანურ რონალდუს და თქვენს ურთიერთობას? (კაკას გარდა, პრესკონფერენციას ესწრებოდნენ კრიშტიანუ რონალდუ და მანუელ პელეგრინი)
- ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებით. კარგი მეგობრები ვართ. გარდა ამისა, ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ და ამიტომ, ერთმანეთის ხუმრობები უკეთ გვესმის.