მადრიდის ”რეალის” ბრაზილიელი ფეხბურთელის, რიკარდო კაკას ცოლმა კაროლინ სელიკომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლის მადრიდული მომავალი ჯერ საკმაოდ ბუნდოვანია, მოვლენებს გაასწრო და გადაწყვიტა, რომ საკუთარი დანაზოგით, რომელიც “სულ რაღაც“ ოცდაოთხ მილიონ ევროს შეადგენს, მადრიდში ფეშენებელური სახლი შეიძინოს.
ამჟამად კაკა და მისი მეუღლე თავიანთ შვილთან ერთად მშვენიერ ვილაში ცხოვრობებ, რომელიც ორი წლის წინ თორმეტ მილიონად იყიდეს, მაგრამ მოგეხსენებათ, თვალი ხარბია და მაშინ, როდესაც კაკას თანაგუნდელმა კრიშტიანუ რონალდუმ ახალ ვილაში 60 მილიონი გაისროლა, კაროლინ სელიკომ თუნდაც 24-მილიონევროიან სახლში რატომ არ უნდა იცხოვროს?!
იმის შესახებ, რომ ახალი სახლის ყიდვა აქვს გულში ამოჭრილი, კაროლინ სელიკომ ბრაზილიელ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც უკვე ვთქვით, მადრიდულ კლუბში კაკას მომავალი ჯერ ბუნდოვანია და არ არის გამორიცხული, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კლუბი შეიცვალოს. სწორედ ეს ბადებს გარკვეულ ეჭვებს სელიკოს საქციელში. არ არის გამორიცხული, რომ კაკას მეუღლემ ეს ნაბიჯი გამიზნულად გადადგა და ცოლ-ქმარს ამ ჟესტით იმის თქმა სურს, რომ “რეალიდან“ სხვაგან წასვლას არ აპირებენ. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი ბლეფი იყოს და სხვა არაფერი.