ინტერვიუები

10:36 | 24.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ჟეფრენ სუარესი: ”არ მინდა რობინიოს ”ბარსაში” გადმოსვლა”

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი ჟეფრენ სუარესისთვის იქცა შანსად, დაემტკიცებინა, რომ მას დედამიწის (პრინციპში, მზის სისტემისაც) საუკეთესო კლუბში თამაში შეუძლია. ვენესუელელ ფეხბურთელს დიდი სურვილი აქვს კვლავაც წარმოაჩინოს საკუთარი ტალანტი. კატალონიურ Sport-თან საუბრისას იგი არა მხოლოდ დასრულებულ საკლუბო მუნდიალზე, არამედ ზამთრის სატრანსფერო სეზონში კატალონიელთა რიგებში რობინიოს შესაძლო გადასვლაზეც საუბრობს.

- რას გრძნობდით შაბათს გამართული ფინალის დროს?
- განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ვფიქრობდი, რომ მოე-დანზე ბოიანი შევიდოდა. როდესაც თავად მომეცა თამაშში ჩარ¬თვის საშუალება, თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ პირველივე გადაცემა კარგი გამომივიდა და დავმშვიდდი, თავი უფრო თავისუფლად ვიგრძენი. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად გამოვიდა და გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა.
- რა გითხრათ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ?
- მითხრა, რომ გუნდს სისწრაფე არ ჰყოფნიდა და ჩემი შესვლის შემდეგ, ეს კომპონენტი გამოსწორდა.
- და რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს თანაგუნდელებს?
- მომილოცეს და მითხრეს, რომ მართლა ძალზე სწრაფად ვმოძრაობდი. ფიზმომზადების მწვრთნელები ხუმრობდნენ კიდეც, რომ სიჩქარის გადაჭარბებისთვის დამაჯარიმებდნენ. ამაზე ყველა იცინოდა.
- როგორი რეაქცია ჰქონდათ სახლში?
- სახლში, ტენერიფეზე, ძალზე კმაყოფილები იყვნენ. ისინი არ ელოდნენ, რომ თამაშის საშუალება მომეცემოდა, მითუმეტეს - ფინალში.
- “ბარსელონაში” პედროც კანარის კუნძულებიდან მოვიდა. დიდი ხანია მას იცნობთ?
- ერთმანეთს 5-6 წელია ვიცნობთ. ჩვენი გზები პირველად მაშინ გადაიკვეთა, როდესაც მე “ტენერიფეში”, პედრო კი “სან ისადროში” თამაშობდა. ზოგჯერ ისინი იგებდნენ, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერი გუნდი გვყავდა.
- ფინალის შემდეგ, გუნდში თქვენი სტატუსი მნიშვნელოვნად შეიცვალა?
- მატჩის შემდეგ, ძალიან კარგი განწყობა მქონდა, რადგან სათამაშო დრო აუცილებლად მჭირდებოდა. ბოლო დროს, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, განაცხადშიც კი ვერ ვხვდებოდი და ამის გამო, ცოტათი გაბრაზებულიც ვიყავი. კარგად მესმის, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვირიცხები, მაგრამ თამაში ყველას გვსურს. ეს მატჩი ძალიან დამეხმარა და ახლა ყველაზე მეტად მსურს პროგრესირება. ვიცი, რომ მწვრთნელი თავის ყველა ფეხბურთელს ენდობა.
- გსურთ, რომ ზამთარში თქვენთან რობინიო გადმოვიდეს?
- სიმართლე გითხრათ - არა. ისედაც მიჭირს სათამაშო დროის მოპოვება და ასეთ შემთხვევაში, ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება.
- როგორ გრძნობთ თავს “ბარსას” პირველ გუნდში?
- ძალიან კარგად. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ზოგ თანაგუნდელთან უფრო იოლად ურთიერთობ. მაგალითად, ყველაზე კარგი ურთიერთობა მაქვს აბიდალთან და ანრისთან, მაგრამ ყველანი ძალიან კარგები არიან.
- აცნობიერებთ, რომ როდესაც “ესტუდიანტესის” წინააღმდეგ სათამაშოდ გადიოდით, თქვენი წარმატებული თამაშის ყველას არ სჯეროდა?
- ვისაც არ სჯეროდა, შეუძლია იხილოს ჩემი თამაშის შედეგი. დაკისრებულ მოვალეობას თავი არცთუ ცუდად გავართვი.
- გიფიქრიათ იჯარის წესით სხვა გუნდში წასვლაზე?
- დიახ, რობინიოს მოსვლის შემთხვევაში, არ ვაპირებდი დარჩენას. ახლა, მართალია აქაც არ მაქვს ბევრი სათამაშო დრო, მაგრამ ბევრს ვსწავლობ და ამდენს სხვაგან ვერსად ვისწავლი.
- ალბათ, თქვენთვის სასიამოვნო მოსასმენი იყო, როდესაც პეპმა განაცხადა, რომ რობინიო ზამთარში არ გადმოვა.
- ეს, ჩვენ მან ცოტა ხნის წინათ გვითხრა და იმედი მაქვს, ასეც მოხდება.
- რა გაიფიქრეთ, როდესაც პედრომ ანგარიში გაათანაბრა?
- ვფიქრობდი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მწვრთნელმა იქ ყოფნის და ამ წუთით ტკბობის საშუალება მომცა. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ საბოლოოდ ჩემპიონები გავხდით.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა


 

0.1172