საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე-19 ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურში, მიმდინარე ასპარეზობის პირველი ოვერტაიმი დაფიქსირდა. რუსთავში, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, ადგილობრივი “ენერჯი ინვესტისა” და “ ბათუმის” ორთაბრძოლის ძირითადი დრო ფრედ, 57:57 დასრულდა. ქვემოქართლელებმა მხოლოდ დამატებით დროში შეძლეს უპირატესობის მოპოვება, როცა მოკლე სკამით მოასპარეზე “ბათუმს” დაღლა დაეტყო.
აღსანიშნავია რუსთაველთა კამერუნელი ფორვარდის, ჟოლივეტ ტუჯანის (200 სმ) კარგი თამაში, რომელმაც ორმაგი დუბლი (12 ქულა, 17 მოხსნა) მიითვალა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოხსნებში ნაჩვენები შედეგი. მიმდინარე ჩემპიონატში, ჯერჯერობით, ამდენი მოხსნა ჯერ არავის გაუკეთებია.
გთავაზობთ ინტერვიუს მეორე ტურის საუკეთესო კალათბურთელ ჟოლივეტ ტუჯანთან.
- ელოდეით, რომ ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდებოდით?
- ნებისმიერი თამაშის დროს, ჩემი უმთავრესი მიზანი მოგებაა და ტურის საუკეთესო კალათბურთელის სახელის მოპოვება თვითმიზანი არასოდეს ყოფილა.
- თქვენი აზრით, რატომ დაგასახელეს ტურის საუკეთესო კალათბურთელად?
- ალბათ, იმიტომ, რომ პროგნოზების საპირისპიროდ, “ენერჯი ინვესტი” - “ბათუმის” შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა და ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 17 მოხსნა დავაგროვე.
- მართალია, “ენერჯი ინვესტი” მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილთან ერთად ოთხმა კალათბურთელმა (დავით უგრეხელიძე, ბესო ლეჟავა, გიორგი გამყრელიძე, რეზო დიდია) დატოვა, მაგრამ ფავორიტად მაინც რუსთავის გუნდი ითვლებოდა, რომელმაც სეზონი კარგად დაიწყო და დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო. თქვენი აზრით, რატომ გაუჭირდა “ენერჯი ინვესტს” “ბათუმის” დამარცხება, რომელიც , ახალი სეზონის წინ, მხოლოდ რუსთაველთა ყოფილი მთავარი მწვრთნელით, უსტიაშვილითა და მოთამაშით, ლეჟავათი გაძლიერდა?
- საქმეც ეგ არის, რომ ჩვენს მეტოქეს “ენერჯი ინვესტის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, დავით უსტიაშვილი ავარჯიშებს, რომელმაც რუსთაველთა დადებითი და უარყოფითი მხარე ზეპირად იცის. ეს იყო მთავრაი მიზეზი, რომ “ბათუმის” დამარცხება გაგვიჭირდა.
- შესუსტებული შემადგენლობით მოასპარეზე “ენერჯი ინვესტს”, კლუბის ხელმძღვანელობამ, მიმდინარე ჩემპიონატში რა მიზნები დაუსახა?
- მიუხედავად შესუსტებული შემადგენლობისა, მაინც მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
- მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში ვის თვლით “ენერჯი ინვესტის” ძირითად კონკურენტად?
- ჯერჯერობით, ორი ტურია გავლილი და “ენერჯი ინვესტის” ძირითად კონკურენტებზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია.
- მეცხრე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობთ, მაგრამ ქართულად მაინც ვერ საუბრობთ. სურვილი არ გაქვთ, თუ გიჭირთ ქართული ენის ათვისება.
- მესმის, მაგრამ საუბარი მიჭირს, რადგან ქართული ენა ძალიან რთულია.
- საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ხომ არ მიგიღიათ?
- ორმაგი მოქალაქეობის მიღების აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა და აქ თავს ორმაგი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშეც კარგად ვგრძნობ.
როლანდ ლაბუჩიძე