იყო ჩავარდნებიც, დიდი ანგარიშით მარცხებიც, ფეხბურთელებთან კონფლიქტებიც და ქომაგების მიერ ტრიბუნებზე გამოფენილი კრულვა-გინებით სავსე ტრანსპარანტებიც... ეს ყველაფერი იყო და ალბათ მომავალშიც არაერთხელ იქნება, მაგრამ ჟოზე მოურინიო კვლავ იმ კაცად დარჩა, რომელმაც კრიტიკის “ერთ ყურში შეშვება და მეორედან გამოშვება” ყველაზე კარგად იცის და საბოლოოდ მაინც იმ მეთოდებით აღწევს შედეგებს, როგორიც საჭიროდ მიაჩნია.
ჟოზე მოურინიო რომელიმე ქვეყნის მმართველი რომ იყოს, აუცილებლად დიქტატორი იქნებოდა და მის მიერ დაწყებულ რეპრესიებზე ალბათ გაეროს არაერთი რეზოლუცია დაიწერებოდა. სრულიად ევროპა ღმერთს უნდა უმადლოდეს, ჟოზეს “რეჟიმი” მხოლოდ მადრიდის “რეალით” რომ შემოიფარგლება, თორემ კაცმა არ იცის, რა ამბებს დაატრიალებდა ეს უცნაური, მაგრამ უდავოდ გენიალური პორტუგალიელი.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჟოზეს დამოძღვრილი ”რეალის” გამარჯვებამ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. ქომაგების დიდი ნაწილი ფიქრობს (და ალბათ სამართლიანადაც თვლის), რომ თურქი არბიტრის მიერ ნანის მოედნიდან გაძევება არ იყო მართებული გადაწყვეტილება. მაგრამ, ადამიანმა ძალიანაც რომ მოინდომო, ალბათ მაინც ვერ შეიტან ეჭვს იმაში, რომ მადრიდელთა ამ გამარჯვებაში თურქ მსაჯზე მეტად სწორედ სეუ ჟოზე გაისარჯა და მის მჭმუნვარე გონებაში დაიბადა შეცვლის განხორციელებიოს სურვილი სწორედ მაშინ და სწორედ იქ, როდესაც ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი იყო.
მადრიდის “რეალის” გულშეატკივრობა ძალიან ადვილი საქმეა. უმარტივესი რამაა, უქომაგო გუნდს, რომელსაც ასეთი დიდი ისტორია და აურაცხელი ფინანსური სახსრები გააჩნია. აი კონკრეტულად სეუ ჟოზეს გულშემატკივრობა კი ძნელიცაა და ერთგვარად საფრთხის შემცველიც. მოურინიოის გულშემატკივრობა ალბათ ყველაზე მეტად გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის ამომრჩევლობას ჰგავს. ასეთი პარტიის ამომრჩევლები (სეუ ჟოზეს გულშემატკივრების მსგავსად) რაღაც საიდუმლო კლუბივით არიან, რომლებსაც საჯარო სივრცეში საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ეშინიათ. ამ ხალხმა იციან, რომ არჩევანის ხმამაღლა დაფიქსირება უმრავლესობის მხრიდან შეიძლება მიტყეპადაც კი დაუჯდეთ და გაჩუმებას ამჯობინებენ.
წარმოიდგინეთ ასეთი სცენა: სადმე სკვერში შეკრებილია ოცამდე გულშემატკივარი, რომლებიც თავს “ლაღი ფეხბურთის” ქომაგებად რაცხენ. როგორი გასაბედია, რომ ამდენ “ლაღ” კაცს შორის ჩადგე და თქვა, რომ სეუ ჟოზე არამხოლოდ ჩვენი ეპოქის, არამედ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად მიგაჩნია და მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი ბევრში დიდ სიძულვილს იწევს, მისებრ ნიჭიერი მწვრთნელი საფეხბურთო სამყაროში იშვიათად მოიძებნება. ამას იტყვი და ცემით ალბათ არ გცემენ, მაგრამ დაცინვა და “კეთილი შეგონებები” არ მოგაკლდება.
ჟოზეც სწორედ ისეთი, ცოტა “სექტანტური” ბუნების კაცია და ამით ძალიან ჰგავს თავის ქომაგებს. ისტორიულ მტერს – “ბარსელონას” ზედიზედ ორი მატჩი მოუგო, მერე მას ”დესერტად” “ალისფერი ეშმაკებიც” დააყოლა და კაცმა არ იცის ხვალ რას გააკეთებს. ვითომ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ წელს მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის თასი თავის კარიერაში მესამედ აღმართოს?! ის, რაც მიყურისძირებული “პორტუთი” და მარად უცნაური “ინტერით” გააკეთა, რატომ არ შეიძლება, რომ ვარსკვლავებით გადავსებული “რეალითაც” შეძლოს?! მე თქვენ გეტყვით და ამბიცია და მონდომება აკლია. გამორიცხული არაფერია...
ისე, გამოგიტყდებით და მთლად ბოლომდე მაინც ვერ ჩავწვდი იმ სიძულვილის მიზეზებს, რაც სეუ ჟოზესადმი არსებობს. მით უმეტეს აქ, ამ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც შიზოიდი სტალინი “ქართველობისა და კაცობის” ეტალონად მიაჩნიათ. როგორც ჩანს პირში სიმართლის მთქმელი ხალხი არსად არ უყვართ...