მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინტერვიუ მისცა ინგლისურ BBC Five-ს. ბრიტანელი ჟურნალისტებისა და პორტუგალიელი სპეციალისტის არაორდინალური ხასიათის გამო გამოცემის წარმომადგენლისა და კასტილიელთა დამრიგებლის კითხვა-პასუხი ჩვენი ვებგვერდის მკითხველისთვისაც საინტერესო წასაკითხია.
- როგორ გირჩევნიათ, მწვრთნელად მოგიხსენიოთ თუ მენეჯერად?
- გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. სხვადასხვა ქვეყნებში მიმუშავია და ფეხბურთელები ყოველთვის სხვადასხვანაირად მომმართავდნენ. მაგალითად, პორტუგალიაში “მისტერს” მეძახდნენ, შემდეგ იყო “გოვ” (governor-მთავარი მმართველი), “ბოსი”, “კოუჩი” და უბრალოდ ჟოზე.
- თქვენ ყველაზე მეტად რომელი მიმართვა გსიამოვნებთ?
- “გოვს” ავირჩევდი. პირველად ასე დემიენ დაფმა მომმართა. თავიდან ყურადღება არცკი მიმიქცევია, შემდეგ კი დავფიქრდი და მივხვდი, რა მნიშვნელობა იმალება ამ სიტყვაში. ფრენკ ლამპარდი და ჯონ ტერი დღემდე “ბოსს” მიწოდებენ. ისე კი, მთავარი ადამიანური და პროფესიული ურთიერთობაა და არა ის, როგორ მოგმართავენ მოთამაშეები. ყველა მწვრთნელს ვურჩევ წაიკითხოს კალიფორნიის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის დამრიგებლის ჯონ ვუდენის წიგნი. მასში, პირადად მე, ბევრი საყურადღებო რამ წავიკითხე. ვუდენს განსაკუთრებით კარგად ადამიანის ფსიქიკა და მწვრთნელ-შეგირდის დამოკიდებულება აქვს ახსნილი.
- სერ ალექს ფერგიუსონს პატივს სცემთ?
- რასაკვირველია. არასდროს დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა. ჩემპიონთა ლიგის მატჩში “პორტუმ” “მანჩესტერ იუნაიტედს” მოუგო, ასპარეზობის დასრულების შემდეგ კი ფერგიუსონი და გარი ნევილი ჩვენ გასახდელში მოვიდნენ. მაშინ შოტლანდიელმა სპეციალისტმა ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტზე მიმანიშნა – როდესაც მეტოქე კონკრეტულ მატჩში უკეთ ითამაშებს და დაგამარცხებს, მისდამი პატივისცემით უნდა აღიჭურვო და წარმატება გულითადად მიულოცო. ასე მოვიქეცი შარშან, როდესაც 2 მატჩის ჯამში მიუნხენის “ბაიერნმა” გვძლია. ფერგიუსონს თუ დავუბრუნდებით, სერ ალექსს ბრიტანეთის ყველა დროის საუკეთესო მენეჯერად ვთვლი.
- “ჩელსიში” დაბრუნების სურვილი თუ გაქვთ?
- სადაც მელიან და კარგ სამუშაო პირობებს მთავაზობენ, ყველგან წავალ. თუმცა, უახლოესი სეზონების განმავლობაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” ვიმუშავებ. მადრიდში კონტრაქტი გავახანგრძლივე და “რეალიდან” აბარგებას არ ვაპირებ. ამასთან, კასტილიიდან წასვლის დროც დადგება და არასდროს დამიმალავს, რომ ოდესმე ინგლისურ პრემიერლიგაში დავბრუნდები.
- რა გრძნობა დაგეუფლათ გასული სეზონის დასრულების შემდეგ, როდესაც პრიმერა დივიზიონის ფინიშზე “ბარსელონას” საჩემპიონო წოდება ჩამოართვით?
- ლა ლიგა 9 ქულიანი უპირატესობით მოვიგეთ, “ბარსამ” 91 ქულა დააგროვა, ჩვენ კი 100 ქულიან ზღვარს ვუწიეთ. რეკორდი მოვხსენით და ამან ძალიან გამახარა.
- სამწვრთნელო ასპარეზზე ბევრს მიაღწიეთ. რა განიჭებთ ახალ მოტივაციას?
- კლუბი. როდესაც ახალ გუნდში მივდივარ სამუშაოდ, მის მაისურს ვიზომავ და ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ეს ჩემი პირველი და ამასთანავე უკანასკნელი სამუშაო ადგილია. ყოველთვის ვცდილობ, გულშემატკივრების სულში ჩავიხედო და მათ განწყობას ჩავწვდე. თანაც, იმ გუნდების ქომაგი ვხვდები, რომელთა მთავარი მწვრთნელი ვარ. ასე წარმატების მიღწევა გაცილებით მიადვილდება.
- კლუბების ხელმძღვანელებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გაქვთ?
- უფროსობასთან პრობლემები არასდროს შემქმნია. “ჩელსიში” დარჩენა თავად არ ვისურვე. კლუბი არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, რაშიც ყველა ჩემი წასვლის შემდეგ დარწმუნდა. რომან აბრამოვიჩთან ახლაც ვმეგობრობ.
- მადრიდის “რეალთან” ხელშეკრულება 2016 წლამდე გაახანგრძლივეთ. რა იმედით უმზერთ უახლოეს სეზონებს?
- თავდაპირველად, “ბარსელონასთვის” საჩემპიონო ტიტულის ჩამორთმევა დავისახე მიზნად და ეს ამოცანა წარმატებით გადავჭერით. მხოლოდ ერთ გამარჯვებას არ დავჯერდებით. “რეალი” მეოცე საუკუნის უძლიერეს საფეხბურთო კლუბად დაასახელეს, ჩვენ გვინდა “ბლანკოსი” XXI საუკუნეშიც საუკეთესოდ ვაქციოთ.
- ამბობენ, “რეალის” სათამაშო სტილი “ბარსელონასაზე” ნაკლებად მიმზიდველია...
- ბურთის 80 პროცენტიანი ფლობა ჩემი გუნდების მანერა არაა, მაგრამ არ მგონია, ჩემი გუნდების სათამაშო სტილი რომელიმე კლუბის საასპარეზო ნირთან შედარებით უფრო ფერმკრთალი იყოს.
- პორტუგალიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნის სურვილი არ გაქვთ?
- ჯერჯერობით საკლუბო დონეზე მუშაობა უფრო მხიბლავს, რადგან ნაკრებში ყოველწლიურად 10 მატჩს ატარებ, კლუბში კი 60-ს. ისე კი, ეროვნულ გუნდთან მუშაობა საამაყოა და საამისო დროც დამიდგება.
გოჩა კაჭარავა