გულშემატკივრის სვეტი

14:31 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე “ერთ მდინარეში” მეორედ შევიდა

 

შარშან ამ დროს რომ გეთქვათ, ჟოზე მოურინიო მომავალ წელს “ჩელსის” დაუბრუნდებაო, ბევრს, ალბათ, სიცილადაც არ ეყოფოდა. ბუნებრივიცაა... ჟოზე მოურინიო მწვრთნელთა იმ კატეგორიას, ერთი შეხედვით, ნამდვილად არ გენაკუთვნება, რომლებიც “ერთ მდინარეში ორჯერ შედიან”. მაგრამ, მჭმუნვარე პორტუგალიელმა ეს ნაბიჯი გადადგა და “ჩელსის” (და არა მხოლოდ “ჩელსის”) მრავალ ქომაგს გაუჩინა საფიქრალი – რატომ წავიდა ჟოზე საკუთარი თავის წინააღმდეგ...

რამდენიმე წლის წინ, მოურინიომ ერთ-ერთ თავის მეტად საინტერესო ინტერვიუში თქვა, რომ ამბიციები სულში ჰქონდა მოწოლილი და ევროპის ოთხივე (იტალია, ესპანეთი, ინგლისი, გერმანია) საუკეთესო ეროვნული პირველობის მოგება სურდა. ერთი შეხედვით, სეუ ჟოზე სწორედ ამ გზას ადგა და საკუთარი სახელის სამარადჟამოდ უკვდავსაყოფად, “ბუნდესქვეყნის” ჩემპიონობაღა აკლდა. მაშ, რამ შეაცვლევინა ჟოზეს გზა და გეზი? მაშ, რატომ იცვალა მხარი კვლავ ბრიტთა კუნძულისაკენ?...

ვითომ, ფულის გამო? სისულელეა! მოურინიო ის კაცია, რომელიც ფულს არასოდეს ითვლიდა და ჟოზეს საკრედიტო ბარათს, უკვე წლებია, მისი ცოლი განკარგავს. ბოლოს და ბოლოს, სეუ ჟოზე ხომ ის კაცია, რომელმაც ერთი გადაქუცული პალტო წლების მანძილზე ატარა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ძველსა და გახუნებულ პალტოს, თავის კეთილ თილისმად და სასურველ ნავსად თვლიდა. არც ისაა დასაჯერი, რომ მოურინიოსთანა თავისნათქვამა კაცი რომან აბრამოვიჩის პიროვნებითაა მოხიბლული და პა დე კალეს სრუტე, სწორედ ამიტომ გადასერა. ჟოზე მხოლოდ საკუთარი თავითაა მოხიბლული და ეს არც არასოდეს დაუმალავს.      

ამ ყველაფრის ბოლომდე გაგება და გაანილიზება ადვილი საქმე სულაც არ არის და ალბათ, ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება მაურინიოს ფიქრების გამოცნობა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჟოზე მოურინიოს, საკუთარი შესაძლებლობების დეგრადაციის შეეშინდა. ასეთი შიში, მწვრთნელებზე მეტად ფეხბურთელებს უფრო ახასაითებთ ხოლმე და ეს განცდა მაშინ იჩენს თავს, როდესაც წარუმატებლობები ერთმანეთს წაეწყობა. “იქნებ, ვეღარ ვარ ძველებურად მაგარი?!”, “იქნებ, გაიგეს ჩემი ხრიკ-ფანდები?!” “ბოლოს და ბოლოს, იქნებ, ნაადრევად დავბერდი?...” – ეს ავი ფიქრები, ალბათ, ბევრი ადამიანისთვისაა ნაცნობი და ეგებ, მოურინიომ ინგლისში დაბრუნება სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ მისთვის ესოდენ ნაცნობ და კარგად შესწავლილ ჩემპიონატში კვლავ ძველებურად გაილაღებს და დაიბრუნებს იმ ფორმას, რასაც მისგან ყველანი ვართ ჩვეულნი.

და ერთიცაა... შეიძლება, სისულელედაც მოგეჩვენოთ ეს აზრი, მაგრამ ფაქტია, რომ ჟოზე მოურინიოს დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობის დროს, მისი უმთავრესი კონკურენტი და მარადიული მეტოქე, სერ ალექს ფერგიუსონი იყო და როდესაც პორტუგალიელი ლონდონურ კლუბს ხელმძღვანელბდა, სწორედ წითური შოტლანდიელი უქმნიდა ყველაზე დიდ პრობლემებს. ახლა, ფერგიუსონი უკვე დამსახურებულ პენსიაშია გასული. ფერგიუსონის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა კი, მოურინიოსთვის ერთით ნაკლებ პრობლემას ნიშნავს. “ფერგი” მართლაც ისეთი კატეგორიის “პრობლემებს” განეკუთვნებოდა, რომლის გადაჭრაც, მოურინიოსთანა დიდ მწვრთნელებსაც კი ძალიან უჭირდათ. თუმცა, ისეც ნუ ვიტყვით, რომ თითქოს, მოურინიო ინგლისში იმიტომ ბრუნდება, რომ ფერგიუსონის წასვლით პრემიერლიგა დაიქცა და ლონდონის “ჩელსი” სულ ტაშ-ფანდურით იჩემპიონებს. დარწმუნებული ვარ, არც მოურინიოს ექნება ამის ილუზია.

მოკლედ, ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ გაგვაკვირვა თავისი უცნაური საქციელით და დაუბრუნდა გუნდს, საიდანაც რამდენიმე წლის წინ, საკმაოდ სკანდალურად წავიდა. რაც მართალია, მართალია: ძალიან რთულია ამ უცნაური კაცის ფიქრებსა და გადაწყვეტილებებს ჩასწვდე...


სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.114602
სარეკლამო ადგილი - 99
X x X