ფეხბურთი

19:20 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავამ "სპარტაკში" მშვენივრად დაიწყო

კახა კაჭარავას მშვენიერი დებიუტი ჰქონდა ცხინვალის "სპარტაკში", ვაკის სარბიელზე მისმა შეგირდებმა 3:1 სძლიეს "ვიტ ჯორჯიას" და ბოლო ადგილს თავი დააღწიეს. საერთოდ, მოსალოდნელზე კარგი თამაში ვიხილეთ "მიხეილ მესხზე" – ბევრი საგოლე მომენტი, დაძაბულობა, აზრიანი გადასვლები დაცვიდან შეტევაში და პირიქით.

უკვე მე-2 წუთზე ჰქონდა შანსი "სპარტაკს": გიორგი თექთურმანიძემ სწრაფად წაიღო ბურთი, მარცხნივ თორნიკე თუხარელს გადააწოდა, რომლის დარტყმულიც ხარიხას მოხვდა. თექთურმანიძე და თუხარელი ძალიან აქტიურობდნენ და "სპარტაკი" მეტწილად სწორედ მარცხენა ფლანგიდან ამწვავებდა შეტევებს.

ტაიმის ბოლო წუთები გამოდგა მომენტებით აღსავსე: ნიკა მგელაძის თავური მცველებმა გამოიტანეს კარის ხაზიდან, ვიტელთაგან კორიფაძის ჩაწოდებას მოჰყვა ხიფათი და ჯანელიძის დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. მე-40 წუთზე თექთურმანიძემ ბრწყინვალე დრიბლინგი განახორციელა, 3 კაცი მოატყუა და ვახტანგ ფანცხავას უნდა დაესრულებინა გოლით, თუმცა მეკარემ და მცველებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს "ვიტ ჯორჯია". მალე ისევ თექთურმანიძემ იყოჩაღა, ლამაზი პასით თუხარელი მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში შეასრიალა ბურთი და თემურ შონიამ კარს ააცილა. კიდევ, სპარტაკელთა მცველ ლევან ქურდაძის თავური და მეკარე ნიკა დაუშვილის კარგი ნახტომი გამოვარჩიოთ.

მთლიანობაში, "სპარტაკი" გაცილებით მწვავედ თამაშობდა და ეს მეორე ტაიმში დაუფასდა: 48-ე წუთზე შონიამ თავით გაიტანა, თუმცა არ ჩაითვალა – მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ დროებით გადარჩა "ვიტ ჯორჯია", რადგან ზედიზედ ორი გოლი მიიღო წუთნახევრიან მონაკვეთში:

51-ე წუთზე კახა კაკაშვილმა კარგი პასი გაუჭრა ლაშა ჩაფიძეს, ვიტელთა მარცხენა მცველი ოთარ ჯავაშვილი წაიქცა და ჩაფიძესაც გზა გაეხსნა: საჯარიმოში შესულმა ერთი მცველი მოძრაობაზე დაიჭირა და ცაციით შორეულ კუთხეში დაურტყა დაუშვილს. ბურთი ძელისგან ასხლეტით შევარდა კარში – 1:0.

მალევე, ჩაფიძემ თექთურმანიძის გრძელი პასი მიიღო, თავით შეიგდო ბურთი, პასს აკეთებდა და მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი თუხარელმა იმარჯვა და ძლიერი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.

კურიოზული მომენტიც ვიხილეთ: "სპარტაკის" სათადარიგო ფეხბურთელები ხურდებოდნენ და გოლის მისალოცად მოედანზე შეიჭრნენ, მსაჯმა გვანცელაძემ კი სათადარიგოებიდან ყველაზე აქტიურად მოზეიმე კონსტანტინე ხიზანეიშვილი გააფრთხილა. მოგვიანებით, ხიზანეიშვილი შეცვლაზე შევიდა და მატჩის ბოლო გოლიც გაიტანა...

მანამდე კი "ვიტ ჯორჯიამ" ერთი ბურთი გაქვითა და თამაში დაძაბა: 62-ე წუთი იყო, როცა ელგუჯა ლობჯანიძემ მკერდით დაუგდო ბურთი მოედანზე ახლადშესულ ნიკა მაისურაძეს, რომელმაც საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა - 2:1. შეხსენებისთვის, მაისურაძე ადრე "სპარტაკში" თამაშობდა.   

"ვიტ ჯორჯიამ" შეუტია და ეს მიუხედავად იმისა, რომ 10კაცით დარჩა: სტუმართა მარჯვენა მცველი გიორგი მჭედლიშვილი ფლანგზე ეუხეშა თუხარელს და გააძევეს. მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ მეორე ცენტრფორვარდი (ლევან კუხალეიშვილი) ჩართო თამაშში, თუმცა ამას დადებითად არ უმოქმედია.

