ინტერვიუები

19:32 | 10.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “გვარდიოლამ აღიარება სავსებით დაიმსახურა”

ჟოზე მოურინიო ციურიხში ფიფას მიერ ჩატარებულ გალაწარმოდგენას საპატიო მიზეზის გამო ვერ დაესწრო. მადრიდის “რეალი” დღეს გვიან ღამით ესპანეთის “სამეფო თასის” განმეორებით შეხვედრას ჩაატარებს მალაგაში (პირველი მატჩი კასტილიელებმა 3:2 მოიგეს) და მომდევნო სტადიაზე გასვლას შეეცდება. მადრიდელთა პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ წინასამატჩოდ ინტერვიუ მისცა ესპანელ ჟურნალისტებს და მათ დიალოგს ჩვენი ვებგვერდის მკითხველსაც ვთავაზობთ.

- გული არ დაგწყდათ, ფიფას მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალს რომ ვერ დაესწარით?
- რასაკვირველია სამწუხაროა, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა რომ ვერ მივიღეთ. ამას ჩემი და კრიშტიანუ რონალდუს სახელით ვაცხადებ. საუკეთესოთა სამეულში დასახელება უდიდესი პატივია. 2010 წელს პრიზს ვიმსახურებდი, რადგანაც მილანის “ინტერთან” ერთად სამი ტიტული მოვიხვეჭე, წლეულს კი უძლიერესი დამრიგებლის წოდება ნამდვილად არ მეკუთვნოდა. ხსენებული ჯილდო რომ მიიღო, გუნდს ჩემპიონთა ლიგის თასი ან რომელიმე წამყვანი ევროპული ქვეყნის ეროვნული პირველობა უნდა მოაგებინო, მე კი მადრიდის “რეალთან” ერთად მხოლოდ ესპანეთის “სამეფო თასი” მოვიპოვე. დარწმუნებული გახლდით, რომ საუკეთესოდ არავინ მცნობდა. ამის მიუხედავადაც კი ციურიხში ჩასვლის და გამარჯვებულისთვის მილოცვა გულით მეწადა. ხოსეპ გვარდიოლამ კიდევ ერთი აღიარება სავსებით დაიმსახურა.
- მას შემდეგ, რაც თქვენმა უშუალო კონკურენტმა “ბარსელონამ” თანაქალაქელ “ესპანიოლთან” ფრედ დაასრულა პრიმერა დივიზიონის 17-ე ტურის მატჩი, თქვენ გუნდსა და კამპ ნოუელებს შორის ქულათა სხვაობამ ხუთს მიაღწია. ხომ არ თვლით, რომ ეს ფაქტი “რეალის” საჩემპიონო ამბიციას უფრო ხელშესახებს ხდის?
- ლა ლიგას ბოლო ტურის შემდეგ არ ვფიქრობ, რომ ამოცანა უფრო გაგვიადვილდა. ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ჩატარებულ 2 მატჩში, “ლევანტესა” და “რასინგთან”, ჩვენც ხომ დავკარგეთ 5 ქულა, ასე რომ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და უმთავრესი ბატალიები წინ გველის.
- როგორ ფორმაშია კრიშტიანუ რონალდუ?
- პორტუგალიელი ბრწყინვალე სპორტულ ფორმაშია. ჩემი აზრით, მისთვის უმჯობესია უფრო მეტი ემოციით ის გოლები აღნიშნოს, რომლებსაც “რეალისთვის” გამარჯვება მოაქვთ და არა ასპარეზობის 90-ე წუთზე გატანილი მეხუთე ბურთი იზეიმოს ზღვარგადასული სიხარულით. მიხარია, ბოლო დროს რონალდუ ასე რომ იქცევა. გეხსომებათ, როგორ გაუხარდა მას “გრანადას” კარში გატანილი საწყისი 4 გოლი, თავის ბურთზე კი ემოცია თითქმის არ გამოუხატავს. კრიშტიანუს ამგვარი მიდგომა მომწონს და მახარებს. ზოგიერთ გულშემატკივარს ეს არ მოეწონა და განაცხადა, პორტუგალიელმა თამაშის ხალისი დაკარგაო. ამგვარ შეფასებას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. გამოდის, ყველაზე მეტად გასაკრიტიკებელი მე ვარ – არც ერთ გოლზე სკამიდან არც კი წამოვდექი. კრიშტიანუს მიმდინარე პრიმერაში უკვე 21 გოლი აქვს გატანილი. 17 ტურში ეს ფენომენალური მაჩვენებელია. ყველა ბურთი მან ემოციურად რომ აღნიშნოს, ვფიქრობ, მარტო ეს დაღლის.
