ფეხბურთი

20:09 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ივო კატუშიჩი - "ჰაიდუკზე", "დილაზე", მონატრებაზე, ქართულ-ხორვატულ მსგავსებაზე და განსხვავებაზე, "ტორსიდას" როლზე

 

"ამ გუნდის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი. აქ დაბადებულ-გაზრდილი ვარ. "ჰაიდუკი" რომ ისტორიულად ძლიერი კლუბია, ყველამ იცის, მაგრამ ახლა ფინანსურად უჭირთ და ფანები ეხმარებიან. არ მგონია, რომ "ჰაიდუკი" "დილასთან" ფავორიტი იყოს", - ეს, ხორვატი ივო კატუშიჩის სიტყვებია.

კატუშიჩი 4 წლის განმავლობაში ფიზმომზადების მწვრთნელად მუშაობდა ქართულ კლუბებში: ჯერ თბილისის "დინამოში", შემდეგ "ზესტაფონში" და ბოლოს, ქუთაისის "ტორპედოში". ახალგაზრდა მწვრთნელი მაისში წავიდა სამშობლოში, რადგან "ტორპედოში" კონტრაქტი დაუმთავრდა და აღარ გაუგრძელეს.

ივო სამშობლოში, ადრიატიკისპირა სპლიტში დაბრუნდა და ამ ქალაქის გუნდში მუშაობს: ხორვატიის უმაღლესი ლიგის "სპლიტში". 

"მსოფლიო სპორტი" კატუშიჩს დაუკავშირდა - საინტერესო მოსაუბრეა, რაშიც თავად დარწმუნდებით:

- 4 წელი საქართველოში გაატარეთ. როგორ იხსენებთ ამ პერიოდს?

- დადებითი კუთხით. ნოსტალგიაც მაქვს. რა თქმა უნდა, ხორვატია ჩემი სამშობლოა და ჩემს ქვეყანას ვერაფერი შემიცვლის, მაგრამ საქართველოშიც კარგად ვგრძნობდი თავს. ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავდა თქვენთან. დღესაც ვესაუბრები გია გეგუჩაძეს, გურამ ასპინძელაშვილს, ფეხბურთელებსაც... 4 წელი ცოტა არაა. სიამოვნებით ვესტუმრები საქართველოს, როცა ამის საშუალება მომეცემა.

- მგონი, ქართული სიტყვებიც იცით.

- 80 პროცენტი მესმის. აი, ლაპარაკი კი მიჭირს. ვარჯიშებზე მაინც ხშირად ქართულად ვამბობდი სიტყვებს.

- "ტორპედოდან" წასვლის მიზეზებზე...

- ჯერ ერთი, კონტრაქტი დამიმთავრდა, კლუბში ახალი პოლიტიკა გაატარეს და ჩემთან ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა. მეორეც, აგვისტოს დასაწყისში მეორე შვილი უნდა შემეძინოს. პირველი ვაჟია, სექტემბერში 3 წლის ხდება.

- "სპლიტის" გარდა, სხვა ვარიანტებიც გქონდათ?

- საქართველოდან არა. მქონდა უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან, მაგრამ სპლიტში დაბრუნება მინდოდა.

- საქართველოში გატარებული პერიოდიდან, ნეგატიური რა გახსენდებათ?

- მხოლოდ ერთი შემთხვევა: როცა თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი, კლუბის დირექტორ ბუბა ტყავაძესთან მომიხდა კონფლიქტი, თუმცა უკვე დავივიწყე. წარსულია.

- ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე, გორის "დილა" თქვენი მშობლიური ქალაქის კლუბს, "ჰაიდუკს" შეხვდება. 1 აგვისტოს, სპლიტის "პოლიუდზე" იქნებით?

- რა თქმა უნდა. აუცილებლად დავესწრები ამ თამაშს. საქართველოშიც წამოვიდოდი, რომ არ ვმუშაობდე.

