მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ, რომელიც ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს ალმაცერად უყურებს, განაცხადა, რომ თავის ფეხბურთელებს ინტერნეტში მუდმივად ძრომიალი სასტიკად აუკრძალა. ჟოზეს აზრით, ფეისბუქი, ტვიტერი და ძმანი მათნი ფეხბურთელებს არა მხოლოდ ძვირფას დროს ართმევს, არამედ სრულიად აშტერებს და ამას გარდა, სააშკარაოზე გამოაქვს მობურთალთა პირადი ცხოვრება, რაც შემდგომში ათასგვარი სულელური ჭორის გავრცელების საბაბი ხდება ხოლმე.
უხიაგმა ჟოზემ ბარსელონელი ხერარდ პიკესა და შაკირას ტრფობის ისტორიაც გაიხსენა და თქვა, რომ გვარდიოლას მსგავსად, ის არასოდეს მოითმენდა იმ ათასგვარ მითქმა-მოთქმას, რაც ფეისბუქზე ხერარდისა და კოლუმბიელი მომღერლის ფოტოების გავრცელებას მოჰყვა. როგორც იცით, პიკემ შაკირასთან ერთად გადაღებული ფოტოები თავად განათავსა ფეისბუქის პროფილზე და შემდეგ ძალიან გაკვირვებული დარჩა, როდესაც ეს ფოტოები ცნობილი ევროპული ”ყვითელი” ჟურნალების გარეკანებზე იხილა. გვარდიოლას შეგირდმა თავისი გვერდიდან შემდეგ კი გააქრო ეს ფოტოები, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო.
მოკლედ, სეუ ჟოზეს სოციალური ქსელები არ ეპიტნავება და თავის შეგირდებსაც უშლის ამგვარ გართობას, თუმცა კანონების კარგად მცოდნე ჟოზე იმასაც ამბობს, რომ თავისუფალ დროს ყველა ადამიანს აქვს უფლება, როგორც სურს, ისე გაერთოს. სოციალური ქსელების მოხმარების აკრძალვით, მოურინიუს აზრით, ის მხოლოდ ეხმარება ფეხბურთელებს და არანაირად არ აპირებს კანონით მინიჭებული მათი უფლებების შეზღუდვას. არის თუ არა ფეხბურთელებისათვის სოციალური ქსელების მოხმარების აკრძალვა პორტუგალიელი მწვრთნელის მხრიდან უფლებათა დარღვევა, ეს თავად განსაჯეთ.