ფეხბურთი

10:47 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟერარდ სარაგოსა: “მხოლოდ ჩემპიონობა დაგვაკმაყოფილებს”

 

წლევანდელი საფეხბურთო ჩემპიონატის უმთავრეს აღმოჩენად ქუთაისის “ტორპედო” და მისი მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი უნდა მივიჩნიოთ. ცოტა არ იყოს ძნელია, ქუთაისური კლუბი საქართველოს ჩემპიონატში აღმოჩენად ჩაითვალოს, გუნდის ტრადიციებიდან გამომდინარე, მაგრამ ფაქტია, რომ “ტორპედოს” გამოსვლამ ის სკეპტიკოსები ჩააჩუმა, რომლებიც დიდი აგრესიით შეხვდნენ კლუბში მომხდარ ცვლილებებს. განსაკუთრებით დიდი იყო უკმაყოფილოთა შეფასებები ევროპის ლიგაზე მარცხიანი გამოსვლის შემდეგ, მაგრამ მას შემდეგ ქუთათურთა კოლექტივმა ეროვნულ პირველობაზე რვა მატჩი გამართა მარცხის გარეშე და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. რაც მთავარია, ახალგაზრდა რიონისპირელები ყველაზე სანახაობრივ თამაშს აჩვენებენ ეროვნულ ჩემპიონატში. ბუნებრივია, ამის შემოქმედი ესპანელი სპეციალისტი გახლავთ, რომელსაც სანაკრებო პაუზისას ვეწვიეთ და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- თავდაპირველად თქვენს შესახებ გვიამბეთ, როდის დაიწყეთ მწვრთნელობა?

- მე 31 წლის ვარ. 16 წლის ასაკიდან ხელი მოვკიდე სამწვრთნელო საქმეს. თავიდან საკუთარ ქალაქში, ტარაგონის გუნდს ვწვრთნიდი რვა წლის განმავლობაში. შემდეგ კატალონიის ასაკობრივ ნაკრებებს ვხელმძღვანელობდი, სადაც მოვახერხეთ ესპანეთის ჩემპიონობა. ხელმძღვანელობა მიწევდა “ბარსელონას” და “ესპანიოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელების, რომელთა წყალობით შევძელით ქვეყნის მასშტაბით ამ წარმატებების მიღწევა. შემდეგ სამუშაოდ ყატარში გადავინაცვლე, სადაც 2022 წელს, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გაიმართოს. იქ დაინტერესებულნი არიან ამ ფორუმისათვის სერიოზულად მოემზადონ და გადაწყვეტილი აქვთ აფრიკის კონტინენტიდან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები გადაიბირონ. მე სკაუტად ვმუშაობდი და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამყავდა ფეხბურთელები ყატარში. სულ აზიურ საფეხბურთო აკადემიაში 4 წელიწადი გავატარე.

- საქართველოში როგორ მოხვდით და აქ ჩამოსვლამდე რა ინფორმაცია გქონდათ ქართული ფეხბურთის შესახებ?  

- ყატარში სკაუტად მუშაობის ბოლო წელი სენეგალში გავატარე. ამის მერე “ესპანიოლის” 16 და 23 წლამდე გუნდებშიც ვიმუშავე. საქართველოს შესახებ ის ვიცოდი, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი იაგუე აგილარი თავის დროზე თბილისის “ლოკომოტივის” აკადემიას ედგა სათავეში. იგი ყოველთვის გულთბილად იხსენიებდა საქართველოს. ასევე ინფორმაცია მქონდა “ლოკომოტივის” ფიზმომზადების მწვრთნელისაგანაც. ალბერტო კორეაც თქვენს ქვეყანას ყოველთვის დადებითად მოიხსენიებდა. გასული წლის ნოემბერში კი “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელობა შემომთავაზეს და მეც დავთანმხდი.

- მალე, თქვენივე სამწვრთნელო შტაბით, ქუთაისის “ტორპედოში” აღმოჩნდით, სადაც ქომაგები ძალზე უარყოფითად შეხვდნენ ამ ცვლილებებს. მათ გუნდის წარმატების არ სჯეროდათ. არ გაგიჭირდათ ასეთ დაძაბულ ფონზე მუშაობა?

