დღეს ბილბაოს “სან მამესზე” მადრიდის “რეალს” ჩემპიონობის განაღდების შანსი აქვს. კასტილიელთა პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კი ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონს უკვე წარმატებულად მიიჩნევს და სამომავლოდ გუნდის შემადგენლობის ცვლილებას არ აპირებს.
- ბილბაოელი გულშემატკივრები მატჩის დასრულებამდე აპირებენ ტრიბუნების დატოვებას, რათა “რეალის” საჩემპიონო ზეიმს არ დაესწრონ...
- მე მომწონს “სან მამესზე” თამაში. ეს ნამდვილი საფეხბურთო სტადიონია, ბასკი ქომაგები კი საკუთარ გუნდს აქტიურად უჭერენ მხარს. ბილბაოში ასპარეზობა ნებისმიერი სტუმარი გუნდისთვის რთულია, ამასთან საინტერესო. ტრიბუნები ხომ ფეხბურთით სუნთქავენ. ბოლოხანს ჩვენც და “ატლეტიკიც” კარგ ფეხბურთს უჩვენებენ მაყურებელს, ორივე გუნდიც მშვენიერ ფორმაშია, ასე რომ, მეტად საინტერესო ასპარეზობა გველის.
- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა მეოთხე ეროვნული ჩემპიონატი მოიგეთ?
- ჯერჯერობით ესპანეთის პრიმერა დივიზიონი არ მომიგია, ისე კი მიზანთან ძალიან ახლოს ვართ და საბოლოო წარმატების რწმენაც გვაქვს. მალე ოფიციალურად ლა ლიგის პირველობას გავიფორმებთ, პირადა მე კი დარწმუნებული ვარ, რომ საჩემპიონო ტიტულებს სამომავლოდაც დავეუფლები. პორტუგალიაში გამარჯვების შემდეგ, ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის პირველობების მოგება დავისახე მიზნად. ძალიან ახლოს ვარ ამ ამოცანის გადაჭრასთან და როდესაც პრიმერა დივიზიონის ჩემპიონიც გავხდები, სრული უფლება მექნება განვაცხადო, რომ ბედნიერი მწვრთნელი ვარ.
- მართალია, თითქოს კლუბის ხელმძღვანელების წინაშე საფეხბურთო დირექტორის ზინედინ ზიდანის გათავისუფლების საკითხი დააყენეთ?
- სიცრუეა. ზიდანის გაშვება არავის უფიქრია. პრესის მეშვეობით ეს ამბავი ცოტა ხნის წინათ გახმაურდა, მადრიდის “რეალი” კი უსაფუძვლო ჭორების უარყოფას არ აკეთებს. ჩვენი მისამართით დაწერილ უხვად გავრცელებულ დეზინფორმაციებს რომ ავყვეთ, მათი უარყოფის გარდა, დრო სხვა საქმეზე აღარ დაგვრჩება.
- გუნდის ძირითადი ბირთვი მომავალ სეზონში შენარჩუნდება?
- დიახ. დიდი სურვილი მაქვს, დღევანდელი შემადგენლობიდან ყველა დავიტოვო. კარგად ჩატარებული სეზონი თითოეული მოთამაშის დამსახურებაა. ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ერთობლივი მუშაობით შევძელით გულშემატკივრის გახარება. მადრიდის “რეალში” 4 თანაშემწესთან ერთად მოვედი, რომელთაც ლამის ჩემი ოჯახის წევრებად ვთვლი. ამ 4 ადამიანს მეხუთე, აიტორ კარანკა დაემატა. როდესაც “სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლას დავაპირებ, კლუბის უფროსობას ჩემ შემცვლელად სწორედ კარანკას დანიშვნას ვთხოვ და ვურჩევ. თუკი აიტორი “რეალის” დამრიგებლად არ დაინიშნება, ჩემ შტაბში გააგრძელებს საქმიანობას.
- ხოსეპ გვარდიოლას “ბარსელონას” მთავარმწვრთნელობიდან წასვლის თაობაზე რას გვეტყოდით?
- სხვების გადაწყვეტილების კომენტირება ჩემი სტილი არაა. როდესაც რომელიმე კლუბის მთავარ მწვრთნელს დაუმსახურებლად ითხოვენ, მისმა კოლეგებმა ხმა უნდა ავიმაღლოთ და ხანდახან ამას ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ გვარდიოლას შემთხვევა განსხვავებულია. მან გადაწყვეტილება მიიღო და თავად უკეთ იცის, რა, როდის და რატომ უნდა მოიმოქმედოს. მთავარია, პეპი ბედნიერი იყოს, მის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით კი არც ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს და არც სინანულის გრძნობა გამჩენია. უკვე 12 წელიწადია, რაც მთავარ მწვრთნელად ვმუშაობ და კარგად ვიცი, საფეხბურთო დამრიგებელი როგორი გამოფიტული, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გადაღლილია სეზონის მიწურულს. შესაძლოა, გვარდიოლას ამგვარი გადაწყვეტილება წლის სხვა დროს არც კი მიეღო.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