- არ გაშფოთებთ, ბოლო 2 მატჩში “მალაგასა” და “გრანადასთან” “რეალმა” 3 გოლი მცველების უხეში შეცდომების შედეგად რომ გაუშვა?
- მადრიდში ჩამოსვლამდე ჩემ მიერ გაწვრთნილ გუნდებს, როგორც წესი, ერთადერთი გოლი გაჰქონდათ და ეს შეხვედრის მოსაგებად საკმარისი იყო ხოლმე. გუნდებს დაცვაში აწყობილად ვათამაშებდი და მინიმალური სხვაობით მოგება სავსებით მაკმაყოფილებდა. მაშინ ლამის ყველა ერთხმად გაიძახოდა, მოურინიოს მხოლოდ შედეგი აინტერესებს და დაცვითი ფეხბურთის მოტრფიალეაო. ამჟამად გუნდში “ოქროს ბუცის” ლაურეატი მყავს, “რეალი” პრიმერა დივიზიონში ერთი სეზონის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდს უმიზნებს და ამ დროს მაკრიტიკებენ, ბევრს უშვებთო. თანაც, გადახედეთ ლა ლიგას სატურნირო ცხრილს – ჩვენზე ნაკლები გოლი მხოლოდ “ბარსელონას” აქვს გაშვებული. დავუბრუნდეთ “მალაგასა” და “გრანადას” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებს. ამ შეხვედრებში 8 ბურთი გავიტანეთ. რა ცუდი შედეგია? მეც მერჩივნა ორივე შეხვედრა 5:0 მოგვეგო, მაგრამ მეტოქეებიც ხომ გულხელდაკრეფილები არ გვიპირისპირდებიან. ვფიქრობ, “რეალი” სახაობრივ თამაშს უჩვენებს მაყურებელს, რომელსაც გოლების სიუხვე ახარებს.
- გასულ სეზონში “რეალმა” ესპანეთის “სამეფო თასი” მოიპოვა, “ბარსელონასთან” შექმნილი ქულათა მარაგის გათვალისწინებით, წლეულს თქვენი უმთავრესი სამიზნე ჩემპიონობაა?
- მიმდინარე სეზონში ჩვენთვის ლა ლიგაზე გამარჯვება გაცილებით უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თასის კიდევ ერთხელ მოგება. შარშან განსხვავებული სიტუაცია გახლდათ. “რეალს” ეროვნული თასი კარგა ხნის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული და ამ ტურნირის მატჩებს განსაკუთრებულად ვუდგებოდით. ამით იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ მიმდინარე გათამაშებისას თავს დავზოგავთ ან კიდევ ერთ ტრიუმფზე უარს ვიტყვით. კონკრეტულად “მალაგასთან” განმეორებით შეხვედრას რაც შეეხება, ანდალუსიელებთან შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შევეცდებით. მატჩი საშობაო დღესასწაულების შემდეგ იმართება, ბიჭები გადაღლილები არ არიან და მათ მაქსიმალური დატვირთვით ასპარეზობას მოვთხოვ. ამის შემდეგ “მალიორკასთან” მატჩამდე ძალის აღსადგენად და მოსაკრებად 3 დღე დაგვრჩება და ვფიქრობ, ეს შუალედი სავსებით საკმარისია პრიმერას შეხვედრისთვის კარგად მოსამზადებლად.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ

0.120766