ინტერვიუები

14:29 | 3.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “საფეხბურთო ასპექტით ახალი წლისგან არაფერს ვითხოვ”

საშობაო დღესასწაულის შემდეგ, ესპანეთში სეზონი ქვეყნის “სამეფო თასის” მატჩებით განახლდება. მადრიდის “რეალი” მერვედფინალის პირველ მატჩს დღეს გვიან ღამით ანდალუსიის “მალაგასთან” ჩაატარებს. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართი ასპარეზობის წინ AS-ის კორესპონდენტი კასტილიელთა პორტუგალიელ მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს გაესაუბრა.
- რამდენიმე წინასაშობაო ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ სატრანსფერო ფანჯრისას “რეალი” ახალ ფეხბურთელს არ დაიმატებს. გუნდს გაძლიერება არ სჭირდება?
- მიმდინარე სეზონის მიწურულამდე შემადგენლობა უცვლელი დარჩება. “რეალი” რომელიმე მოთამაშის არც ყიდვას აპირებს და არც გასხვისებას. სეზონს იმ ფეხბურთელებით ჩავამთავრებთ, რომლებითაც დავიწყეთ. იყო საუბარი გონსალო იგუაინის გაშვებაზე, მაგრამ არც მას შეველევით. კლუბის ხელმძღვანელების წინაშე შემადგენლობის გადახალისების საკითხი არ დამისვამს. სადღეისოდ “რეალში” 21 მინდვრის მოთამაშე და მეკარეები ირიცხებიან. ამავე კონტინგენტით ჩავამთავრებთ სეზონს.
- რა რეაქცია ჰქონდათ თქვენ ფეხბურთელებს, როცა ესპანეთის “სამეფო თასის” კენჭისყრის შედეგი გაიგეს – მეოთხედფინალში “ბარსელონასთან” მოგიწევთ შებმა...
- ჯერჯერობით, მხოლოდ “მალაგასთან” ორრაუნდიან დაპირისპირებაზე ვართ მთლიანად ორიენტირებულნი. ჯერ მეოთხედფინალის ეტაპზე გასვლა უნდა გავინაღდოთ, შემდეგ სტადიაზე კი ამის მერე დავფიქრდებით. ისე, ვინ იცის, “ბარსელონას” ნაცვლად, იქნებ, სულაც “ოსასუნასთან” მოგვიწიოს დაპირისპირება.
- მალაგელებთან შეხვედრაში კარის დაცვას ადანს ანდობთ თუ იკერ კასილასს?
- საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. შემადგენლობა მატჩის დაწყებამდე სამიოდე საათით ადრე დაზუსტდება.
- თასის წინა სტადიაზე “პონფერადინასთან” ნური შაჰინს თავის გამოჩენის საშუალება მიეცით. ანდალუსიელთა წინააღმდეგ თუ დააყენებთ მას ძირითად შემადგენლობაში?
- იანვარში პრიმერა დივიზიონში 4, “სამეფო თასზე” კი 2 შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს. აქედან გამომდინარე, შემადგენლობის როტაციას აუცილებლად მივმართავ. მოთამაშეებს დასვენების საშუალებაც მიეცემათ და ასპარეზობისაც. ასე რომ, შაჰინსაც ექნება საკუთარი საფეხბურთო უნარის გამოვლენის საშუალება. ჩემი მიზანი მატჩების მოგებაა და აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ მატჩზე შეირჩევა შემადგენლობა და ცვლილებებიც სათანადო გაკეთდება.
- ხოსე კალიეხონით კმაყოფილი ხართ?
- მან გარკვეული საფეხბურთო წლები მადრიდის “რეალის” მიღმა გაატარა და ამჟამად, ამ დანაკლისის ანაზღაურებას ცდილობს. თუკი რომელიმე ფეხბურთელი მინდორზე გატარებული 10 წუთით უკმაყოფილოა, კალიეხონისთვის ეს დრო ლამის საოცნებოა. ხოსე შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას ცდილობს. ვფიქრობ, იგი კარგა ხნის განმავლობაში იქნება “რეალის” სრულუფლებიანი წევრი.
- რიკარდუ კარვალიუმ სპორტული ფორმა აღიდგინა?
- ჩემმა თანამემემულემ ტრავმა სრულად მოიშუშა, თუმცა, ოთხთვიანი უქმობის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში უმტკივნეულოდ დაბრუნება იოლი სქმე არაა. ყოველმხრივ ვცდილობთ, რიკარდუს რეაბილიტაციის პროცესი შეძლებისდაგვარად სწრაფად წარიმართოს. ახლა მას ფსიქოლოგიური თანადგომა სჭირდება დამრიგებლებისა და თანაგულდელთაგან. დარწმუნებული ვარ, როდესაც “რეალს” კარვალიუ დასჭირდება, იგი სრულფასოვან მზადყოფნაშიც იქნება და სათანადო დახმარებასაც გაგვიწევს.
- პრიმერა დივიზიონის მატჩში “მალაგას” 4:0 სძლიეთ. სათასო პაექრობისას ასპარეზობის ანალოგიური სცენარით წარმართვას ხომ არ ელით?
- გემახსოვრებათ, მალაგაში პირველივე ტაიმში გავიტანეთ ოთხივე გოლი და ასპარეზობის ბედიც საწყის 45 წუთში გაირკვა. ამჯერად 180-წუთიან რთულ დაპირისპირებას ველი. ჩვენი მოწინააღმდეგე თავს არ დაზოგავს საბოლოო წარმატების მისაღწევად და მცირედი შანსის სათავისოდ გამოყენებას შეეცდება.
- 2012 წლისგან რას ელით და ითხოვთ?
- საფეხბურთო ასპექტით, ახალი წლისგან არაფერს ვითხოვ. მთელ საფეხბურთო სამყაროს კი ჯანმრთელობას ვუსურვებ.  
 

მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 
 

0.126139