- ზოგადად ადამიანებს სიახლეებთან შეგუება უჭირთ, ამიტომაც, კლუბის ქომაგების მესმის. როდესაც გუნდის გაახალგაზრდავება დავიწყეთ, დიდ რისკზე წავედით და გულშემატკივრებსაც უიმედობის განცდა დაეუფლათ. მთელი ჩემი კარიერა ახალგაზრდა ფეხბურთელების გარემოცვაში გავატარე და ვიცი მათი ფასი. ქუთაისში მუშაობა რომ დავიწყე, დარწმუნებული ვიყავი, 2-3 თვეში გუნდი მოუმატებდა, ნამდვილ გუნდს დაემსგავსებოდა. სკეპტიკოსებს სულ იმას ვეუბნებოდი, რომ დრო საჭირო იყო გუნდის ასაშენებლად. ახლა არ ვიცი ისინი რას ფიქრობენ, თუმცა შედეგი სახეზეა, თუმცა ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ, რათა კლუბმა კიდევ უფრო უკეთესად ითამაშოს.

- ჩემპიონატში მხოლოდ თბილისის “დინამოს” ჩამორჩებით. გუნდს საჩემპიონო ამბიციები გაუჩნდა. რას უნდა ველოდოთ “ტორპედოსაგან” მიმდინარე ეროვნულში?

- ამ მომენტისათვის, ჩემი საფიქრალი, უპირველესად, ბოლნისის “სიონთან” გასამართი მატჩია, რომელშიც უნდა გავიმარჯვოთ. საერთოდ, არ ვფიქრობ რა იქნება ზამთრის შესვენებაზე და გაზაფხულზე. ჩვენ უნდა შევიდეთ საუკეთესო ექვსეულში და აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ რომელიმე ევროპული ტურნირის საგზური. მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა გავაუმჯობესოთ სათამაშო ხარისხი და ექვსეულში მოვხვდეთ, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

-  წარმატებულ შედგად რას მიიჩნევთ?

- მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობას. მე ყოველთვის პირველობისკენ ვისწრაფვი და ჩემი მიზანია, “ტორპედო” საუკეთესო გუნდად ვაქციო.

- გუნდის გაძლიერებას თუ ფიქრობთ ახალი ფეხბურთელებით?

-  ჩვენ ახალგაზრდული საფეხბურთო კოლექტივი გვყავს, რომლის საშუალო ასაკი 20 წელია. სწორედ ეს ფაქტორი განაწყობს ზოგიერთებს სკეპტიკურად, თუმცა მე მჯერა ჩემი გუნდის და ფეხბურთელების.  ზოგიერთი მათგანი უკვე სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გამოდის. ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი უნდა მიეცეთ. აი მაგალითად, ვაჟა ტაბატაძე გუნდისათვის დიდ ძალას წარმოადგენდა, მაგრამ მისი ტრამვის შემდეგ, იგი ღირსეულად შეცვალეს და ამ ახალგაზრდებმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს. იგივე უნდა ითქვას ჭელიძეზე, რომელიც სანდოხაძემ ბრწყინვალედ ჩაანაცვლა. მოხარული ვარ იმით, რომ ისეთ გუნდში ვმუშაობ, სადაც ერთი კონკრეტული ლიდერის თამაშზე არ ვართ დამოკიდებულნი.

- “ტორპედო” შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ხშირად ცვლით ტაქტიკურ მონახაზებსაც. ამას მეტოქეთა დასაბნევად აკეთებთ?

- პირადად მე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ ტაქტიკურ სქემებსა და განლაგებებს.  უპირველესად, ვცდილობთ შევისწავლოთ მოწინააღმდეგენი და ტაქტიკური სქემაც მეტოქის სათამაშო სტილის შესაბამისად შევარჩიო. უპირატესობას ვანიჭებ მოედნის ცენტრში დომინირებას, ამიტომაც ვცდილობთ ყველა მოწინააღმდეგე ამ კომპონენტში დავჩაგროთ.

