ესპანური პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში, მადრიდის “რეალის” რიგებში კვლავ გამოჩნდა კაკა, რომელმაც “სარაგოსასთან” გასვლით მატჩში გატანილი გოლით, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა კასტილიურ გრანდს. დღეს, სანტიაგო ბერნაბეულები “ოსასუნას” უმასპინძლებენ. საამმატჩო და სასეზონო-საფინალო განწყობაზე, ბრაზილიელი ვარსკვლავი “მარკას” კორესპონდენტს ესაუბრა.
- რამდენად რეალურად თვლით თქვენი გუნდის საჩემპიონო შანსს?
- ამ თემაზე ბიჭები ხშირად ვსაუბრობთ და საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივდივართ, “რეალს” წელს ლა ლიგას მოგება რომ შეუძლია. საამისოდ, ფინიშამდე დარჩენილი ოთხივე შეხვედრა უნდა მოვიგოთ, გულის სიღრმეში კი გვწამს, “ბარსელონა”, მინიმუმ, ერთ მატჩში 2 ქულას რომ დაკარგავს.
- ტრავმის შემდგომ თქვენი აღდგენითი პროცესი, დროში გაწელილი აღმოჩნდა...
- ურთულესი ტრავმა მქონდა, რომლის სამედიცინო ტერმინებით გამოთქმაც კი მიჭირს. საერთოდაც, კუნთის დაზიანება ყოველთვის უფრო რთულად მოსაშუშებელია, ვიდრე, თუნდაც საზარდულის ტრავმა. კარგა ხნის განმავლობაში რბენაც კი არ შემეძლო, ამიტომაც, სათანადო ფორმა დროულად რომ ვერ ავკრიბე, გასაკვირი არაა.
- თქვენმა უთამაშებლობამ, “რეალის” გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია...
- გარწმუნებთ, მათზე უფრო მე მტკივა გული, მაგრამ ტრავმა ფეხბურთელის კარიერის თანმდევი რამაა. ქომაგების გულის მონადირებას კი, კარგი თამაშით შევეცდები. თუ სათანადო ფორმაში შევედი, მათ, ჩემს უთამაშებლობას დავავიწყებ.
- მაინც, რითაა გამოწვეული თქვენი ესოდენ ხშირი ტრავმიანობა?
- “მილანიდან” მადრიდში გადმოსვლის დროს, უკვე რამდენიმე სახის დაზიანება მქონდა. თავდაპირველად, ტრავმებს სათანადო ყურადღებას არ ვუთმობდი. გუნდმა ჩემში დიდძალი ფული გადაიხადა და არ მსურდა გულშემატკივრების გაწბილება. საბოლოოდ კი, ტრავმები გამირთულდა და თამაშს ვინ ჩივის, ძუნძულიც კი გამიჭირდა. ერთმა დაზიანებამ მეორე გამოიწვია, მეორემ – მესამე... ამის გამო დიდი დრო გამიცდა.
- “ლიონთან” დაპირისპირებისას, ტრავმით თამაშობდით?
- არა. მატჩის შემდეგ 3 დღე ვვარჯიშობდი, მაგრამ ერთ-ერთ წვრთნაზე მარცხენა ფეხის კუნთის აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. იმ მომენტიდან მოყოლებული, სიარულიც კი მიჭირდა, ვარჯიშზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
- ლიონელებთან შეხვედრისას, ტრიბუნებიდან თქვენი მისამართით სტვენაც კი გაისმა...
- “რეალს”, პლანეტის მასშტაბით, 200 მილიონი ადამიანი ქომაგობს, რომელთა შორის ისეთებიც იქნებიან, ჩემი თამაში რომ არ მოსწონთ. საფეხბურთო გემოვნებაზე დავას აზრი არ აქვს, ჩემს სათქმელს კი მინდორზე ვამბობ. განსაკუთრებული ყურადღებისა და ვიტყოდი, ფანების პრესინგით უკვე 18 წელია ვცხოვრობ. ასე რომ, იმ დღეს ქომაგთა ნაწილის ობსტრუქციამ, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ შემიქმნა. ვადასტურებ, “რეალში” ჩარიცხვის დღიდან, იდეალურ ფორმაში არც ერთ ეტაპზე ვყოფილვარ.
- ადრე თუ დაუსტვენიათ თქვენთვის “საკუთარ” მინდორზე?
- ბევრჯერ. ეს სან პაულუშიც არაერთხელ მომხდარა და მილანშიც. ამგვარი რამ, ნებისმიერ ფეხბურთელს გამოუცდია.
- გასული ზაფხულიდან მოყოლებული, ხომ არ ყოფილა მომენტი, როცა “სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლამ გაგიელვათ გონებაში?
- ამგვარი რამ ჯერ არ გამიფიქრებია, მიუხედავად იმისა, რომ 6 თვის განმავლობაში, გაცილებით მეტს მაკრიტიკებდნენ, ვიდრე მაქებდნენ. მადლიერების გრძნობით მსურს მოვიხსენიო კლუბის დირექტორატის წევრები. მათ ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი არასდროს შეუტანიათ. ადრე თუ გვიან, “რეალში” ჩემი დროც დადგება.
- შაბათს “ოსასუნასთან” გიწევთ თამაში. მანუელ პელეგრინი, სავარაუდოდ, ტრავმირებული ვან დერ ვაარტის ნაცვლად დაგაყენებთ და 90 წუთის განმავლობაში მოგიწევთ ასპარეზობა. საამისოდ მზად ხართ?
- არ მგონია, პირველიდან ბოლო წუთამდე მინდორზე რომ ვიყო. ამ კვირაში ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობდი, 100 პროცენტით ფორმა არ აღმიდგენია და ძნელი სათქმელია, “გავქაჩავ” თუ არა 90 წუთს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