პირიქით, ბოლოს "სპარტაკს" კარგი კონტრშეტევა გამოუვიდა, საჯარიმოში შესულმა ხიზანეიშვილმა ოდნავ მახვილი კუთხიდან არცთუ ძლიერად დაარტყა და მეკარე დაუშვილი შეცდა: ვერ შეიმაგრა ბურთი – 3:1. "სპარტაკმა" დამსახურებულად მოიგო და კახა კაჭარავაც გახარებული გახლდათ: ასეთი თამაში სპარტაკელებს ამ სეზონში ნამდვილად არ ჩაუტარებიათ.      

 

მატჩის შემდეგ:

ზურაბ ბერიძე: "მივულოცავ "სპარტაკს" ამ მოგებას. რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ, ვერ ვითამაშეთ კარგად. მეორე ტაიმის დასაწყისში მოულოდნელად განვითარდა მოვლენები. მსაჯობაზე ლაპარაკი არ მიყვარს, ისე კი, რომ გითხრათ, კმაყოფილი ვარ მათი მოქმედებებით-მეთქი, ტყუილი გამომივა".

კახა კაჭარავა: - ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს მონდომება და კონცენტრაცია. ბიჭების დიდი დამსახურებაა, რომ ეს მატჩი მოიგეს. ისინი დავაჯერე, რომ ბოლო ადგილზე ყოფნას არ იმსახურებენ და შეუძლიათ, ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსვლა.

- თექთურმანიძე, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში თითქმის არ ჩანდა, დღეს ერთ-ერთი საუკეთესო იყო. როგორ მოამზადეთ, რა დავალება მიეცით?

- თექთურმანიძე გონებაგახსნილი ფეხბურთელია. მას თბილისის "დინამოში" ვათამაშებდი და მაშინ საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა. ნდობა ბევრს ნიშნავს: ფეხბურთელი შეიძლება ააყვავო, შეიძლება სულ გაანადგურო. ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, რომ ემოციებს არ უნდა აჰყვნენ. წინ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩია.

- დღეს ძირითადის სამი ფეხბურთელიც აკლდა "სპარტაკს". კილასონია, მეტრეველი და კვეკვესკირი...

- დიახ. გუნდში ყველა ფეხბურთელს ვენდობი. ეს აუცილებელია. ნდობა უნდა იყოს. ისე კი, ორი დღე ვავარჯიშე გუნდი და ვატყობ, ამ ახალგაზრდებს კარგად თამაში შეუძლიათ. საერთოდ, ახალგაზრდებთან მუშაობა მირჩევნია. 

 

3.11. 2013. 14:00. თბილისი. "მიხეილ მესხი". 80 მაყურებელი

სპარტაკი (ცხინვალი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:1 (0:0)

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, მგელაძე, ქურდაძე, მეგრელიშვილი, შონია, კაკაშვილი, თუხარელი (კონსტანტონე ხიზანეიშვილი 74), თექთურმანიძე, ჩაფიძე (კემუხტაშვილი 85), ფანცხავა (მაქაცარია 83).

მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, მჭედლიშვილი, ადამაძე (ჩიტიშვილი 61), კასრაძე, ჯავაშვილი, დავლაშელიძე, ღიბრაძე (ნიკა მაისურაძე 57), ჯანელიძე, კორიფაძე, სიჭინავა (კუხალეიშვილი 70), ლობჯანიძე.

მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.

გოლები: 1:0 ჩაფიძე (51), 2:0 თუხარელი (52), 2:1 მაისურაძე (62), 3:1 ხიზანეიშვილი (88).

გაფრთხილება: ღიბრაძე (39), ხიზანეიშვილი (52), ადამაძე (58).

გაძევება: მჭედლიშვილი (72).

მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე.  

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 0:0

გაძევება: გიორგი გავაშელიშვილი (88, “მეტალურგი”)

 

დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ირაკლი მოდებაძე (11), 2:0 დავით ბოლქვაძე (პენ 31), 3:0 ირაკლი მოდებაძე (პენ, 95) 

 

გურია (ლანჩხუთი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვილი ისიანი (84) 

გაძევება: გიორგი პაჭკორია (59, “ზუგდიდი”) 

 

ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი) 0:0

 

ტორპედო (ქუთაისი) – ჩიხურა (საჩხერე)

4 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებულები არ არიან

მსაჯები: ჯ. ხორავა, ი. უკლება, ზ. ბერულავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

 

1      დინამო (თბ)                                                         11      8      2      1      27:9      26     
2 ჩიხურა        10 6 1 3 23:18 19
3 ტორპედო     10 5 4 1 15:17  19
4 გურია        11 6 0 5 11:14 18
5 დილა             11 5 3 3 16:11 18
6 მეტალურგი   11 5 3 3 16:15 18
7 ზესტაფონი    11 4 3 4 12:8 15
8 მერანი                    11 4 0 7 12:25 12
9 ვიტ ჯორჯია  11 3 3 5 15:17 12
10 სიონი         11 2 4 5 11:15 10
11 სპარტაკი     11 2 1 8 8:16 7
12 ზუგდიდი                                                     11           1           4           6           5:16           7

 

მეგოლეები:

9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”) 

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

 შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.345624