სტატიები

11:43 | 17.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

“კაცია, ტოო!“

ჟურნალისტიკაში სულ ახალი მისული ვიყავი, როცა გიორგი ჩიხრაძის შესახებ კითხვა დაუსვეს...

“კაცია, ტოო!“ - უპასუხა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინტონაციით და მორჩა კიდევაც გიორგის დახასიათებას. იმ ფრაზაში ჩაატია ყველაფერი.

ყველაფერი რა - ის, რომ უშიშარი ფეხბურთელი იყო, მინდორზე მეტოქეს არ უფრთხოდა, დაცვაში საიმედოდ და მარჯვედ იდგა, თანაგუნდელებს რიხს და იმედს მატებდა.

დღესაც ყურში მიდგას ის ორი, “ქალაქურად ნასროლი“ სიტყვა - “კაცია, ტოო!“

ასეთია იგი - ალექსანდრე ჩივაძე. ყველასთვის გასაგებ ენაზე, მოსხეპილად ახსნის ხოლმე იმას, რასაც სხვა ნახევარსაათიან მონოლოგს მოაყოლებდა.

ჩვენი თაობის კერპი იყო. დიდი კაპიტანი და თუმცა მაშინ მართლა ძალიან პატარა ვიყავი, ახალგაზრდულ გაზეთში დაბეჭდილი ინტერვიუც მახსოვს - შესავალში წერდნენ, ჩივაძე “დინამოს“ მარტო ლიდერი და კაპიტანი კი არა, “კომორგიცააო“...

იდეოლოგია კი იდეოლოგიაა, მაგრამ მაშინ ეგრეც ვერავინ ამიხსნა ზუსტად, რას ნიშნავდა, რა ხილი იყო ეს “კომორგი“.

იდგა ხანა ჯიბეში ჩაკუჭული პიონერული ყელსახვევებისა, სასკოლო ფორმის კოსტქურტუკის საყელოს შიდა მხარეზე დამაგრებული კომკავშირული ნიშნებისა - უჭირდა სისტემას, თვალსაჩინოდ, თვალსადახელშუა ცვდებოდა რკინის ფარდა.

ისევე, როგორც მაჩაიძე, ყიფიანი, გუცაევი, ხინჩაგაშვილი, ალექსანდრე ჩივაძეც სხვა განზომილების კაცი იყო ჩვენთვის. ძალიანაც მოენდომებინა ვინმეს, ვერავინ დაგვაჯერებდა ვერც მე, ვერც ათასობით ჩემს თანატოლს, რომ ისინი სტადიონსა და ბაზის გარეთ, ჩვეულებრივი ადამიანები არიან - საზრუნავითა და საფიქრალით, პრობლემებითა და ყოველდღიურობით.

ძნელი წარმოსადგენი იყო, ვერანაირად თავსდებოდა წარმოდგენაში “სამოქალაქო ვარსკვლავები“.

ჩივაძეც ასე - მაგარი, აჰ, ძალიან მაგარი კაპიტანი, წინ ლათინური ანბანის “დ“-თი და ზურგზე დიდი სამიანით.

კიდევ, ნიკალაი ოზეროვის ემოციას ამოყოლილი მახსოვს, ესპანეთში, 1982 წლის ცხელი ზაფხულის საღამოს, შოტლანდიასთან მატჩში - “ვოტ ტაკოი ნუჟენ კაპიტან!“

ეს მაშინ, როცა ჩივაძე სქოთებთან კარის წინ საბჭოელების მორიგ შეტევაში ჩაერთო და გოლი გაიტანა.

ვინც არ იცის, იმისთვის: იმ გოლამდე, იმავე მატჩში, “ჩივას“ ფეხი აუსხლტა, ამით ჯორდანმა ისარგებლა და დასაევს გოლი გაუტანა.

