ინტერვიუები

15:25 | 5.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ივო კატუშიჩი: “ჩამოყვანილ მწვრთნელებზე კი არაა აქცენტის გაკეთება საჭირო, ადგილზე საკუთარი კადრები უნდა მომზადდეს”

ქუთაისის “ტორპედო” მე-3 ქართული გუნდია, სადაც 32 წლის ხორვატი მწვრთნელი ივო კატუშიჩი მუშაობს. ივო სპლიტში დაიბადა, იქვე დაამთავრა სკოლა და სპორტის ინსტიტუტი (2002), რის შემდეგაც საკმაოდ ვიწრო სპეციალიზაციით - ფიზმომზადების მწვრთნელი ფეხბურთში - მუშაობას შეუდგა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ხორვატ სპეციალისტთან ქუთაისელთა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

- ივო, თავიდან ალბათ ფეხბურთის თამაშით დაიწყეთ.
- კი, მაგრამ ფეხბურთი 15 წლამდე ვითამაშე და როცა შევხედე, რომ ჩემში ფეხბურთელის ტალანტი არ იყო, მძლეოსნობაში გადავედი. 400 და 800 მეტრზე სირბილში ხორვატიის ჩემპიონატის გამარჯვებულიც არაერთხელ ვყოფილვარ და პრიზიორიც, მაგრამ ისეთი შედეგები არ მქონდა, რომ საერთაშორისო დონეზე გავსულიყავი.
20 წლისამ მძლეოსნობასაც თავი დავანებე მთლიანად გადავერთე მწვრთნელობაზე. ინსტიტუტში სწავლის II კურსიდან დავიწყე ბავშვების წვრთნა. ხშირად ვესწრებოდი გამოცდილი მწვრთნელების ვარჯიშებს. ნელ-ნელა შევუდექი დამოუკიდებელ პრაქტიკას ხორვატიის მე-3 დივიზიონიდან მოყოლებული უმაღლეს ლიგამდე.
სხვადასხვა დროს მიმუშავია: ხორვატიაში - “შიბენიკი”, სპლიტის “ჰაიდუკი”, “სოლინი”, ბოსნიაში - “პოსუშე”, აზერბაიჯანში - “ოლიმპიკი” (ახლანდელი აზალ-ი).
- საქართველოში როგორ მოხვდით?
- აზერბაიჯანში მუშაობისას ჩვენთან დაახლოებით ნახევარი სეზონი თამაშობდა მიხეილ ხუციშვილი. ერთხელ მან მითხრა, რომ თბილისის “დინამოს” ჩემთან ურთიერთობის დამყარება უნდოდა. მართლაც შევხვდით, მოვილაპარაკეთ და მეც 2009 წლის ზაფხულში აქ გადმოვედი.
- მერე იყო “ზესტაფონში” ერთი წელი და ახლა ქუთაისის “ტორპედო”...
- ის განსხვავებაა, რომ “ტორპედოსთან” 2-წლიანი კონტრაქტი მაქვს.
- თქვენი სპეციალიზაცია მხოლოდ ფეხბურთით ისაზღვრება, თუ უფრო ფართო პროფილი გაქვთ?
- ესაა ძალიან ვიწრო სპეციალიზაცია. სხვაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე ფეხბურთის გარდა, სპორტის ვერცერთ სახეობაში ვერ ვიმუშავებ.
- ხართ “ტორპედოში” და იცით ამ გუნდის გეგმები. როგორია თქვენი ადგილი ამ გეგმების შესრულებაში?
- ჩვენ ახალგაზრდა გუნდს ვაყალიბებთ და ყველას ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩემი ამოცანაა, ფეხბურთელებს ვარჯიშის სწორი მიმართულებები დავუსახო. როცა ყველას ეცოდინება, როგორ უნდა ივარჯიშოს, მერე დავიწყებთ ფიზიკური მომზადების საჭირო დონეზე აყვანას.
სამწუხაროდ, საქართველოში სიძნელეებს ვაწყდებით. მაგალითისთვის, გუნდში მყავს ფეხბურთელები, რომლებიც 10 წელი თამაშობენ ფეხბურთს, მაგრამ საკუთარი სხეულის და ბურთთან ვარჯიშის აზრზე არ არიან. რთულია, მაგრამ თუ დასახული მიზნის მიღწევა გვინდა, ამ სიტუაციის გამოსწორება მოგვიწევს.
