ინტერვიუები

15:43 | 20.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “ნამდვილი” ჩემპიონთა ლიგა გვეწყება”

აგერ უკვე 9 წელია, ჟოზე მოურინიოს სადამრიგებლო გუნდები “პორტო”, “ჩელსი”, “ინტერი” და “რეალი” საკუთარი ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატებში საკუთარ მინდორზე არ მარცხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ “განსაკუთრებული მწვრთნელის” დამოძღვრილი გუნდები სათასო პაექრობებში მშობლიურ არენებზე დამარცხებულან, სეუ ჟოზეს მიღწევა მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება. ძნელი წარმოსადგენი იყო, მოურინიოს რეკორდის შეფერხებას გუშინ “ლევანტე” რომ შეძლებდა. როდესაც ასპარეზობის მე-7 წუთზე, კარიმ ბენზემამ ანგარიში გახსნა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მორიგი გამარჯვების და 3 ქულის მოპოვებისა არავის ეეჭვებოდა. საქმე ისაა, რომ მიმდინარე პრიმერა დივიზიონში, ლევანტელებს გასვლით შეხვედრაში გოლზე მეტი არ გაუტანიათ. ჯერ კიდევ შესვენებამდე, რიკარდუ კარვალიუმ ანგარიში ორამდე გაზარდა და მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდის “რეალი” პირინელთა უმთავრესი საკლუბო ტურნირის საამსეზონო გათამაშებაში ერთადერთ გუნდად დარჩა, რომელმაც ყველა საშინაო პაექრობაში იმარჯვა. ჟოზე მოურინიოს რაც შეეხება, მან უპრეცენდენტო წაუგებელი სერია 148 მატჩამდე გაზარდა. ასპარეზობის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ინტერვიუ გამოცემა  AS-ს მისცა.

- თქვენმა გუნდმა საშინაო მატჩი ბოლოს 2002 წელს წააგო. ის მატჩი თუ გახსოვთ?
- როგორ არა. მაშინ “პორტუში” ვმუშაობდი. "ბეირა მართან" მსაჯმა 10 კაცის ამარა დაგვტოვა, ჩვენ გავრისკეთ, წინ წავედით და დავმარცხდით. ისე კი, ამგვარი რეკორდები არ მაღელვებს. მთავარი გუნდის საბოლოო შედეგია.
- კრიშტიანუ რონალდუ ზედიზედ 11 მატჩია, რაც შეუცვლელად თამაშობს. თქვენს თანამემამულეს არ დაასვენებთ?
- საამისო აუცილებლობას ვერ ვხედავ. თუკი საჭირო გახდა, რონალდუს ცოტა ხნით სათადარიგოთა სკამზეც დავსვამ. 
- ბოლო მატჩებში სერხიო რამოსს არ ათამაშებდით და გაზეთებში დაიწერა, რომ მას სათადარიგო ფეხბურთელად თვლით, “ლევანტესთან” კი სრულად ათამაშეთ...
- სერხიო სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად არასდროს ჩამითვლია. ამჟამად, ჩემს განკარგულებაში 4 სრულფასოვანი ცენტრალური მცველია, ამიტომაც არაა გასაკვირი, თუკი რომელიმეს დასვენება მოუწევს. სერხიო რამოსს ყოველთვის ძირითადის მოთამაშედ ვთვლიდი.
- მალე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ლიონთან” მოგიწევთ შებმა. რას ფიქრობთ მომავალ დაპირისპირებასა და ფრანგულ კლუბზე?
- ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე კარგი გუნდია. ლიონელები ფეხბურთელებს და მწვრთნელებს იცვლიან, თუმცა, მათი სათამაშო პრინციპები და ფილოსოფია უცვლელი რჩება. რთული მატჩები გველის, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენთან შედარებით, “ლიონს” უფრო გაუჭირდება.
- სეზონის დასრულებამდე 100 დღე დარჩა. მაისამდე სამწვრთნელო კარიერის ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პერიოდი გელით?
- იწყება პერიოდი, რომელსაც პირობითად “ნამდვილ” ჩემპიონთა ლიგას დავარქმევდი.
- პედრო ლეონი “ჩელსიში” იჯარით რატომ არ გაუშვით?
- თუკი რომელიმე ფეხბურთელი იჯარით სხვა კლუბში მიდის, ახალ გუნდში იგი ძირითადის მოთამაშე უნდა იყოს. თუკი ფეხბურთელს სხვაგან მხოლოდ შეცვლებზე გამოსვლა და შედარებით იოლი საფეხბურთო ცხოვრება სურს, პირადად ჩემთვის ეს დაუშვებელია. არ მქონდა გარანტია, კარლო ანჩელოტი პედრო ლეონს სასტარტოში რომ “ჩასვამდა”, ამიტომაც დავიტოვეთ.


გოჩა კაჭარავა


 

0.103806