ევროთასები

15:09 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჟილინა” იმერეთს ღირსების და ქომაგების დასაბრუნებლად ეწვია”

 

ზედიზედ მეორე წელია, ქუთაისის “ტორპედო” ევროპის ლიგაში ასპარეზობის უფლებას იღებს. შარშან ყაზახურ “აქტობესთან” წარუმატებელი პაექრობა გამოუვიდა საქართველს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორებს. შარშანდელისაგან განსხვავებით, ამჯერად იმერთა საქომაგო კლუბის მეტოქე სლოვაკეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი “ჟილინაა”, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც კი გამოდიოდა. დასავლელი სლავები 22 ფეხბურთელით და სამწვრთნელო შტაბის თანმხლებით ქუთაისს 2 ივლისს ეწვივნენ. სლოვაკები წყალტუბოში დაბინავდნენ. პირველი ვარჯიში მათ “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე გამართეს. ღია ვარჯიში და პრესკონფერენცია კი 3 ივლისს, შესაბამისად 11 და 12 საათზე იქნა დანიშნული. გასულ საფეხბურთო სეზონში, სლოვაკეთის ჩემპიონატში არცთუ სასურველი ადგილის დაკავების გამო, გუნდს სტუმრად თამაშზე ერთგული ფანებიც კი არ წამოყვნენ. ისე, ერთი რამ ფაქტია - ახალ მწვრთნელთან ერთად (ადრიან გულა 1 ივნისს დაინიშნა) “ჟილინაში” გაახალგაზრდავების პროცესიც დაწყებულია.

ვარჯიში სლოვაკებმა დათქმულ დროს დაიწყეს. მთელ პროცესს აქტიურად და ენერგიულად ხელმძღვანელობდა “ჟილინას” თავკაცი ადრიან გულა. მცირეხნიანი გახურების შემდეგ გულამ ექვსკაციან ჯგუფებად დაჰყო შეგირდები და დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში ფეხბურთელები ძირითადად ორი და ერთი შეხებით მოკლე გადაცემებს ამუშავებდნენ. შემდეგ რამდენიმე წუთი სისწრაფეებზე ივარჯიშეს და ორ გუნდად გაყოფილნი ორ შეხებაზე ივარჯიშეს. ამ ყველაფრის მერე, ნახევარ მოედანზე ორკარა გააჩაღეს, სადაც გუნდები პირობითად “მწვანეებად” და “წითლებად” დაიყვნენ. ამ ვარჯიშის დროს გამოჩნდა, რომ “ჟილინას” ფეხბურთელები საკმაოდ კარგ დარტყმებს ფლობენ, ასევე ეფექტურად თამაშობენ თავით. ეს მინი-მატჩი კი “მწვანეებმა” მოიგეს - 2:0. ბოლოს, მწვრთნელის მითითებით, სლოვაკი ფეხბურთელები რამდენიმესვლიანი კომბინაციის გოლად გარდასახვაში ვარჯიშობდნენ და უნდა ითქვას, რომ ამას ისინი საკმაო სიზუსტით ასრულებდნენ.

სლოვაკური “ჟილინა” ქუთაისს შემდეგი ფეხბურთელებით სტუმრობს:

მეკარეები: მარტინ დუბრავკა, ემილ ლეგიანკი;

მცველები: იოზეფ პიაჩეკი, ერნესტ მაბუკა (კამერუნი), ალი სისეი (გამბია), ვლადიმერ ლაიტნერი, ადრიან კადლეცი, დენის ვავრო, სერჟ აკაკპო (ტოგო);

ნახევარმცველები: მიროსლავ კაჩერი, ვიქტორ პეჩოვსკი, ადამ ჟილაკი, მიხაი შკვარკა, ისიაკა ბელო (ბენინი), იაკუბ ბაური, ღობერტ პიჰი.

თავდამსხმელები: დავიდ გუბა, ტომაშ მაიტანი, რენე დედიჩი, იაროსლავ მიჰალიკი. 

0.243314