ეს რომ მოხდეს, ჩამოყვანილ მწვრთნელებზე კი არაა აქცენტის გაკეთება საჭირო, ადგილზე საკუთარი კადრები უნდა მომზადდეს. სხვაგვარად ქართული ფეხბურთი ვერ განვითარდება.
როცა 20 წლის ხარ, ძნელია ფეხბურთელი გახდე. ამ ასაკისთვის ტაქტიკური, ტექნიკური და ფიზიკური განათლება უნდა გქონდეს იმ დონეზე, რომ მხოლოდ დახვეწაზე იმუშავო. საქართველოში კი, უკეთეს შემთხვევაში, სწორედ ამ ასაკში იწყებენ განათლების მიღებას, რაც უკვე დაგვიანებულია.
- ე.ი. თქვენ საძირკველს აშენებთ?
- სამწუხაროდ, ასეა.
- “ტორპედოში” საფეხბურთო აკადემია ყალიბდება, სადაც საფეხბურთო კადრების მომზადებას ადრეული ასაკიდანვე შეუდგებით.
- მე კლუბში მყავს თანაშემწე შალვა ღონღაძე, რომელსაც აკადემიისა და დუბლშემადგენლობასთან მუშაობა უწევს. მე კი დუბლებთან და პირველ გუნდთან ვმუშაობ.
- ალბათ ოჯახთან განშორება გიჭირთ. არ გიფიქრიათ ოჯახის აქ ჩამოყვანაზე?
- მყავს მეუღლე და წლინახევრის ვაჟი. ისინი მარტის შუა რიცხვებში ჩამოვლენ და ჩემპიონატის ბოლომდე ჩემთან დარჩებიან. ზაფხულში ისევ ხორვატიაში წავლენ და ვფიქრობთ, საქართველოში სექტემბრიდან ისევ შემომიერთდებიან.
- როგორც ჩანს, საქართველოში მუშაობისას დაქორწინებულხართ.
- ქორწილი მქონდა “ზესტაფონში” მუშაობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე - 2010 წლის 4 ივნისს ვიქორწინე და 10-ში გუნდს ავსტრიაში შევუერთდი შეკრებაზე.
- ცოტა რამ საქართველოზე მოგვიყევით.
- აქ საკმაოდ სასიამოვნო, სტუმართმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც რაღაცით ხორვატებს მაგონებენ. ერთგვარი უცნაურობები აქაც შეინიშნება, მაგრამ ამ მხრივ გამონაკლისები არც ხორვატები ვართ.
ქვეყანას რაც შეეხება, აქ უკვე 3 წელია ვმუშაობ და საერთო მდგომარეობის მხრივ რაღაც პროგრესი შეინიშნება. რაც თვალში მხვდება და არ მსიამოვნებს, საგზაო ინფრასტრუქტურაა. კი ამბობენ, რომ თუ რამე გამოსწორდა, ყველაზე მეტად გზების მშენებლობა გამოსწორდაო, მაგრამ ე.ი. მანამდე იყო ძალიან ცუდად საქმე.
ქუთაისში რასაც ჯერ კიდევ ვერ ვგებულობ, ესაა წყალი გრაფიკით. შეიძლება ეს აქ ჩვეულებრივი ამბავია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ მე არ ვარ მიჩვეული ამას და იმიტომაც ვუსვამ ხაზს ამ უხერხულობას.
- ივო, თქვენ მეტნაკლებად კარგად იცით კონკურენტი გუნდების ფიზმომზადება. რა შანსი აქვს “ტორპედოს” მეტოქეებთან ჭიდილში უკეთესი სპორტული შედეგის ჩვენების საქმეში?
- ასე ვიტყოდი, კარგი ფიზმომზადება გუნდს ძალიან ეხმარება კარგი შედეგის ჩვენებაში, მაგრამ მთავარი ტაქტიკა-ტექნიკური მომზადება, გამოცდილებაა.
- ბოლოს, თქვენს საფეხბურთო გეგმებზეც გვითხარით.
- ჩემი გეგმის უახლოესი წელიწადნახევარი “ტორპედოს” უკავშირდება. მერე ვნახოთ, რა იქნება. სიმართლე გითხრათ, 3-4 წელი კიდევ მინდა უცხოეთში ვიმუშავო და სამშობლოში მერე დავბრუნდე. 
 

www.fctorpedo.ge

 

0.155128