- "დილაში" არაერთი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებთანაც სხვადასხვა დროს გიმუშავიათ.

- ყველა მახსოვს. დოლიძე, კვახაძე, გურული, ბოლქვაძე "ტორპედოდან", ალადაშვილი "ზესტაფონიდან", თომაშვილი "დინამოდან"... არ მინდა ვინმე გამომრჩეს. იმედია, ახლოს ვნახავ ბიჭებს.

- "სპლიტი"_"ჰაიდუკი": როგორი ხასიათის დერბია? შუღლი არსებობს?

- "სპლიტი" ხშირად უმაღკეს ლიგაში არ იყო. ხან პირველ ლიგაში გამოდიოდა, ხან მეორეში, მაგრამ თასზე და ამხანაგურშიც როცა შეხვედრია “ჰაიდუკს", სულ დაძაბულობაა. ყოფილა კონფლიქტები, მოკლედ, დიდი რისკის თამაშია. სხვათა შორის, ხვალ გვაქვს დერბი... ჩემპიონატის მესამე ტურში ვმასპინძლობთ.

- "სპლიტის" სტადიონი, "ჰაიდუკის" "პოლიუდთან" ახლოსაა?

- სულ 500 მეტრია დაშორება. ქალაქში ყველა ამ მატჩს ელის, მათ შორის, მეც მოუთმენლად.

- დაგვიხასიათეთ "ჰაიდუკი", როგორი გუნდია დღესდღეობით.

- საკმაოდ ახალგაზრდულია, რომლის ბირთვს 19-21 წლის ფეხბურთელები წარმოადგენენ. პერსპექტიული გუნდია, თუმცა გამოცდილება აკლიათ ფეხბურთელებს. ამიტომაც, "დილასთან" ფავორიტად ვერ მივიჩნევ.

- რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევთ "ჰაიდუკიდან"?

- კოტდივუარელი ფორვარდი კუასი ძალიან ძლიერია. კარგი ნახევარმცველია ფრანკო ანდრიაშევიჩი, რომელმაც წლეულს ხორვატიის ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა. მთლიანობაში, რომ ვთქვა ერთი-ორი კაცის გუნდია-მეთქი, არ ვიქნები მართალი. გუნდური თამაში იციან.

- მწვრთნელ იგორ ტუდორს, რომელიც ხორვატიის ნაკრებსა და "იუვენტუსში"' თამაშობდა, ბევრს აკრიტიკებენ?

- დიდი ავტორიტეტი აქვს. ცხადია, კრიტიკაც არ აკლია. როგორც პიროვნება, ძალიან უყვართ - ტუდორი პრინციპული და კარგი ადამიანია.

- ხორვატული საიტები ვნახე და "დილასთან" მატჩების წინ ოპტიმიზმი არ აკლიათ.

- ხორვატიაში სულ ასეა. "ბაიერნიც" რომ იყოს მეტოქე, მაინც ოპტიმისტური განწყობაა. ზოგადად, ხორვატი ქომაგი ძალიან მომთხოვნია.

- "ჰაიდუკი" ხორვატიაში N2 კლუბად ითვლება, იუგოსლავიის პერიოდში დიდი გუნდი იყო და რატომ აქვს ასეთი ჩავარდნა?

- მიზეზი ფინანსებია. ისეთი სიტუაციაა, რომ ფანები ეხმარებიან ფულით. "ეხმარებიან" ის სიტყვა არაა - ძალიან დიდ როლს თამაშობენ და ხორვატიის კვალობაზე, საკმაო თანხაც შეაქვთ ფეხბურთელებისთვის. როგორც იცით, მაკედონიის "ტურნოვოსთან" II ეტაპის მატჩში, გულშემატკივრები სტადიონზე არ დაუშვეს, რადგან უეფამ შარშან ერთმატჩიანი სანქცია გამოუწერა "პოლიუდის" სტადიონს. და 20-25 ათასი ქომაგი გარეთ იდგა სტადიონის გარშემო, იქ უყურებდნენ თამაშს. ასე ეხმარებიან საყვარელ კლუბს. 

