გაირკვა არბიტრთა შემადგენლობა, რომელიც 4 ივლისს “ტორპედოს“ და სლოვაკურ “ჟილინას“ შორის ქუთაისის ცენტრალურ საფეხბურთო არენაზე გასამართ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს განსჯის.
უეფას სამსაჯო განყოფილებამ აღნიშნულ თამაშზე ხორვატ არბიტრთა ბრიგადა დანიშნა, რომელსაც 37 წლის დომაგოი ვუჩკოვი უხელმძღვანელებს. იგი მის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მსაჯია. 2008 წლიდან დღემდე ვუჩკოვმა ეროვნულ ტურნირებში სულ 58 მატჩი განსაჯა და საშუალოდ ერთ თამაშში 4 ყვითელი ბარათი აჩვენა. ასევე, მომსახურებია საერთაშორისო რანგის შეხვედრებსაც, აქედან ევროპის ლიგაზე ბოლოს გასულ გათამაშებაში (“გრევენმახერი“-“ტირანა“ 0:0).
მას დაეხმარებიან ასისტენტები: გორან პერიცა და ივიცა მოდრიჩი, ხოლო სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი იგორ პრისტოვნიკი შეასრულებს. ასევე, ქუთაისში მოვლენილ ოფიციალურ პირთა შორის არიან – მატჩის დელეგატი ყაზახეთიდან კუანიშ კანაპიანოვი და მსაჯთა დამკვირვებელი პორტუგალიელი ანტონიო მანუელ ალმეიდა კოსტა.
საინტერესოა მომავალ მატჩზე დასასწრები ბილეთების საკითხიც. ბილეთების ფასი ორი კატეგორიისაა: 5-ლარიანი და 10-ლარიანი. 10-ლარიანი ბილეთის შეძენის შემთხვევაში, მაყურებელი A და ჩ ლოჟაში განთავსდება. ამასთან, წინა სეზონის აბონემენტის მფლობელი 10-ლარიანი ბილეთის შეძენით დაიკავებს იმ ადგილს, რომლითაც იგი აბონემენტით აქამდე სარგებლობდა. ამისთვის აუცილებელია თან იქონიოთ დამადასტურებელი საბუთი (იგივე აბონემენტი). სტადიონზე არსებული სალაროები ხვალიდან დაიწყებენ მუშაობას.
სამუშაო გრაფიკი ასეთია:
1 ივლისი – 11:00-დან 17:00 საათამდე
2 ივლისი – 10:00-დან 19:00 საათამდე
3 ივლისი – 10:00-დან 19:00 საათამდე
4 ივლისი (თამაშის დღე) – 10:00-დან 20:30 საათამდე
კლუბი უმორჩილესად გთხოვთ, ბილეთები შეიძინოთ წინასწარ, რათა თავიდან იქნას არიდებული მატჩის გამართვის დღეს რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
www.fctorpedo.ge