ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი ესპანელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი თურქეთში დასრულებული შეკრებით კმაყოფილია.
“მეორე უცხოური შეკრება ძალიან ნაყოფიერად ჩატარდა. საოცრად კარგ პირობებში ვიყავით. გუნდი ნელ-ნელა ითვისებს იმ ტექნიკურ ნახაზს, რომლითაც უნდა ითამაშოს. ეს მოედანზე ნათლად გამოჩნდა. განსაკუთრებით კი, ბოლო ამხანაგურ მატჩში. შეიძლება ითქვას, რომ “ტორპედო” როგორც ფიზიკურად, ასევე, ტაქტიკურად ჩემპიონატში სათამაშოდ მზადაა”- იუწყება სარაგოსას სიტყვებს “ტორპედოს” პრესსამსახური.
“ტორპედოს” თურქულ შეკრებაზე დაგეგმილი მესამე საკონტროლო მატჩი ქვედალიგელ “პაიასთან” გარკვეული მიზეზის გამო არ ჩატარდა და გუნდი პარასკევს სამშობლოში გამოემგზავრა.
გუნდი საქართველოში რამდენიმე დღე დაისვენებს და 5 აგვისტოს სეზონისთვის მზადებას თავის საწვრთნელ ბაზაზე გააგრძელებს.
10 აგვისტოს, 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში “ტორპედო” რუსთავის “მეტალურგს” უმასპინძლებს.