ფეხბურთი

17:55 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟორდანიამ “ვიტესი” აბრამოვიჩის ბიზნეს-პარტნიორს მიჰყიდა

 მერაბ ჟორდანიამ ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბი არნემის “ვიტესი” გაყიდა. არნემელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მან კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი ალექსანდრე ჩიგრინსკის მიჰყიდა, რომელიც ლონდონის “ჩელსის” მეპატრონის რომან აბრამოვიჩის მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორია.

2010 წელს, როდესაც ჟორდანიამ “ვიტესი” შეიძინა, მისი მთავარი ფინანსური პარტნიორი სწორედ ჩიგრინსკი იყო.

“როდესაც “ვიტესის” აქციები შევიძინე, მაშინ განვაცხადე, რომ ალექსანდრე ჩიგრინსკი მხარს მიჭერდა. საჭირო იყო აუცილებელი ზომების მიღება კლუბის უფრო წარმატებული მომავლისთვის. ჩემი აზრით, კლუბის მისთვის გადაცემის კარგი დრო შევარჩიეთ. მომავალშიც ალექსანდრს რჩევებით დავეხმარები” – იუწყება ჟორდანიას სიტყვებს “ვიტესის” ვებგვერდი.

“ვიტესის” ახალმა მფლობელმა ჩიგრინსკიმ მომხდართან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

“მსურს მერაბს მადლობა გადავუხადო ბოლო სამ წელიწადში მის მიერ გაწეული მუშაობისთვის. აუცილებელი ინვესტიციების შემდეგ, ამჟამად, “ვიტესში” სპორტული და ორგანიზაციული კუთხით საუცხოო ვითარებაა. მერაბმა ნიჭიერი გუნდი ჩამოაყალიბა. კლუბში მაღალკვალიფიციური ტექნიკური პერსონალი მუშაობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია “ვიტესი” კიდევ უფრო წინ წავწიოთ, რომ ჰოლანდიურ ფეხბურთში ერთ-ერთი წამყვანი კლუბი გახდეს. ვიცი, რომ მერაბის იმედი შემიძლია ყოველთვის მქონდეს”.

0.121159