მის გარდა კიდევ ერთმა ქართველმა მოწყვიტა ვარსკვლავი იმ ღამეს - რამაზ შენგელიამ გაიტანა მეორე გოლი. ჩვენი საღამო იყო...

ახლაც, აქ, ნიუ იორკში, მისი ბავშვობის გუნდელი, “ტულიკა“ მიყვება ხოლმე, რა მაგარი იყო “დუგო“...

ახლა ვამბობთ, რომ სხვანაირი გახდა ფეხბურთი. ვეებერთელა ნახტომია. უფსკრული. ალბათ, ასეცაა - სამწვრთნელო მეთოდიკაში, ტაქტიკურ სქემებში, ფარმაკოლოგიაში, ინფრასტრუქტურაში, ზოგადად ტექნოლოგიებში, მაგრამ...

როცა საქმე ეხება კაცსა და ბურთს...

საკითხავია, სადაა პროგრესი - წარსულში თუ აქ, ჩვენს დროში...

“ენფილდზე“ ჩივაძის ნათამაშები ნახეთ - იქ ყველა კითხვაზეა პასუხი.

სანაკრებოდ, პირველმწვრთნელობისთვის პირველად ნოდარ ახალკაცმა გაიმეტა. ქართული ფეხბურთი პირველ აღმართებს მიუყვებოდა, დაუმსხვრეველი ავტორიტეტებიც ბლომად გვყავდა და ახალკაცს არჩევანის ფართო საშუალება ჰქონდა.

ჩივაძე რომ გააპირველკაცა, ეს ბევრს ნიშნავს.

მერე ქართული მატრაკვეცობაც იყო - ინგლისთან მარცხს მოყოლილი ქართული მატრაკვეცობა.

როგორ თუ ინგლისმა გვაჯობა...

ახლა რომ “თმენის ვალდებულებას“ ეძახიან, ეგ არ ეყო და წავიდა.

წავიდა რა, გულის ფიცარზე მუშტების ბრაგუნით “გადავაყენეთ“...

წვიმა ნაფეხურებს შლის, ყველანაირ ნაკვალევს - ნურას უკაცრავად...

მერე პოლიტიკა იყო. ყველა და ყველაფერი რომ გასვარა და დასვარა.

დღემდე რომ ყველას და ყველაფერს სვრის...

და მიუხედავად იმისა, ფიფას ორდენიც იყო და ეროვნულ ნაკრებში “მეორედ მისვლაც“, როგორღაც დაგვეკარგა, გაგვიხუნდა ავტორიტეტი...

დიდი კაპიტანი - ალექსანდრე ჩივაძე.

ასეთები ავტორიტეტები გაგვხუნებია? ეროვნული ნაკრები გვყავს ეგეთი.

ამიტომ იყო, ახალგაზრდულ გუნდში მისი მისვლა გულს მალამოდ მოედო. ეს მიუხედავად საწყენი ამბისა - მისი წინამორბედი კიდევ ერთი მაგარი კაცი, ოთარ გაბელია იყო - ვერ გაამართლა მისი ფორმაციის გუნდმა.

ის წავიდა და ეს მოვიდა.

ის საწყენი იყო, ეს სასიხარულო - ჩივაძე ჩინოსანს ჩივაძე მასწავლებელი ჯობია. ფეხბურთისთვის - რა თქმა უნდა.

პრობლემა ისაა, რომ ფასი დაეკარგა წარსულს, თორემ სადაა დასაკარგი ვარსკვლავები - აგერ, ევროპაში რა ხდება.

მაგალითი გადამდებია. კარგიც მათ შორის და ის დრო დაგვიდგებოდეს, პოლიტიკა სპორტს, ფეხბურთს ჩამოშორდებოდეს - ეგებ, დავეწიოთ კიდეც საშუალო ევროპულ დონეს.

მერე აღარ გახუნდებიან ლეგენდები - ან ვინ მოაცლით გახუნებისთვის.
 

 

კონსტანტინე გოგიშვილი
 

0.175102