ფეხბურთი

16:06 | 1.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟერარ პიკე: “ბარსა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც “ბაიერნთან” 0:4-ის “ამოქაჩვა” შეუძლია”

 დღეს კატალონიის დედაქალაქში ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური წყვილის განმეორებითი მატჩი ჩატარდება. “ბარსელონა” “ბაიერნთან” მიუნხენში 0:4 წაგების შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის გახარებას შეეცდება. პირენელები ურთულესი ამოცანის წინაშე დგანან, თუმცა, ჟერარ პიკე ოპტიმიზმს მაინც არ კარგავს.

 

- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ “ბარსელონასთან” სრულფასოვანი რევანშის აღება?

- როგორც მე, ასევე ჩემი პარტნიორები დარწმუნებულები ვართ, რომ “ქამბექი” სავსებით შესაძლებელია. ჩვენი უმთავრესი ამოცანა საკუთარი ძალისადმი რწმენის შენარჩუნებაა. ყველა რესურსი გვაქვს საიმისოდ, რათა მიუნხენელებთან განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრის დროს სასურველ შედეგზე ვიფიქროთ. ფეხბურთში მოგებული ძლიერი ფსიქიკის მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდია და “ბარსელონა” ამ მხრივ ოდნავადაც არ მოიკოჭლებს.

- მაინც რას ეფუძნება თქვენი ოპტიმიზმი?

- ერთბაშად რამდენიმე ფაქტორს. უპირველესად, საკუთარი ერთგული ქომაგების აქტიური მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მოტივაცია და ოსტატობა კი თითოეულ ჩვენთაგანს არ აკლია. ცხადია, კარგად გვაქვს გათავისებული დასახული ამოცანის სირთულე. მოჭარბებულ ენთუზიაზმს ვგრძნობთ, ამასთან სიფრთხილის გრძნობაც არ დაგვიკარგავს.

- საყოველთაო აღიარებით, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პირველ გოლს. “ბარსას” ქომაგები მიუნხენელთა კარის აღებას მატჩის საწყის წუთებზე ელიან.

- “ბარსელონა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც “ბაიერნთან” 0:4-ის “ამოქაჩვა” შეუძლია. როდესაც მინდორზე გავალთ, საკუთარ თავისადმი რწმენა ოდნავადაც არ უნდა გვქონდეს შერყეული, სწრაფი გოლი კი მეტ დამაჯერებლობას შეგვძენს. ჩვენ იმ კლუბის განუყოფელი ნაწილი ვართ, რომელსაც უდიდესი ისტორია და ავტორიტეტი აქვს. ყოველმხრივ შევეცდებით, “ბარსას” მატიანეში კიდევ ერთი სასახელო ფურცელი ჩავწეროთ.

- რა გზით აპირებთ იუპ ჰაინკესის გუნდის წინააღმდეგობის გატეხვას?

- ჩვენი მთავარი ამოცანა მოწინააღმდეგის პოზიციებზე ცარიელ ზონებს მივაგნოთ, ბურთი ვაკონტროლოთ და ბურთთან ერთად სწრაფი მანევრირება შევძლოთ. აუცილებელია აგრესიული თამაში. მცველებმა შეტევაში უფრო ხშირად უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ფორვარდებს მაქსიმალური სითამამე მართებთ, შუახაზელებმა ახალ-ახალ სივრცეებს უნდა მიაგნონ, ლეო მესიმ კი ჩვეულ ოსტატობა გამოავლინოს. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს გულშემატკივრის ფაქტორს. ოთხშაბათს “კამპ ნოუზე” ჩვენ და ქომაგები უნდა გავერთიანდეთ.

- ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ “ბარსელონა” საურველი შედეგის მისაღწევად “ყველაფერზე წავა”.

- ბეკენბაუერი ჯენტლმენია და შესაძლოა, მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინეს. “ბარსელონას” რაც შეეხება, ჩვენ ყოველმხრივ სანიმუშო გუნდი ვართ.

0.115865