პოპულარული ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე რამდენიმე დღის წინ ფიფა-ს სტუმრობდა და მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრესიდენტ ზეპ ბლატერთან ხანგრძლივი საუბარიც ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტებმა ფეხბურთის ქომაგ დეპარდიეს ინტერვიუ ჩამოართვეს.
- რამდენი ხანია, რაც ფეხბურთის გულშემატკივარი ხართ?
- უკვე დიდი ხანია, ფეხბურთი სულითა და გულით მიყვარს. ბავშვობაში მაღალი, ათლეტური აღნაგობის ბიჭი ვიყავი და ოჯახის ხელმოკლეობის გამო არჩევანი კრივსა და ფეხბურთს შორის უნდა გამეკეთებინა. თავიდან ხელთათმანები მოვირგე, შემდეგ კი ფეხბურთი ვარჩიე.
- მშობლიურ შატორუში რომელ პოზიციაზე თამაშობდით?
- მეკარე გახლდით. თანატოლებს შორის ფიზიკური მონაცემებით გამოვირჩეოდი და სათამაშო ტაქტიკასაც ამ მომენტის გათვალისწინებით ვაკეთებდი – მეტოქეთა თავდამსხმელებს ისე ვუყვიროდი, რომ კართან მოახლოებისას ისინი ბურთის ჩემი მისამართით გაგზავნას უფრთხოდნენ (იცინის). თანაც მათ იცოდნენ, ადრე მოკრივე რომ ვიყავი. შატორუში ამერიკის შეერეთებული შტატების სამხედრო ბაზის სიახლოვეს ვცხოვრობდი და ოკეანესგაღმელი ჯარისკაცების შესრულებით ხშირად ვადევნებდი თვალს ბეისბოლისა და ამერიკული ფეხბურთის მატჩებს, თუმცა, სპორტის ეს სახეობები ვერასგზით შევიყვარე და ყოველთვის ფეხბურთის ერთგული გახლდით.
- რატომ აირჩიეთ მეკარის პოზიცია?
- გოლკიპერს ფეხბურთში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ეს ყველაზე რთული ამპლუაა და მეც ამიტომ მოვიხიბლე მეკარეობით. ამასთან, ძალიან მომწონდა ფრანკ რემეტერის (საფრანგეთის ნაკრების მეკარე 1954 და 1958 წლების მუნდიალებზე-რედ) თამაში და ვცდილობდი მისთვის მიმებაძა. მოგვიანებით ფაბიენ ბარტეზის ტალანტის თაყვანისმცემელი გავხდი, თანამედროვე გოლკიპერთაგან კი ჯანლუიჯი ბუფონს გამოვარჩევ. ჯიჯი მეტად საიმედო კიპერია და თანაგუნდელებს დამაჯერებლობას მატებს.
- სხვა პოზიციის ფეხბურთელთაგან რომელ მოთამაშეებს გამოჰყოფდით?
- ზლატან იბრაჰიმოვიჩს. ყველაზე მეტად მისი მებრძოლი ხასიათი მომწონს. ლეო მესისგან ყველა ბრწყინვალე თამაშს ველით, მაგრამ არგენტინელი იმდენად დიდი ფეხბურთელია, ყოველ მატჩში და პრაქტიკულად ნებისმიერ ეპიზოდში ფენომენალური თამაშით გვანცვიფრებს. ძინედინ ზიდანის ასპარეზობა ერთი შეხედვით სიმარტივით გამოირჩეოდა, მაგრამ ეს გენიალურობასთან მიახლოებული სიმარტივე გახლდათ. საფრანგეთის ნაკრების 80-იანი წლების გუნდს ყველაზე დიდი სიამოვნებით ვიხსენებ. ძალიან მიყვარდა მიშელ პლატინისა და დომინიკ როშტოს თამაშის ცქერა. რასაც ვერ ვიტყვი გერმანელთა მეკარე ჰარალდ შუმახერზე. ხომ გახსოვთ, რა გააკეთა მან 1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალში.
- ფეხბურთსა და კინემატოგრაფს შორის რა საერთო ნიშნებს ხედავთ?
- ფეხბურთიცა და კინოც კულტურული ფენომენები არიან. ნებისმიერი სახელმწიფოს თუ ერის ხასიათი ყველაზე ზუსტად ამ სფეროებში წარმოჩინდება. ჩემი აზრით, ფეხბურთს კინოზე მეტი სოციალური დატვირთვა გააჩნია. ეს ყველაზე მეტად სამხრეთ ამერიკაში იგრძნობა. ამ კონტინენტზე მიმდინარე მატჩები განსაკუთრბულ ატმოსფეროში ტარდება, საყვარელი გუნდის წაგების შემთხვევაში კი ხშირად მთელი სტადიონი ტირის. ბევრჯერ დავსწრებივარ საფეხბურთო შეხვედრებს ალჟირშიც და შემიძლია მოგახსენოთ, რომ იქაური ატმოსფეროც მეტად დამუხტულია ემოციებით. ფეხბურთს ხელს არაფერი უშლის. მატჩები საომარი მოქმედებების პერიოდსა და არეალშიც ტარდება. საერთოდ, მომწონს, როდესაც მინდორზე დაძაბული ორთაბრძოლაა, მაგრამ ვერ ვიტან აგრესიულ გამოხტომებს. განსაკუთრბით ვღიზიანდები, როდესაც ფეხბურთელები მსაჯის გადაწყვეტილელებს აპროტესტებენ.
- მომავალი წლის იანვარში “ოქროს ბურთის” მორიგ მფლობელს გამოავლენენ. თქვენი სიმპათია რომელი ფეხბურთელისკენ იხრება?
- რთული კითხვა დამისვით. ლეო მესიმ უკვე სამჯერ დაისაკუთრა “ოქროს ბურთი” და ვფიქრობ, ახლა კრიშტიანუ რონალდუს დროც დადგა. პორტუგალიელი ამას ყოველგვარი მოწყალების გარეშე იმსახურებს.
გოჩა კაჭარავა