- ახლა ქართული ფეხბურთი სასურველ მდგომარეობაში არ არის, თქვენი აზრით, რა არის ჩვენი წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი?

- ჩემი აზრით, მეტი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელებს. 18 წლის ბიჭი, თამაშის საშუალება რომ არ ეძლევა, იძულებულია სათამაშოდ უცხოეთის მეორეხარისხოვან კლუბებში წავიდეს, სადაც ვერ ვითარდება და როგორც ფეხბურთელი იკარგება. ისე სჯობს, ფეხბურთელებმა 23 წლამდე საქართველოში ითამაშონ, აქ განვითარდნენ და უკვე ზრდასრულებმა დატოვონ ეროვნული ჩემპიონატი. გარდა ამისა, უნდა გამოვყო მენტალური პრობლემები. შესაძლებელია, ფეხბურთელი განვითარებული იყოს, როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად, მაგრამ თუ იგი არ იცავს საფეხბურთო დისციპლინას, ყველაფერი წყალში ჩაეყრება. მაგალითად, მწვრთნელს სულ არ უნდა უწევდეს ფეხბურთელისთვის იმის შეხსენება - წინ წასვლის შემდეგ უკან რომ უნდა დაბრუნდეს. ეს ყველაფერი ავტომატურად უნდა გააკეთოს.

- საქართველოს ჩემპიონატს როგორ შეაფასებთ და რომელი გუნდი მიგაჩნიათ ჩემპიონობის უპირველეს ფავორიტად?

- საქართველოს ჩემპიონატი ყველაზე მეტად ესპანეთის სეგუნდა დივიზიონს მაგონებს, რომელსაც მშვენივრად ვიცნობ. რაც შეეხება ფავორიტებს, უპირველესად თბილისის “დინამო” უნდა გამოვარჩიო, რომელმაც გასულ წელს ყველა ტიტული მოიგო. ძალიან მომწონს გორის “დილა” და საჩხერის “ჩიხურა”. ამ გუნდებს აქვთ შანსი იბრძოლონ ჩემპიონობისთვის. ვფიქრობ, ჩავარდნის შემდეგ მოუმატებს “ზესტაფონი”, რომელსაც ძალიან ძლიერი სპეციალისტი წვრთნის. ამ გუნდებთან ერთად, ჩემპიონობისთვის ჩვენც ვიბრძოლებთ. “ტორპედო” არაფრის დათმობას არ აპირებს.

- წლევანდელ ჩემპიონატში, თქვენი გუნდის რომელ მატჩს გამოარჩევდით?

- ყველაზე მეტად ზესტაფონში ჩატარებული შეხვედრა დამამახსოვრდა, როცა რატკო დოსტანიჩის შეგირდებს 3:2 მოვუგეთ. ირგვლივ მყოფები კი მეუბნებიან, რომ საუკეთესო მარტვილის “მერანთან” მოგებული მატჩი იყო.

- საკმაოდ ემოციური ხართ და მატჩებზე თქვენს ფეხბურთელებზე ნაკლებ ენერგიას არ ხარჯავთ...

- მე კატალონიელი ვარ და ისევე როგორც ყველა სამხრეთელი, ძალზე ემოციური ვარ. ვფიქრობ, ეს ჩემს ფეხბურთელეზე კარგად მოქმედებს.

- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

- მშობლიური სახლიდან 4000 კილომეტრის მოშორებით ვიმყოფები, რაც ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი პროფესიისათვის დამახასიათებელია. გვერდით მყავს მეუღლე, რომელიც საქართველოში ყოფნით ბედნიერია. აქ ჩემს გვერდითაა ჩემი მეგობარი ალბერტო კორეა, რომელთან ერთადაც ერთ საქმეს ვემსახურებით. გვინდა “ტორპედომ” რა შეიძლება მეტ წარმატებას მიაღწიოს. სწორედ ესაა ჩვენი უპირველესი საზრუნავი.

0.157175