მადრიდის “რეალი” ამჟამად ლოს ანჯელესში იმყოფება, სადაც კასტილიელთა პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 2011-12 წლების სეზონის პირველი ინტერვიუ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მისცა.
- როგორ ჩაიარა არდადეგებმა?
- ხანმოკლე შვებულება მქონდა. 15 წყნარი და ბედნიერი დღე გავატარე.
- მომავალი სეზონი მადრიდის “რეალისთვის” იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ახალი საკლუბო სტრუქტურა ყალიბდება...
- ნებისმიერი სეზონი თავისებურადაა მეტად მნიშვნელოვანი. კლუბის სტრუქტურა კი იმადაა შექმნილი, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. სტრუქტურა პერიოდულად გასაახლებელია. მადრიდის “რეალის” ყველა წევრის ნაყოფიერი თანამშრომლობა სახელოვანი კლუბის მომავალი წარმატებების გარანტიაა.
- საქმეს ისეთი პირი უჩანს, ზინედინ ზიდანის ფიგურა სულ უფრო და უფრო წონადი ხდება...
- ძალიან მიხარია, ზიზუ ჩვენთან ერთად რომ მუშაობს. იგი ნებაყოფლობით ჩაერთო ჩაფიქრებული პროექტის რეალიზებაში. მას სჯერა “რეალის” და იმაშიც დარწმუნებულია, კლუბისთვის სარგებლობის მოტანა რომ შეუძლია. მართალია, მაღალი კლასის ფეხბურთელი კარგი ფუნქციონერი ხშირად არ გამოდის, მაგრამ ზიდანი სხვა შემთხვევაა – მისი ჭკუა, სიმშვიდე და ყველასთან თანამშრომლობისთვის მყადყოფნა ზინედინს “რეალისთვის” უმნიშვნელოვანეს ჩინოვნიკად აქცევს. პირადად მე, მასთან ერთობლივად მუშაობის პერსპექტივა მხიბლავს.
- ამ ზაფხულს განხორციელებული ტრანსფერებით კმაყოფილი ხართ?
- მადრიდის “რეალისთვის” ფეხბურთელის შეძენა ურთულესი საქმეა, რადგანაც ძლიერი შემადგენლობა გვყავს და შარშან როგორც ფეხბურთელებს, ასევე მთლიანობაში გუნდს პროგრესი ჰქონდათ. ესპანეთის თასი მოვიპოვეთ, მაგრამ მხოლოდ ერთი ტიტული არ გვაკმაყოფილებს. ჩვენი მიზანია გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება და უახლოესი წლების განმავლობაში სტაბილური, შედეგზე და ლამაზ თამაშზე ორიენტირებული კოლექტივის შექმნა. კოენტრაუ 23 წლისაა, კალიეხონი ერთი წლით უმცროსი, შახინი მათზე კიდევ უფრო ახალგაზრდაა, ვარანი კი სულაც 18 წლისაა. სამომავლოდაც კვლავაც ახალგაზრდა მოთამაშეების აყვანაზე ვიქნებით ორიენტირებულნი. ჩემი აზრით, წლეულს ზაფხულში ის მოთამაშეები დავიმატეთ, რომლებიც კარგად შეერწყმებიან გუნდში მყოფ ფეხბურთელებს და მრავალი წლის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშს შეძლებენ.
- ბოლოს და ბოლოს, შეძელით თქვენთვის სასურველი შემადგენლობის ჩამოყალიბება?
- ამ მხრივ კმაყოფილი ვარ. გუნდი შეიკრიბა, შემადგენლობას თვალი კიდევ ერტხელ გადავავლე და მივხვდი, სწორ გზას რომ ვადგავართ. თანაც, გაითვალისწინეთ, 2 საკვანძო მოთამაშე, გონსალო იგუაინი და ანხელ დი მარია გვაკლია. ჩემი აზრით, გუნდი 90 პროცენტითაა დაკომპლექტებული. ერთი მაღალი კლასის თავდამსხმელის დამატება არ გვაწყენდა. თუ ეს არ მოხერხდა, არც ამით დაშავდება ბევრი რამ. “რეალის” ამჟამინდელი შემადგენლობა ათწლიან პერსპექტივაზეა გათვლილი.
- კარგა ხნის განმავლობაში პრესის წარმომადგენლებს არ ესაუბრებოდით. რით იყო გამოწვეული ეს ტაიმ-აუტი?
- საამისო აუცილებლობას ვერ ვხედავდი. მითუმეტეს, რამდენჯერაც ჟურნალისტებს გავესაუბრე, იმდენჯერ სუსხიანი კრიტიკის ობიექტი გავხდი.
- 17 აგვისტოს ესპანეთის სუპერთასზე “ბარსელონასთან” მოგიწევთ შებმა. უკვე ფიქრობთ ამ შეხვედრაზე?
- არა. წინასასეზონო მზადება გვაქვს და არა სასუპერთასო. ქვეყნის სუპერთასს რაც შეეხება, მასზე ფიქრს აგვისტოს მეორე კვირის დასაწყისიდან შევუდგებით. სადღეისოდ ფეხბურთელების სათანადო ფორმის მიღწევაზე ვზრუნავთ, კონკრეტული მატჩებისთვის მზადების პერიოდი კი ჯერ არ დამდგარა.
- მადრიდის “რეალის” უმთავრესი სამიზნე ჩემპიონთა ლიგის თასია. არადა, ამ ტურნირის პირველი მატჩების ცქერა ტრიბუნიდან მოგიწევთ. 28 ივლისს ნიონში ხართ დაბარებული. შეძლებთ საკუთარი პოზიცისს დაცვას?
- უეფას ჩინოსნების პირისპირ ყოფნისას ენაწყლიანობას არ ვაპირებ. ვიმედოვნებ, მართლმსაჯულება ობიექტური იქნება და “რეალის” უშუალო ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების პირველივე მატჩიდან შემეძლება. თუკი ასე არ მოხდა, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი მასზე დაკისრებულ ამოცანას თავს პირნათლად გაართმევს.
- მომავალ სეზონში “რეალს” რა მიზანს დაუსახავთ?
- ჩვენი მიზანია, გულშემატკივარი ამაყობდეს საყვარელი გუნდით. მე მგონი, წინა სეზონში ეს შევძელით, მომავალი აგვისტოდან კი კიდევ უფრო მაღალ დონეზე გასვლას შევეცდებით.
გოჩა კაჭარავა