ფეხბურთი

22:01 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟერარდ სარაგოსა ესპანური Marca-ს ფურცლებზე

პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ჟერარდ სარაგოსა მულეს ქუთაისის “ტორპედოს“ თავკაცად დანიშვნას სტატია მიუძღვნა, რომელშიც ძირითადად საუბარია მწვრთნელის საქართველოში დამკვიდრებასა და მომავალ კარიერაზე. აღნიშნული მასალის ქართული ვარიანტი ქუთაისელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.

“როცა “ესპანიოლთან“ დადებულ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა, გადავწყვიტე, ალბერტო ბერიკალს გავყოლოდი, რომელმაც ფიზმომზადების მწვრთნელად თბილისის “ლოკომოტივთან“ გააფორმა კონტრაქტი. გავრისკე და საქართველოში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩამოვედი, თუმცა ამან გაამართლა და ყველაფერი კარგად აეწყო. “ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა ჩემი პროექტი მოიწონა და გასული წლის სექტემბერში კლუბში მუშაობას შევუდექი“ – ამბობს სარაგოსა.

სტატიის ავტორი ყურადღებას შემდეგზე ამახვილებს: “ჟერარდი თბილისში ჩასვლიდან შვიდ თვეში ქართული საფეხბურთო სამყაროს აღმოჩენა გახდა. მისმა გაწვრთნილმა “ლოკომოტივმა“ 15-მატჩიანი წაუგებელი სერია მოაწყო (აქედან 12 მოიგო) და პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა. იგი ერთადერთი ქართული გუნდია, რომელსაც 2013 წელს მარცხი არ განუცდია. სარაგოსას ქუთაისში ნიჭიერი ფეხბურთელებიც მიჰყვებიან, მათ შორის ის 17-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეები, რომლებმაც შარშან ელიტრაუნდის ჯგუფში ესპანეთი და ინგლისი ჩატოვეს”.

31 წლის ესპანელი მწვრთნელის თქმით, “ტორპედო“ და „ლოკომოტივი“ უკვე მეგობრები არიან. გუნდების პრეზიდენტთა იდეაა, რომ “ტორპედო“ საუკეთესო პერსპექტიული მოთამაშეებით დაკომპლექტდეს. ძალიან კმაყოფილი ვარ ლექსო თოფურიასი, რომელიც მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა ამ ორი კლუბის შერწყმას თუ მთავარი მწვრთნელი მე ვიქნებოდი.

ევროასპარეზზე გამოსვლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ბოლო წლებში რამდენიმე ქართული გუნდი ახლოს იყო ჯგუფურ ეტაპამდე, მაგრამ საბოლოოდ იქამდე მიღწევა ვერ მოახერხეს. ახლა კი, ჩვენ შევეცდებით ამის გაკეთებას გუნდით, რომლის ბირთვი ქართველი ახალგაზრდები იქნებიან და მათი საშუალო ასაკი 21 წელია“.

0.115341