- მართლაც საოცარია. როგორ ფიქრობთ,. "დილასთან" რამდენი გულშემატკივარი მივა "პოლიუდზე"?

- 25-30 ათასი. "ჰაიდუკის" ფან-კლუბი განსაკუთრებულად ხმაურიანი და აგრესიულია, კლუბის საკეთილდღეოდ ყველაფერს აკეთებენ. "ჰაიდუკის" "ტორსიდა" ოფიციალურად პირველად დაარსებული ფან-კლუბია მთელ ევროპაში და ამით ამაყობენ.

- ხორვატულმა მედიამ, თქვენ არ გამოგკითხათ საქართველოს ამბები?

- დამირეკეს "ჰაიდუკიდან", სადაც მეგობრები მყავს, მაგრამ ხვალ დერბი გველის და ასეთი თამაშის წინ არ გამოვიდოდა "დილაზე" საუბარი.

- "ჰაიდუკის" ფანები მრავლად დადიან გასვლით მატჩებზე?

- მაკედონიაში 300-400 კაცი იყო და სავარაუდოდ, "დილასთანაც" ასე იქნებიან. ძალიან თავგადაკლულები არიან.

- ცნობილია, რომ ზაგრების "დინამოსა" და "ჰაიდუკს" შორის განსაკუთრებული მტრობაა.

- რა თქმა უნდა. რა ჩამოთვლის ამბებს, რაც ამ დერბიში მომხდარა, თუმცა ბოლო წლებში "დინამო" გაცილებით ძლიერია "ჰაიდუკზე". ეს, სპლიტელი ფანებისთვის აუტანელია, მაგრამ ფაქტია.        

- ხშირად უთქვამთ, ხორვატები და ქართველები ერთმანეთს ჰგვანანო. რას იტყოდით?

- დიდი მსგავსებაა. უპირველესად, ტემპერამენტში. საქართველოში ხშირად ისე მიგრძვნიოა თავი, თითქოს ხორვატიაში ვიყავი. მიდგომა, თბილი დამოკიდებულება - ეს ჩანს.

- ფეხბურთის მხრივ: ქართველებს ტალანტები ჰყავთ, ასაკობრივ ნაკრებებს შედეგი აქვთ, შემდეგ კი ეს ყველაფერი ჩერდება. ხორვატიაში არის მსგავსი პრობლემა?

- აქ ნაკლებადაა ეგ პრობლემა, რადგან ხორვატიაში ახალგაზრდები უფრო ბევრს მუშაობენ თავის თავზე. პირობებშიც არის განსხვავება, მაგრამ მაინც, ხორვატები უფრო ინტენსიურად ვარჯიშობენ.

- ანუ, ქართველებს სიზარმაცე ეტყობათ?

- შეიძლება ასეც ითქვას. ყველაფერი შედარებითია: ზარმაცი ხორვატი ტალანტებიც არიან და ქართველი შრომისმოყვარეც ბევრი ვნახე, მაგრამ მაინც, ჩვენთან უფრო უფრთხილდებიან თავის ნიჭს.

- აკადემიების მხრივ როგორ არის საქმე ხორვატულ კლუბებში?

- ჩვენს კლუბში, წლიური 1 მილიონი ევრო, მარტო აკადემიისთვისაა განკუთვნილი. საქართველოშიც ასე უნდა იყოს, მაგრამ ვიცი, რომ სულ ორ-სამ გუნდში ექცევა სათანადო ყურადღება. არადა, საქართველოც და ხორვატიაც ხომ მიმწოდებელი საფეხბურთო ქვეყნები არიან. ჩვენ უნდა აღვზარდოთ და გავყიდოთ. არ ვართ ესპანეთი, იტალია, გერმანია თუ ინგლისი...

0.112819