ინტერვიუები

9:45 | 14.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ივო კატუშიჩი: "ხორვატი კაცი ვამბობ - ტალანტებით თქვენ გვჯობნით"

ამასწინათ თბილისის “დინამოს” ერთ-ერთ ფეხბურთელს უთქვამს, ბოლო წელიწადში ჩვენი ყველაზე კარგი შენაძენი ივო კატუშიჩიაო. ფიზმომზადების ხორვატი მწვრთნელი შარშან ივნისიდან მუშაობს “დინამოში”. კატუშიჩი 30 წლისაა და სხვადასხვა გუნდებთან მუშაობის უკვე 10-წლიანი სტაჟი აქვს.
კატუშიჩმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში ბევრი საინტერესო და ამასთან, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დასაფიქრებელი რამ თქვა – თუმცა, არც პოზიტიური დავიწყებია...

- უპირველესად, თქვენ განვლილ გზაზე გვითხარით: სანამ “დინამოში” მოხვიდოდით.
- 5 წელი ფეხბურთს ვთამაშობდი და ამდენივე დრო მძლეოსნობასაც დავუთმე. სპლიტში ვარ დაბადებული და იქ დავამთავრე ფიზკულტურის ინსტიტუტი. თავიდან ხორვატიის ქვედა ლიგის გუნდებში ვმუშაობდი, შემდეგ ბოსნიაშიც ვიყავი და ხორვატიაში დავბრუნდი, სადაც სპლიტის “ჰაიდუკსა” და “შიბენიკში” ვიყავი ფიზმომზადების მწვრთნელი. განვლილ სეზონში კი ბაქოს “ოლიმპიკში” ვსაქმიანობდი.  უნდა ვთქვა, აზერბაიჯანში პრობლემები მქონდა, იქაურ კლუბებში მხოლოდ ფულზე ფიქრობენ და მგონი, არავის არ აინტერესებდა ფიზმომზადება. მენტალიტეტითაც დიდი განსხვავებაა: აზერბაიჯანი მუსულმანური ქვეყანაა. აი, ხორვატებსა და ქართველებს შორის კი ბევრი რამ არის საერთო – ხასიათი, საქმისადმი მიდგომა და რაც მთავარია, ხორვატიაც და საქართველოც ქრისტიანული სახელმწიფოებია.
- “დინამოში” პრობლემები არ შეგქმნიათ? ანუ, გუნდი ბოლომდე მოგყვებათ და ყველა ფეხბურთელი კარგად ასრულებს თქვენს მითითებებს?
- აქ პრობლემა? არა, რას ამბობთ. 15 ივნისიდან “დინამოში” ვარ და არასოდეს არ მინერვიულია. როდესაც აქ ჩამოვედი, გუნდში ფიზიკური მომზადების მხრივ ცუდი სიტუაცია იყო, ახლა კი ფეხბურთელები დილაობით მოდიან ჩემთან და ვარჯიშობენ. ესაა საქმე – აინტერესებთ. აზერბაიჯანში კი მხოლოდ ფული და ფული. ჰგონიათ, რომ ფინანსებით ყველაფერს გააკეთებენ. გააკეთეს რამე? ვერც ვერაფერი.
- კეთილი. თბილისის “დინამოსა” და ხორვატიის საუკეთესო კლუბ ზაგრების “დინამოს” როგორ შეადარებდით ფიზმომზადების თვალსაზრისით?
- ჯერ ვერ შევადარებ.  მაგალითად, ავიღოთ ლონდონის “არსენალი” და თბილისის “დინამო”. დამიჯერეთ, ზაგრებელები “არსენალთან” უფრო ახლოს დგანან, ვიდრე თბილისელებთან. ეს არც არის გასაკვირი – ბოლო 5 წლის განმავლობაში, ზაგრების “დინამომ” მარტო ტრანსფერებით გამოიმუშავა 70 მილიონი ევრო. გეცოდინებათ, რა თანხად გაიყიდნენ ევროპის წამყვან კლუბებში ლუკა მოდრიჩი, ვედრან ჩორლუკა, ედუარდო... დიდი ფინანსებით კი ბევრი რამის გაკეთება შეიძლება – იმ შემთხვევაში, თუ ფულს სწორად გაანაწილებ და არა ისე, როგორც აზერბაიჯანელები აკეთებენ.
- “დინამოში” თქვენი მუშაობის შედეგს ხედავთ?
