მადრიდის “რეალის” გულშემატკივართა სასიხარულოდ, მათი საყვარელი კლუბის ბრაზილიელი ლეგიონერის, კაკას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. მადრიდული AS-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავად კაკა პოზიტიურად აფასებს “სამეფო კლუბში” გატარებულ პირველ თვეებს.
- თქვენ გამოტოვეთ “რეალის” ბოლო ოთხი შეხვედრა ტრავმის გამო. როგორ გრძნობთ თავს ამჟამად?
- ფიზიოთერაპიის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, უკვე დავიწყე ძუნძული. გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიდის და შესაძლოა არდადეგების დროს სან პაულოს სპორტულ ბაზაზე რამდენიმე ვარჯიშიც გავმართო.
- როგორ მიდის ესპანეთთან და იქაურ პრიმერა დივიზიონთან ადაპტაცია?
- მადრიდი შესანიშნავი ქალაქია, იგი ძალიან ჰგავს სან პაულოს. აქ ნებისმიერ დროს ყველაფერი ღიაა. ამჟამად ვსწავლობ ესპანურ ენას, იგი ძალიან ჰგავს პორტუგალიურს, მაგრამ მსურს მისი საფუძვლიანად შესწავლა.
- პარტნიორებიდან რომელთან გაქვთ ყველაზე კარგი ურთიერთობა?
- ხშირად მაქვს ურთიერთობა რონალდუსთან, მარსელოსთან და პეპესთან. ყველაზე ახლოს სწორედ მათთან ვარ, თუმცა შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ესპანელ თანაგუნდელებთანაც.
- განვაგრძოთ ესპანელების თემა. რას გვეტყვით რაულზე?
- იგი ჩვენს შორის ყველაზე მშვიდია. რაული ნამდვილი პროფესიონალია, ჩვენი კაპიტანი ვარჯიშებზე ყოველთვის ყველაზე ადრე მოდის. შემადგენლობის მიღმა დარჩენაც კი ვერ მოქმედებს მის უმაღლეს მოტივაციაზე.
- გარდა ამისა, იგი კლუბის აღზრდილია...
- ეს წორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია კლუბის აღზრდილების პირველ გუნდში გადმოყვანა. ეს კლუბს საუკეთესოთა შორის ადგილის დაბრუნებაში დაეხმარება. “რეალს” შეუძლია იამაყოს საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელებით. რაულ გონსალეს ბლანკო შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც მისაბაძი უნდა იყოს ყველასთვის.
- “რეალმა” “სარაგოსასთან” მატჩში თავისი საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა და მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანა...
- გუნდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია სასურველი შედეგის კარგი თამაშით მიღწევა.
- ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგულ “ლიონთან” მოგიწევთ დაპირისპირება. რას ფიქრობთ კენჭისყრის შედეგებზე?
- “ლიონი” ყოველთვის სახიფათო მეტოქეა. ესაა შესანიშნავად ორგანიზებული და ძალიან სახიფათო მეტოქე.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა