გულშემატკივრის სვეტი

11:28 | 3.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

კაცი წარსულიდან

ახლა, ამ ახალი წლის ბრჭყვიალა დღეებში, თუკი მთლად საზეიმო განწყობაზე ვერ ხარ და მძიმე ფიქრები შემოგაწვება, ყველაზე მეტად იმას იხსენებ, რაც გასულმა წლებმა დაგიტოვა. მე კი ბოლო დროს სულ ეს ამბავი მიტრიალებს თავში... წლების წინ, როდესაც სამაჩაბლოში ქართველები ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ, გორიდან ცხინვალისაკენ მიმავალ გზაზე ერთი პატარა სასადილო იყო გახსნილი. თუმცა, ძნელია სასადილო დავარქვათ ძველ, მეფის რუსეთის დროინდელ, მატარებლის 6-ფანჯრიან ვაგონს, რომელსაც ერთ-ერთ კედელზე ფერაცლილი რომანოვების გერბი ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი. ვაგონის წინ, დიდი ტირიფის ჩრდილში სახელდახელოდ შეკრული სამი მაგიდა იდგა და მაგიდების ზემოთ ნათურები იყო ჩამოკიდებული. ვაგონის ერთი პატარა სარკმლიდან ანდრეი შვეჩენკოს უზარმაზარი პოსტერი და ხანში შესული ლოყაწითელა მებუფეტის, კიევის ”დინამოს” დიდი ქომაგის, მურმან ბაზოევის დაღლილი და დასიცხული სახე მოსჩანდა. პაპანაქება სიცხეში რკინის ვაგონში ჯდომა და მგზავრებისათვის საჭმელების მომზადება სულაც არ არის ადვილი საქმე.
ასეთი ტიპის სასადილოები საქართველოში უამრავია, მაგრამ მე ალბათ არასოდეს დამავიწყდება მურმანა ძიას სასადილო. არ დამავიწყდება თუნდაც იმიტომ, რომ ახლა იმ სასადილოს ადგილზე რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი გამშვები პუნქტია. ძირისძირობამდე გაძარცვულ ვაგონში კი არყის სმისაგან უგონოდ გამომთვრალი რუსი ჯარისკაცები იძინებენ. სახელდახელოდ შეკრული სკამებიდან კი ხის ნაფლეთებიღაა შემორჩენილი.
ახლა ნეტავ სად არის ლოყებღაჟღაჟა და მუდამ მხიარული მურმან ბაზოევი? დანაღმულ ლიახვის ხეობაში ხომ მისი ასავალ-დასავალის პოვნა დღეს ძალიან ძნელი საქმეა. სეტყვასავით წამოსულ რუსების ჭურვებს ეგებ ვერც კი გაასწრო და სადმე მეღვრეკისთან, ან ფხვენისთან ამოხდა სული. შეიძლება, უფრო გაუმართლა და ომის დაწყებისთანავე, კიევში, თავის ვაჟიშვილთან წავიდა. აბა ახლა ვიღას ახსოვს ეს კაცი, როდესაც ნახევარი ქვეყანა ლტოლვილია, მეორე ნახევარი კი მოდარდეებად ვართ ქცეული.
მურმან ბაზოევი ზუსტად შვიდი წლის წინ გავიცანი. სამაჩაბლოსაკენ მიმავალ მე და ჩემს მეგობარს, გზაში ძალიან მოგვშივდა და რაკი ახლო-მახლო ძველი ვაგონის მეტი, რომელსაც ქართულად ”სასადილო”, რუსულად კი ”ზაკუსოჩნაია” ეწერა, არაფერი იყო, სასადილოში მივედით, ტირიფის ძირში ერთ-ერთ მაგიდასთან ჩამოვჯექით და ვაგონის კარს მოვაჩერდით იმედიანი მზერით.