- ამას დრო სჭირდება. ჩემი მიზანია, ფეხბურთელები ეტაპობრივად წინ წაიწიონ. მთავარია, რომ მონდომებას ვხედავ. ჯერჯერობით კი საქართველოში ფეხბურთელების ფიზმომზადების დონე დაბალია. თქვენი ახალგაზრდული ნაკრების თამაშს ვუყურე ირლანდიასთან და აშკარად ჩანდა, ტექნიკით ქართველები ათჯერ მაღლა იდგნენ, “ფიზიკაში” და სათამაშო დისციპლინაში კი ბევრად ჩამორჩებოდნენ. საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ სხვა კუთხით აშკარად იჩაგრება.
- თუ შეგიძლიათ, ხორვატია და საქართველო შეადარეთ ტალანტების მხრივ...
- დაახლოებით თანაბარია, მაგრამ თუ მაინცდამაინც არჩევანია, საქართველოს უფრო წინ დავაყენებდი. ამას ვამბობ ხორვატი კაცი. ოღონდ საუბარია 16-17 წლის ჭაბუკებზე. შემდეგ კი ხდება ისე, რომ ხორვატებს უფრო ფართო გასაქანი ეძლევათ, უფრო ჩანან ევროპაში და კიდევ, ჩემს სამშობლოში ფეხბურთელები მოგებას მიეჩვივნენ, თქვენთან კი – წაგებას.
- როგორ ფიქრობთ, თბილისის “დინამოს” წამყვან ფეხბურთელებს ხორვატიის ჩემპიონატში ფიზიკურად ძალიან გაუჭირდებათ?
- არა მგონია. ორი დღის წინ ზაგრების “დინამოს” მცველ დეიან ლოვრენში “ლიონმა” 8 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა, ამ დროს კი, გურამ კაშია არაფრით ჩამორჩება ლოვრენს. მაგრამ კაშია საქართველოშია, ლოვრენი კი – ხორვატიაში. ეს კი პატარა ნიუანსი სულაც არაა.  
- ცნობილი ხორვატი ფეხბურთელებიდან და მწვრთნელებიდან ვის იცნობთ?
- ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ მიროსლავ ბლაჟევიჩს. რა თქმა უნდა, ივო შუშაკსაც კარგად ვიცნობ. ფეხბურთელებიდან კი ყველაზე ახლო კონტაქტი რობერტ იარნისთან მაქვს, რომელიც ხორვატიის ნაკრებში, მადრიდის “რეალში” და სხვა ძლიერ გუნდებში თამაშობდა. ბევრს ვიცნობ...  
- რომელ ქართულ კლუბს გამოარჩევთ ფიზმომზადებით?
- ალბათ, “ზესტაფონს”.
- გვეგონა, “ვიტ ჯორჯიას” იტყოდით – იქ ფეხბურთელთა ვიტამინირების სისტემაა.
- ვიტამინები ბევრს არ წყვეტს. თუ ფიზიკურად მაგრად მომზადებული არ ხარ, ვიტამინი 5 პროცენტით თუ აგწევს მაღლა. შესაძლოა, “ზესტაფონი” უფრო იმიტომ მგონია ფიზმომზადებით ძლიერი, რომ უკეთესი გუნდია.
- ისე, ძნელია ფიზმომზადების მაღალი დონე ჰქონდეთ ფეხბურთელებს, სადაც მინდორი არ ვარგა...
- მინდორი თავის გამართლების ბოლო საშუალებაა. მინდორი არაა და ფიზიკურად ვერ ვივარჯიშებო, ეს რომ თქვას ფეხბურთელმა, ხომ აბსურდია? ერთს ვიტყვი: ფეხბურთელებს მოსწონთ ჩემი ვარჯიშები, ამას ვატყობ და მუშაობის ხალისს მმატებს. თავადაც ხალისობენ – დოზაა საჭირო, ფეხბურთელი არ უნდა გადაიწვას და ვარჯიშის შემდეგ ძირს არ უნდა ეცემოდეს. ვმუშაობთ ტრავმების პრევენციაზე, სისწრაფეზე, გადაადგილებებზე, გამძლეობაზე. ხომ ვამბობ, ეს ჯერ არაა სასურველი დონე, მეტიც, ძალიან ბევრი გვიკლია, მაგრამ თუ წინ არ იარე, რა აზრი აქვს. მაგალითად, მე ჩემი ცოდნის გაღრმავებაზე სულ ვზრუნავ. საახალწლო არდადაგებზე სამშობლოში ვიყავი და იქაც ვიარე კურსებზე. ჩემთვის მუშაობა დასვენებაა.
- დაბოლოს, საქართველო რო¬გორ მოგწონთ და რა კუთხით?
- დავიწყებ “დინამოთი”, სადაც კლუბის პრეზიდენტიდან დაწყებული, დამლაგებლით დასრულებული, ყველასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მწვანეში ჩაფლულია და ეს ძალიან მომწონს. ხალხიც ძალიან თბილია, ხორვატებს ბევრი რამით გვგვანან. ერთადერთი, რაც ნერვებს მიშლის, გზებზე საცობებია...

ილია ნანობაშვილი
 

0.115416