გულშემატკივრის სვეტი

10:27 | 2.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზეს შურისძიების მახვილი

დღეს თითქმის მთელს საფეხბურთო სამყაროს აწუხებს ერთი კითხვა: გაათავისუფლებენ თუ არა თანამდებობიდან, ”ბარსელონასთან” ნახევარფინალში შერცხვენილი მადრიდის ”რეალის” მწვრთნელს – ჟოზე მოურინიოს... ამ კითხვაზე პასუხი ფლორენტინო პერესის თავში, ალბათ, ჯერ ისევ იხარშება, მაგრამ მოდი,  გავუსწროთ მოვლენებს, ვიწინასწარმეტყველოთ და ვთქვათ, რომ სეუ ჟოზეს გაუშვებენ! მწვრთნელების ცვლა ”რეალს” რომ ახსოვს, ეგეთი უნდა... ვინ არ გაუშვიათ და ვინ არ მოუყვანიათ, მაგრამ ეს გუნდი მაინც მუდამ მყარად იდგა ფეხზე და დაბღვერილი პორტუგალიელის გაშვებასაც რაიმენაირად გადაიტანენ (მით უმეტეს, რომ ”რეალის” მრავალი ქომაგი უკვე მოითხოვს ჟოზე მოურინიოს გუნდიდან გაგდებას), მაგრამ იქნება კი სამართლიანი და სწორი მოურინიოს გაშვება?
”მადრიდისტების” ერთი ნაწილი სეუ ჟოზეს ”რეალის” ტრადიციული სათამაშო სტილის ღალატში ადანაშაულებს, მეორენი ბრალს, თავისი მყრალი ენის გამო, სხვა მწვრთნელების მტრად გადაკიდებაში სდებენ. ნახავთ ისეთებს, მოურინიოს პორტუგალიურ წარმოშობაზე რომ აკეთებენ აქცენტს და მიაჩნიათ, რომ ჟოზე მოურინიოს, როგორც პორტუგალიელ კაცს, თვალში არ მოსდის ესპანური ფეხბურთი და ხელოვნურად ცდილობს პრიმერაში საქმის გაფუჭებას. მოკლედ, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის გარდა, ყველაფერი სეუ ჟოზეს ბრალდება და ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, თუკი პორტუგალიელი მწვრთნელი ”რეალს” სამუდამოდ გამოეთხოვება.
თქვენი აზრით, სად წავა ჟოზე მადრიდიდან? თუ სურვილზე მიდგება საქმე, მე მის იტალიაში დაბრუნებას ვისურვებდი, მაგრამ ყოველგვარი ვანგასეული წინასწარმეტყველების გარეშე ვფიქრობ, რომ მოურინიო თუ ”რეალიდან” აიბარგება, ესპანეთშივე განაგრძობს კარიერას და ასე რომ არ მოხდეს, რაღა დაგიმალოთ და ძალიან გაკვირვებული დავრჩები.
განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ძიებები არ სჭირდება მოურინიოს ხასიათში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი შტრიხის დანახვას. კერძოდ, ჟოზე მოურინიო არის ნარცისი, ზე-ამბიციური, ჯიუტი და თავისნათქვამა კაცი. ჟოზე არასოდეს შეეგუება იმას, რომ ესპანეთში მწვრთნელობის ჟამს, ოდენ ესპანეთის სამეფო თასს გამორჩა და სხვა ტიტულები ხელიდან გაუფრინდა. ახლა ”ბარსასადმი” მის ზიზღს აღარ იკითხავთ? ბოლო დროს, მოურინიო ხშირად კი აქებს პეპ გვარდიოლასაც და მის გუნდსაც, მაგრამ რა დარდ-ბალღამი ტრიალებს მის გულში – ღმერთმა იცის... თუ ”რეალიდან” დაიფრინეს, მაშინ ხომ ჟოზეს კაეშნებს  მადრიდული კლუბის ბოღმაც დაემატება და სხვაგვარად როგორ უნდა შეძლოს უჟმურმა პორტუგალიელმა ყველაზე და ყველაფერზე შურისძიება, თუკი ესპანეთში არ დარჩა?
დღეს ჟოზე მოურინიო დაცემული არწივია, რომელსაც კრიტიკოსები ყვავ-ყორანივით ჰყავს დახვეული და ახლა შეუძლებელია არ შეგეცოდოს ეს კაცი. ”პორტუდან “ მოყოლებული, თავისი ცუდი ზნისა და მწარ-მწარე ლაპარაკის სიყვარულის გამო, მოურინიოს მტრებიც ფრიად მოუმრავლდნენ, რომლებიც ჩასაფრებით ელოდნენ, როდის დაუდგებოდა მძიმე დროება მას და სწორედ ახლა გაუხსენეს ძველი თუ ახალი ცოდვები. ახლა, ბევრისათვის აღარაფერს ნიშნავს ”პორტუში”, ”ჩელსისა” და ”ინტერში” ჟოზეს მიერ მოპოვებული უამრავი ტიტული და არაერთი დიდი გამარჯვება. დღეს ჟოზეზე მხოლოდ აუგს თუ მოისმენთ და წაიკითხავთ, რისი ღირსიც ნამდვილად არ არის ადამიანი, რომელმაც ”რეალი” ვერ მომართა თავის ჭკუაზე, რაც ასე კარგად გამოსდიოდა ინგლისსა და იტალიაში, სხვა გრანდებში.
მოურინიო ნაკლებად სთხოვდა კლუბების პრეზიდენტებს პოპულარული და ძვირადღირებული ვარსკვლავების შეძენას. თავის თავზე შეყვარებულ ჟოზეს სურდა, რომ ყველა გამარჯვება საკუთრივ მის სახელთან ასოცირებულიყო და ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოგივიდეს, როდესაც ფონს ეიდურ გუდიონსენითა და გორან პანდევით გადიხარ. ”რეალში” კი ”მე მოვიგეს” არავინ გათქმევინებს, რადგან შენს განკარგულებაში სულ სხვა დონისა და კალიბრის ფეხბურთელები არიან. ჟოზე გარეგნულად ნამდვილად ჰგავს ქვასავით მაგარ და მრავალი ტკივილის ამტან კაცს, მაგრამ მისი გარეგნული იმიჯი რომ ნიღაბია, ეს ყველაზე კარგად გასულ ზაფხულს გამოჩნდა, როდესაც ყველამ ვნახეთ საოცარი კადრები, მილანიდან მადრიდში მიმავალი, მარკო მატერაციზე ჩახუტებული სეუ ჟოზე, როგორ აღვარღვარებდა ცრემლებს. და ჩვენ დავინახეთ, რომ თურმე მოურინიოც ტირის...
გაუშვებენ  თუ არა ჟოზე მოურინიოს ”რეალიდან”, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის, მაგრამ თუ ჟოზე ”რეალიდან” მართლა დაიფრინეს, არავის გაგვიკვირდეს, ეს საოცარი კაცი პირინეის მიწაზე თუკი დარჩება და სადმე ხიხონში ან პალმა დე მალიორკაზე დაიწყებს ”შურისძიების მახვილის” ლესვას. ასე ადვილად საპამპულაო ვინმე არ გეგონოთ “მოუ”...
 

 

ლევან სეფისკვერაძე

 

0.121354