სულ მალე, ვაგონიდან ჭრელხალათიანი ოსის ქალი გადმოვიდა, რომელიც მურმანის ცოლი აღმოჩნდა. მოვიდა და გვკითხა: ჩაქაფულსა და ხაბიზგინსა შეჭამთო? რას არ შევჭამდით, როცა მგლებივით გვშიოდა და თან სხვა საჭმელიც არ ჰქონდათ ამ უცნაურ სასადილოში. ვჭამდით და თან პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატსა და საბერძნეთის გუნდის უცნაურ წარმატებაზე ვმსჯელობდით. როგორც აღმოჩნდა, ჩვენს საუბარს მურმანა ძიაც უსმენდა, რომელმაც ჯერ სარკმლიდან გამოყო თავი და იქიდან დაგვიძახა: ”რეჰაგელი მაგარია! აი ნახეთ, ბერძნები პირველზე თუ არ გაიყვანოსო”, მერე კი დოქი ღვინით, თავისი სკამითა და პომიდვრის სალათით შემოგვიერთდა და გამოგვიტყდა, რომ ფეხბურთზე საუბარს დანატრებული იყო და ჩვენი მსჯელობის მოსმენამ ძალიან გაახარა. რაზე არ ვილაპარაკეთ, რა არ გავიხსენეთ. ჯერ იყო და, საბჭოთა კავშირის აწყოფილ ჩემპიონატზე მოგვიყვა, რომელიც, მისი აზრით, ძალიან ძლიერი გათამაშება კი იყო, მაგრამ იმდენად ბევრი უსამართლობა ხდებოდა, მაშინვე ცხადი იყო, რომ ასეთ ტურნირს დიდი დღე არ ეწერა. მერე მსოფლიოს ძველი ჩემპიონატები გავიხსენეთ და მურმანა ძიას მონოლოგი მოვისმინეთ იმასთან დაკაშირებით, რომ პელე ყოველთვის პირველი იყო და მარადონა მასთან ახლოსაც ვერ მივა. რამდენიმე სიტყვა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვაგლახზეც ვთქვით და თბილისის ძველი ”დინამოც” გავიხსენეთ, სადაც, რასაკვირველია, ვლადიმერ გუცაევი გამოვარჩიეთ. ყველაზე მთავარი კი მერე, ჩვენი დამეგობრების შემდეგ მოხდა. მურმან ბაზოევმა ღვინო ძველ, კარგად ნახმარ და კუთხეებმოცვეთილ ჭიქებში დაგვისხა. თვითონაც დაისხა, საქართველოს სადღეგრძელო დალია. მერე თავისი ამბავიც მოგვიყვა. გვიამბო, რომ ადრე ცხინვალში ცხოვრობდა და მისი სახლი ომის დროს დაიწვა. მოგვიყვა თავის შვილზე, რომელიც კიევში სწორედ მისი საყვარელი კიევის ”დინამოს” სტადიონთან ცხოვრობდა და ათი წელი არ ენახა. გვიამბო ჯიპზე ამხედრებულ ვიღაც მთვრალ ბიჭებზე, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, უმარილო სალათის მაგიდაზე მიტანის გამო მაგრად სცემეს და ჩვენ მივხვდით, თუ რაოდენ დიდ ბედნიერებას ანიჭებდა ამ მუდმივ შიშში მცხოვრებ კაცს, ჩვენთან, ორ ახალგაზრდა ბიჭთან და დოქ ღვინოსთან ერთად ფეხბურთზე უბრალო, ძალდაუტანებელი ლაპარაკი. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, რადგან მაშინ იმ მხარეში კარგი, როგორც წესი, არაფერი ხდებოდა.
ახლა კი, როდესაც ომი თითქოს წარსულს ჩაბარდა, დასანგრევი დაინგრა და უბედურებები მინავლდა, ყველაზე ხშირად სწორედ მურმან ბაზოევი და მისი სასადილო მახსენდება. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ძველი თაობის ბრაზილიის ნაკრებისა და კიევის ”დინამოს” ქომაგებს გადავაწყდები ხოლმე.
ნეტავ, ამ ახალ წელს სად არის ძია მურმანი?

ლევან სეფისკვერაძე

0.122213