მადრიდის “რეალისთვის” სეზონი გადამწყვეტ სტადიაშია შესული. დღეს საღამოს, კასტილური გრანდი ლონდონის “უაით ჰართ ლეინზე”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზურს გაინაღდებს, შემდეგ კი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, ქვეყნის “სამეფო თასსა” და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში “ბარსელონას” დაუპირისპირდება. საფეხბურთო სამყარო ამ მატჩების მოლოდინითაა, “სამეფო კლუბის” პორტუგალიელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო კი აცხადებს, ჯერჯერობით მხოლოდ “ტოტენჰემთან” შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებულიო. ინგლისელმა ჟურნალისტებმა მოურინიოს თავისი ყოფილი გუნდის, “ინტერის” თაობაზეც ჰკითხეს, პასუხად კი სეუ ჟოზემ “ნერაძურის” რაულის “შალკესთან” მატჩში წარმატება უსურვა.
- “რეალის” რამდენიმე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აქვს მიღებული. თავის დაზღვევის მიზნით, მათ “ტოტენჰემთან” განმეორებით სამეოთხედფინალო შეხვედრაში ხომ არ დაასვენებდით?
- შემადგენლობა და ტაქტიკური მონახაზი არასდროს განმისაზღვრავს მიღებული გაფრთხილებებით. თქვენ კითხვაში ანხელ დი მარიას, რაულ ალბიოლს, სერხიო რამოსს, რიკარდუ კარვალიუსა და კრიშტიანუ რონალდუს გულისხმობდით. ისინი ლონდონშიც ითამაშებენ. მართალია, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ხელსაყრელი ანგარიშით ვიმარჯვეთ, მაგრამ ჯერ ერთი, მოწინააღმდეგეს და მის გულშემატკივრებს პატივი უნდა სცე და მეორე – სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ინგლისური კლუბები საკუთარ მინდორზე საშიში მოწინააღმდეგეები არიან, ამასთან “ტოტენჰემს” გამოცდილი და ცბიერი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ჰყავს, რომლისგანაც უსიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი. ნაღდად არ მგონია, რომ ჩრდილოლონდონელები ხუთ გოლს გაგვიტანენ, მაგრამ თავდადებით რომ ითამაშებენ, უეჭველია. ჩვენთვის უმთავრესი ნახევარფინალში გაღწევაა, თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, “უაით ჰართ ლეინზე” მოსაგებად რომ არ გავალთ.
- მითუმეტეს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “რეალს” მშვენიერი სტატისტიკური მაჩვენებელი აქვს – “სამეფო კლუბმა” ცხრა შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა, რომელთაგან შვიდში იმარჯვა...
- თუკი ლონდონშიც მოვიგებთ და სანახაობრივ თამაშს შევთავაზებთ მაყურებელს, ამას რა აჯობებს! ეს ნახევარფინალში კიდევ უფრო მეტ მოტივაციას შეგვძენს.
- ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩს შაბათს ჩასატარებელ “კლასიკოსთვის” მოსამზადებელ ეტაპად ხომ არ მიიჩნევთ?
- “ბარსელონასთან” დაპირისპირებაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია. რამდენი ხანია, “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ გასულა, ამიტომაც ჯერჯერობით, “ტოტენჰემთან” შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი. როდესაც სამეოთხედფინალო ბარიერს დავძლევთ, კატალონიელიელების წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩის გეგმას დავსახავთ.
- შარშან მილანის “ინტერს” ედექით სათავეში და ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგეთ. “სან სიროდან” თქვენი წასვლის შემდეგ “ნერაძურის” არ ულხინს. “ინტერი” საკუთარ მინდორზე სასტიკად დამარცხდა გელზენკირხენის “შალკესთან” და განმეორებითი სამეოთხედფინალო მატჩის წინ, მომდევნო ეტაპზე გასვლის პრაქტიკული შანში არ აქვს...
- პირდაპირ გეტყვით, “ინტერი” ამჟამად რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მე ვიცი ამ კლუბის ხასიათი. თანაც, კლუბი ამბიციურია და მტკიცე ხასიათიც აქვს. ამის გამო, “ინტერისგან” ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი. ჩემპიონთა ლიგაში გასვლითი შეხვედრის, მით უმეტეს, დიდი ანგარიშით მოგება, ერთი შეხედვით შეუძლებელია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მით უმეტეს, როცა საქმე “ინტერთან” გვაქვს. პირადად მე, “ნერაძურის” მოგებას ვუსურვებ.
გოჩა კაჭარავა