მიუნხენის “ბაიერნის” ხორვატ ფორვარდ ივიცა ოლიჩზე გულშემატკივრებს არაერთგვაროვანი წარმოდგენა აქვთ, თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ იგი მინდორზე ბოლომდე არ იბრძვის, უდიდესი მოცულობის სამუშაოს არ ასრულებს, ბალკანელის კრიტიკოსებს კი მის მიერ გატანილ უმნიშვნელოვანეს გოლებს შევახსენებთ. გერმანიაში სეზონი ოფიციალურად ჯერ გახსნილა, თუმცა, ივიჩმა ერთი ტიტულის მოპოვება უკვე მოასწრო – “ბაიერნმა” ქვეყნის სუპერთასისთვის მატჩში “შალკე” დაამარცხა.
- ივიცა, საფეხბურთო მინდორზე კოლოსალური მოცულობის სამუშაოს ასრულებთ. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ასეთივე ბეჯითი ხართ თუ ოლიჩი-ფეხბურთელისგან რადიკალურად განსხვავდებით?
- ამ კითხვით ჟურნალისტები აქამდე ჩემ ცოლს მიმართავდნენ ხოლმე, მისი პასუხიც ყოველთვის ამგვარია: “ივიცა შინ ასე ბევრს არ დარბის” (იცინის). ოჯახურ გარემოში ყოფნისას მშვიდ ცხოვრებას ვანიჭებ უპირატესობას და სავარძელში ან საწოლში ნებივრება ჩემთვის უცხო სულაც არაა. რბენა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიწევს, როცა შვილებს ფეხბურთს ვეთამაშები. ამ დროსაც კი წაგება არ მიყვარს და საკუთარ პირმშოებსაც მხოლოდ მოსაგებად ვეასპარეზები.
- ჯერ კიდევ ხორვატიაში თამაშისას ჟურნალისტებმა ბატარეების სარეკლამო რგოლის კურდღელს შეგადარეს. ვიზუალური მსგავსება მართლაცაა. ცნობილმა ფირმამ ბატარეა ხომ არ ჩაგიმონტაჟათ, წინააღდეგ შემთხვევაში ძნელი გასაგებია, საიდან გაქვთ ამხელა ენერგია...
- გითხრათ სიმართლე, სულაც არ მაღიზიანებს, “დურასელის” ფირმის სარეკლამო კურდღელს რომ მადარებენ. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ენერგიას რაც შეეხება, ბატარეა არაფერ შუაშია – წინასასეზონო პერიოდში ძალიან ბევრს ვმუშაობ, ყოველთვის კარგ ფორმაში ვარ და თუკი ტრავმამ ხელი არ შემიშალა, მინდორზე დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება შემიძლია.
- რატომ არ გეყოთ “მუხტი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის “ინტერის” წინააღმდეგ თამაშისას?
- დღემდე ვერ ამიხსნია, გადამწყვეტ მატჩში რა დაგვემართა. მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” თითოეულმა ჩვენთაგანმა და მთლიანობაში “ბაიერნმა” თავისი საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა. არადა, რა კარგად გამოვიყურებოდით ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ტურინის “იუვენტუსთან”, შემდეგ კი მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლიონთან”.
- არადა, ჰეთ-თრიკის შესრულების მშვენიერი შანსი გაუშვით ხელიდან. ვინ იცის, როდის მოგეცემათ კიდევ ერთხელ საიმისო შანსი გერმანიის ჩემპიონობასა და თასთან ერთად, ევროპის ყველაზე პოპულარული საკლუბო ტურნირიც მოიგოთ...
- ძნელი სათქმელია, თუმცა, “ბაიერნი” ყოველი სეზონის სტარტის წინ სწორედ ამას ისახავს მიზნად.
- “ბაიერნს” წინა სეზონი ურიგოდ ნამდვილად არ ჩაუტარებია, თუმცა არ გვგონია ლუის ვან გაალი მომატების რეზერვს არ ეძებდეს. თქვენი აზრით, რომელი საფეხბურთო ასპექტით უნდა მოუმატოს გუნდმა?
- როდესაც ჩვენ გუნდს დიდი ძალით უტევენ, დაცვა ხშირად დაძაბულობას ვერ უძლებს. ეს თვალნათლივ გამოჩნდა “ფიორენტინასთან”, “მანჩესტერთან”, “ინტერთან” საჩემპიონთალიგო დაპირისპირებისას. ამ მატჩების მსვლელობისას ნახევარსაათიანი ჩავარდნა გვქონდა. ფლორენციელებსა და მანჩესტერელებთან ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა, ჟოზე მოურინიოს “ნერაძურიმ” კი დაგვამარცხა. ვან გაალი ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად ბევრს მუშაობს და ფიქრობს.
- წინა სეზონში 19 გოლი გაიტანეთ. მათგან რომელს თვლით ყველაზე მნიშვნელოვან და ლამაზ ბურთებად?
- ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მიუნხენის “ოლიმპიაშტადიონზე” “მანჩესტერთან” თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ვმარცხდებოდით. უეინ რუნის მეორე წუთზე გატანილი გოლი ფრანკ რიბერიმ 77-ეზე გაქვითა, მე კი თავი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამოვიჩინე თავი. ეს ბრწყინვალე მომენტი იყო, რომელმაც საბოლოოდ მომდევნო ეტაპისკენ გაგვიხსნა გზა. სხვა მნიშვნელოვანი გოლებიც გავიტანა, მაგრამ ამ ბურთს განსაკუთრებულად ვთვლი.
- განმეორებით შეხვედრაშიც მოახერხეთ თავის გამოჩენა, როცა ფერგიუსონის გუნდი 3:0-ს გამარცხებდათ...
- პირველი ტაიმი ამ ანგარიშით რომ დასრულებულიყო, მეორეში გაგვიჭირდებოდა სასურველი ანგარიში დაფიქსირება. “ოლდ ტრაფორდზე” ტექნიკურად რთულად შესასრულებელი დარტყმით გავიტანე. თუ გახსოვთ, მახვილი კუთხის პირისპირ ვიყავი და ედვინ ვან დერ საარიც წინ გამოვიდა... მაინც მიუნხენურ გოლს გამოვარჩევდი, თუნდაც იმიტომ, მისი გატანის შემდეგ მთელი “ოლიმპიაშტადიონი” როგორ აღრიალდა. არასდროს დამავიწყდება მოზეიმე გულშემატკივრების ემოცია.
- ხორვატიის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა. სამაგიეროდ მუნდიალზე “ბაიერნის” ბევრმა ფეხბურთელმა იასპარეზა. თანაგუნდელების გამოსვლა მოგეწონათ?
- გერმანიის ნაკრებმა განმაცვიფრა. იოაჰიმ ლიოვის ბუნდესგუნდმა მუნდიალზე საუკეთესო თამაში აჩვენა. ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურებოდა ჰოლანდია, თუმცა, მის ნაკრებს ეფექტიანობის ნაკლებობას ვერ დავწამებთ. ძალიან მიხარია, ამ ნაკრებთა წამყვანი ფეხბურთელები “ბაიერნის” წევრები რომ არიან.
- გერმანელთა და ჰოლანდიელთა კარგი ასპარეზობის მიუხედავად, მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი გახდა...
- ჯგუფურ ეტაპზე პირენელები საუკეთესოდ არ გამოიყურებოდნენ, ნახევარფინალსა და გადამწყვეტ მატჩში კი ვისენტე დელ ბოსკეს ბიჭებმა თავიანთი შესაძლებლობები ლამის სრულად წარმოაჩინეს. სწორედ ესაა მაღალი კლასის ფეხბურთელებისა და გუნდის დამახასიათებელი თვისება – გადამწყვეტ მომენტში მაქსიმუმის გამოვლენა.
- ტომას მიულერის შედეგიანი გამოსვლა თუ იყო თქვენთვის მოულოდნელი?
- გაოცებული ვარ, როცა ავტორიტეტული სპეციალისტები ამბობენ, მიულერის ამგვარ წარმატებულ თამაშს არ ველოდითო. მან მთელი სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. ერთადერთი რასაც მიულერი შეეძლო “დაეღალატებინა”, ეს მისი შედარებითი გამოუცდელობაა. საბედნიეროდ ასე არ მოხდა.
- წინასამუნდიალოდ ტურნირის ბომბარდირობას რუნის, ტორესს, კრიშტიანუ რონალდუს, დროგბას, ვილიას უქადნენ. მათგან ავანსი მხოლოდ ვილიამ გაამართლა...
- მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ – სამხრეთ აფრიკაში გამოკვეთილ თავდამსხმელებს არ გაუმართლათ.
- ახალ სეზონში რამდენი გოლის გატანას აპირებთ?
- შარშან 3 ტურნირის მატჩებში 19-ჯერ გამოვიჩინე თავი, რაც ჩემი ამპლუის მოთამაშისთვის ურიგო მაჩვენებელი არაა. “ჰამბურგში” თამაშისას 20-ბურთიანი ზღვარიც მაქვს გადალახული. კარგი იქნება, თუკი ამას “ბაიერნის” მაისურითაც შევძლებ. გამოგიტყდებით, ეს ჩემი მიზანია.
- “ბაიერნმა” თავისი საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ტონი კროოსი დაიბრუნა. ამით გუნდის შეტევითი პოტენციალი გაძლიერდა...
- წინა ხაზზე კონკურენცია შარშანაც დიდი იყო. თანაც, ვან გაალი არ მიცნობდა, ამჟამად კი მან ჩემი შესაძლებლობები კარგად იცის და მეტ ნდობასაც მიცხადებს. რომელიმე მატჩში ჰოლანდიელმა დამრიგებელმა სათადარიგოთა სკამზეც რომ დამსვას არ ვინერვიულებ – იგი აუცილებლად მომდევნო შეხვედრაში თავის გამოჩენის და გუნდისთვის სარგებლობის მოტანის შანსს აუცილებლად მომცემს.
გოჩა კაჭარავა