ინტერვიუები

9:59 | 20.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიო სეზარი: "ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია"

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონ ბრაზილიას, მუნდიალის სტარტზე ჩრდილოეთ კორეის ნაკრების (2:1) დამარცხების შემდეგ, მორიგი შეხვედრა კვირას კოტ დივუართან ელის. ნებისმიერ ტურნირზე “პენტაკამპეონების” მიმართ უდიდესი ყურადღებაა და ბუნებრივია, გამონაკლისი არც სამხრეთ აფრიკაშია. ჟურნალისტებთან მათ შეხვედრას ყოველთვის ანშლაგი ახლავს და სწორედ ასეთ ატმოსფეროში გასცა მასმედიელთა კითხვებს პასუხი სამხრეთამერიკელთა მეკარე ჟულიო სეზარმა.  

- მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად უფრო მეტი შეტევაა საჭირო, თუ თავდაცვა?
- საჭიროა - გუნდი იყო.
- უახლოეს ხანში, დიდიე დროგბასა და კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში. მათგან, ბრაზილიის ნაკრებისთვის ყველაზე მეტ საშიშროებას ვინ წარმოადგენს?
- ისინი სათამაშო სტილით განსხვავდებიან. თუმცა, ჩემი აზრით, დროგბა უფრო სახიფათოა, ვიდრე კრიშტიანუ, რადგან თავაწეული თამაშობს და ყოველთვის ხედავს სად ურტყამს. მე ორივეს წინააღმდეგ მითამაშია. თუმცა, კრიშტიანუსაც შეუძლია, მეკარეებს ბევრი თავსატეხი შეუქმნას. ეჭვი არ მეპარება, რომ ორივე რაღაცით გაგვაოცებს.
- სავარაუდოდ, თქვენს ჯგუფში ყველაფერი პორტუგალიასთან ბოლო შეხვედრაში გადაწყდება. ეს არ გადარდებთ?
- მეტოქეები ჩვენ არ შეგვირჩევია. ყველასთვის ნათელია, რომ ძლიერ ჯგუფში ვართ. თუმცა, რა ვქნათ? უნდა გამოხვიდე და გაიმარჯვო. ჩვენს წინააღმდეგ გახსნილ ფეხბურთს არავინ თამაშობს, რადგან ყველამ იცის, ეს ბრაზილიელების უძლიერესი მხარეა.  
- მსოფლიოს ჩემპიონატის პრეტენდეტები ვინ არიან?
- ამის თქმა ბევრი გუნდის შესახებ შეიძლება. თუმცა, ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია. გარდა ამისა, გერმანიაც მომწონს, ვფიქრობ, ამ ტურნირზე ფინალში შევხვდებით.
- არგენტინა დაგავიწყდათ...
- ჰო, მართლა - არგენტინაც.
- ტურნირის ოფიციალურ ბურთს - “ჯაბულანს” ბევრი აკრიტიკებს, თქვენ რას იტყვით?
- ვიცი, რომ იტალიის ნაკრების ბევრ ფეხბურთელს ეს ბურთი არ მოსწონს. თუმცა, ახლა საუბარს რა აზრი აქვს. ტურნირი უკვე დაიწყო და ყველა ამ ბურთით ვთამაშობთ. ვფიქრობ, ნორმალური ბურთია.  
- მარადონა კიდევ ერთხელ გამოვიდა პელეს წინააღმდეგ. როგორც ბრაზილიელს ფეხბურთის “მეფის” დაცვა არ გსურთ?
- მარადონამ რაც უნდა ის ილაპარაკოს. მას მხრებზე საკუთარი თავი ადგას. მე მირჩევნია ამაში არ ჩავერიო.
- არგენტინის ნაკრებზე რა აზრის ხართ?
- მას ყოველთვის პატივი უნდა სცე, განსაკუთრებით ამ შემადგენლობას. მესი, ტევესი, აგუერო – მათი შესაძლებლობები ყველამ იცის. მესი უდიდესი ფეხბურთელია, რომელმაც საკუთარი სახელი ისტორიაში უკვე ჩაწერა.   
- გონსალო იგუაინს უკვე გაბრიელ ბატისტუტას ადარებენ. ის ამას იმსახურებს?
- როდესაც ფეხბურთელს 3 გოლი გააქვს, ეს ნიშნავს, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია. ღირსია თუ არა, რომ ბატისტუტას შეადარონ, თავად იგუაინს ჰკითხეთ.
- მიმდინარე ტურნირზე რომელი მეკარე მოგწონთ?
- ბუფონის არყოფნა დანაკარგია. ის საუკეთესოა. თუმცა, გეტყვით, რომ ჩილეს ნაკრების მეკარე მომეწონა.

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.139878