“თუ კაცი ნიჭიერია, ქვიშაზე რომ დასვა, იქაც კი გამოავლენს თავის ნიჭსო” – ვისაც ამ გამოთქმის ჭეშმარიტებაში ეჭვი გეპარებათ, აუცილებლად უნდა ნახოთ ახალგაზრდა ბრაზილიელი სკულპტორის, - ფერნანდო კუნიას მიერ პლაჟის ქვიშაზე შექმნილი, ბრაზილიელი ფეხბურთელის - რიკარდო კაკას გამოსახულება და მიხვდებით, რომ ხელოვნებას საზღვრები მართლაც არ აქვს.
კაკას გამოსახულება ბრაზილიელმა ხელოვანმა თავის მეგობრებთან დადებული საკმაოდ უბრალო სანაძლეოს შემდეგ გადაწყვიტა და სწორედ ამ ბედნიერმა შემთხვევამ გახადა ეს კაცი ძალიან პოპულარული. ”მილანის” ფეხბურთელის სახის გამოქანდაკებას სენიორ ფერნანდო კუნია დაახლოებით შვიდ საათს მოუნდა და ნახატ-გამოსახულების საბოლოო შედეგმა ყველა, მათ შორის ჟურნალისტებიც აღაფრთოვანა, რომლებიც კუნიას მსწრაფლ მიეჭრნენ და მისგან ინტერვიუებიც ბლომად აიღეს.
ფეხბურთზე შეყვარებულმა ახალგაზრდა სკულპტორმა და მისმა ერთმა თანაშემწემ კაკას გამოსახულების გარდა, კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელის - განსოს კარიკატურული შინაარსის სკულპტურაც შექმნეს. გარდა ამისა, იქვე ასევე ქვიშაში გააკეთეს კომპანია “ჯილეტის” რეკლამაც, რამაც ხელოვანებს აღნიშნული კომპანიის მხრიდან დამატებითი შემოსავალი მოუტანა. ნახეთ თანდართული ვიდეო და დარწმუნდით, თუ რა შეუძლია დიდ ხელოვნებას, რომელიც ფეხბურთთან არის ნაზავი.
http://www.youtube.com/watch?v=u-m6eCVrarI&feature=player_embedded