სტატიები

14:03 | 29.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

იზოლაცია - როცა ბიძგია საჭირო

ამასწინათ გოჩა ჯამარაული ჰყვებოდა, გერმანული "ზაარბრიუკენის" ერთ-ერთი ყოფილი ფეხბურთელი გავიცანი და გიორგი ქინქლაძეზე დამიწყო საუბარიო. "ჯამარასთვის" მოუყოლია, რომ პირდაფჩენილები უყურებდნენ ვარჯიშზე და უკვირდათ, აქ, ასეთ პატარა კლუბში რა უნდაო. თურმე, თავიდან ხელმძღვანელობიან-ფეხბურთელებიანად ეჭვის თვალით უყურებდნენ "ქინქის", ამას რამე დაშავებული ხომ არ აქვს, ან რამე ქრონიკული ხომ არ სჭირს, აქ რამ ჩამოიყვანაო.
ასე ხდებოდა. ქართველ ფეხბურთელებს არ იცნობდნენ, რადგან საბჭოეთიდან გამოყოფის შემდეგ, იზოლაციაში მოხვდნენ. აბა, რა უნდოდა ქინქლაძეს (ან თუნდაც მურთაზ შელიას) გერმანიის II ბუნდესლიგის სუსტ გუნდში? კიდევ ბევრს ჩამოვთვლით ასეთ შემთხვევებს და თავად განსაჯეთ.
ისე ხდებოდა, რომ სახვეწნად იყო საქმე, ოღონდ აქედან გაჭრილიყავი. იმ დროს, როცა იგორ კოლივანოვი და იგორ შალიმოვი სერია A-ში მიდიოდნენ, რატომ უნდა წასულიყო თემურ ქეცბაია კვიპროსის "ანორთოსისში"? თანაც, ყველამ იცის, რომ ის "ანორთოსისი" და ზოგადად კვიპროსული ფეხბურთი ახლანდელთან შედარებით, ცა და დედამიწასავითაა. ევროტურნირებზე კვიპროსელებს დიდი ანგარიშით წაგებები გარანტირებული ჰქონდათ.
კიდევ ჩამოვთვლით: ტყუპი არველაძეები - "ტრაბზონსფორში", გია გურული - "კატოვიცეში", შემდგომში ალესანდრე იაშვილი - "ლიუბეკში"... გაგრძელება თავისუფლად შეიძლება. როგორ ფიქრობთ, თავიდანვე უკეთესი გუნდები არ ეკუთვნოდათ? ყველა ამ გუნდში უცებ უპირობო ლიდერები ხდებოდნენ, თავიდან დამტკიცება უნდოდათ და მერე იწვევდნენ გაცილებით ძლიერი კლუბები.
ხომ დაეკარგათ წლები? დაეკარგათ. ეს კი იმის ბრალია, რომ ქართულ ფეხბურთს ვერ სცნობდნენ. შემდეგ, 90-იანების ბოლოს გამოსწორდა მდგომარეობა - მას შემდეგ, რაც ნაკრებმა შესარჩევში მესამე ადგილი დაიკავა, რაც ქინქლაძემ, არველაძეებმა, ქეცბაიამ და სხვებმა გაიბრწყინეს. ქართველებს უკვე სხვა თვალით უყურებდნენ და მაგალითად, იაშვილის დარ ტალანტს "ლიუბეკზე" გაცილებით ძლიერ გუნდს სთავაზობდნენ.
ვფიქრობთ, იმ წლებმა, როცა იზოლაცია იყო, აშკარად შეანელა ნაკრების განვითარების ტემპიც. აკი ვთქვით, 90-იანების ბოლოს გამოსწორდაო, თუმცა ხშირად გაგვიგონია, რომ ქართველები მაინც დაბალ ხელფასს თანხმდებიან და შედარებით სუსტ გუნდებში მიდიან - იმაზე სუსტში, ვიდრე იმსახურებენ.
ანუ, მაინც სახვეწარია.
აბა, წარმოვიდგინოთ 17-წლამდელთა იმ ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ, გასასინჯად რატომ უნდა ჰქონდეთ საქმე ისეთი ქვეყნის გუნდში, რომლის 17-წლამდელები არაფრით გამოირჩევიან? ეს უკვე ფეხბურთელის დამცირებაა.
თავად ფეხბურთელიც არ უნდა დათანხმდეს გასინჯვაზე წასვლას. აქ არ ვგულისხმობთ ნიკა ჭანტურიასა და ლონდონის "არსენალის" ვარიანტს. "არსენალი" სხვა დონეა. მაგრამ ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ - როცა სხვაგვარად არ გიღებენ? ასეთ ჩიხში ემწყვდევიან ქართველი ფეხბურთელები. და მაინც, მეტი თავის დაფასებაა საჭირო. რაც უნდა იყოს, ახლა ქართული ფეხბურთი იზოლირებული არაა, ეგაა, ეროვნული ნაკრები ვერ "ხმაურობს" და ქვეყნის ჩემპიონატიც ვერაა მაღალ დონეზე.
სხვათა შორის, გამიგია, რომ ბოსნიაში ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ძლიერი კლუბების სკაუტები ხშირად ესწრებიან, ჩვენთან კი მსგავსი არაფერი ხდება, ან თუ ხდება, წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ და ისიც გვიკვირს, აი, ნახეთ, ვინაა ჩამოსულიო. არადა, ბოსნიას რა ჩემპიონატი აქვს, ევროტურნირებზე მათი კლუბების გამოსვლიდანაც ჩანს.
მაგალითია საჭირო, ანუ თუნდაც ერთი-ორი ქართველის გაბრწყინება ევროპაში. შემდეგ, ალბათ, სხვა თვალით შემოგვხედავენ. ბოსნიაში იმიტომ ჩადიან, რომ ბოლო წლებში ჯეკომ, პიანიჩმა და სხვებმა გაიბრწინეს. ქინქლაძემ და მისმა თაობამ (მოგვიანებით კი, რა თქმა უნდა, კახა კალაძემ) თავის დროზე, დროის დაკარგვის ხარჯზე, მაგრამ მაინც ბიძგი მისცეს სხვა ქართველ მოთამაშეებს. ახლა კი ახალი ტალღაა საჭირო.
ნამდვილად საცოდაობაა, როცა ქართველი ჭაბუკი ყველანაირად სჯობს ბელგიელს ან ავსტრიელს, მაგრამ ის "ბაიერნში" ან "ტოტენჰემში" ხვდება, ქართველს კი საშუალო დონის გუნდში გასინჯვა სჭირდება...
 

 

ილია ნანობაშვილი
 

0.129448