სტატისტიკურად დადგენილია, რომ გასულ სეზონში “იუვენტუსი” ქულების მოგროვებას ძირითადად იმ შეხვედრებში ახერხებდა, როცა მოჰამედ სისოკო მოედანზე იყო. მიმდინარე სეზონში კი, ტრავმის გამო მალელმა ფეხბურთელმა მხოლოდ 3 საჩემპიონატო შეხვედრის ჩატარება მოახერხა. ამ დღეებში აფრიკელ ნახევარმცველს Tuttosport-ის ჟურნალისტი ესტუმრა და მასთან ინტერვიუ სწორედ ტრავმაზე საუბრით დაიწყო.
- მკურნალობის პროცესი როგორ მიდის, მოასწრებთ “უდინეზესთან” მატჩამდე სრულად გამოჯანმრთელებას?
- სეზონის დასაწყისი მუხლის სერიოზული ტრავმის გამო გამიცდა. საბედნიეროდ, აღდგენა მალე მოვახერხე, თუმცა, ორი კვირაც არ იყო გასული, რომ უკვე ბარძაყის კუნთი დავიზიანე. ალბათ, განსაკუთრებული ორგანიზმი მაქვს - გამოჯანმრთელება ამჯერადაც ნავარაუდევზე მალე მოვახერხე. სადღეისოდ სატრენაჟორო დარბაზში ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, ორშაბათიდან გუნდთან ერთად მოვემზადები. ასე რომ, შესაძლოა, “უდინეზესთან” მატჩისთვის უკვე მზად ვიყო.
- სეზონის სტარტზე ტრავმით გამოწვეული უქმობის გამო, დეპრესიაში მართლა ჩავარდით? ენკეს თვითმკვლელობის შემდეგ, ეს საკითხი ყველას აინტერესებს.
- მეც მქონდა რთული პერიოდი. დიდი ხნით უფეხბურთოდ ყოფნამ ჩემს ნერვულ სისტემაზე მართლაც იმოქმედა. ვფიქრობ, დეპრესიული პერიოდი ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება, მაგრამ მე ამ სენის დამარცხება შევძელი და ეს უპირველესად ოჯახის წევრთა თანადგომით მოვახერხე.
- თანაგუნდელთა მხრიდან არ გქონდათ მხარდაჭერა?
- როგორ არა. ზებინა, ტიაგუ, კამორანეზი და კლუბის ხელმძღვანელები საფრანგეთში სისტემატურად მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ - “მომო, ჩვენ შენ მოუთმენლად გელით”. სიმართლე გითხრათ, ამის მოსმენა ძალიან მსიამოვნებდა.
- წარმოგიდგენიათ თავი “იუვენტუსის” ლიდერის როლში?
- უფრო მეტიც - ეს ჩემი უმთავრესი ოცნებაა.
- სისოკო, მელო, კამორანეზი, მარკიზიო, ტიაგუ, პოულსენი, დიეგო: “იუვენტუსის” ძირითადში ადგილი რომელ თქვენგანს აქვს გარანტირებული?
- არც ერთს. კონკურენცია ძალიან კარგია. ეს დაუღალავი შრომისა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის წარმოჩენის სტიმულს გაძლევს. შემდეგ კი, ფერარას ჯერიც დგება, რომელმაც საუკეთესოები უნდა შეარჩიოს.
- მუნტარი, კამბიასო, ძანეტი, ტიაგო მოტა, სტანკოვიჩი, სნეიდერი, ვიეირა....
- მართალია, “ინტერის” ნახევარმცველები უძლიერეს ნაკრებებში თამაშობენ, მაგრამ მთლიანობაში ჩვენზე ძლიერები ნამდვილად არ არიან.
- ჩემპიონატის ლიდერ “ინტერს” 5 ქულით ჩამორჩებით...
- დღესდღეობით ტიტულზე საუბარი ძალიან ადრეა. ჯერ ჩემპიონატის მესამედი ნაწილიც არ არის გასული და მის დასრულებამდე შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს. ამ ეტაპზე მხოლოდ თითოეული მატჩის მოგებასა და საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის უნდა ვიზრუნოთ. ბოლოს კი, ყველაფერი თავისთავად შეჯამდება. ამასთან, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება “მილანის” უგულვებელყოფა. “როსონერი” მოგებებს მიჩვეული გუნდია, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის, როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს. თანაც, ლეონარდოს განკარგულებაში მსოფლიოს ვარსკვლავები არიან.
- ფერარა უკვე შემდგარი სპეციალისტია?
- მე მას ჯერ კიდევ ფეხბურთელობის პერიოდში ვიცნობდი, თუმცა მოედანზე დაპირისპირება არ მოგვიწია. ჩიროს ძალიან კარგად ეხერხება გუნდის სტიმულირება, მისი საბრძოლოდ განწყობა, მოთამაშეებთან ახლობლური ურთიერთობის დამყარება. ამასთან, ის შესანიშნავად ერკვევა საფეხბურთო ნიუანსებში.
- თქვენ ტიტულები ესპანეთშიც მოიგეთ და ინგლისშიც. იტალიის ჯერი კიდევ არ დადგა?
- “იუვენტუსში” თამაში სწორედ ამის გამო ვარჩიე. მინდა მის შემადგენლობაში მაქსიმალურად ბევრი ტიტულის მოგება შევძლო.
- თავიდან “ოსერში” თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდით...
- დიახ, შემდეგ რაფა ბენიტესმა ნახევარდაცვაში გადამიყვანა და ამის გამო მე მისი ძალიან მადლიერი ვარ. მოედნის ცენტრში თავს გაცილებით უფრო კომფორტულად ვგრძნობ.
- გულშემატკივარს თქვენი ბრძოლის ჟინი ძალიან მოწონს. თუ გსიამოვნებ, როცა ისინი თქვენს სახელს მღერიან?
- “სისოკო ლა-ლა-ლა-ლა-ლა-ლა”. მე ვაღმერთებ მათ ამ სიმღერას. ეს უბრალოდ ფანტასტიკაა. ვგრძნობ, რომ “იუვენტუსის” ტიფოზებმა მიშვილეს და მსურს ეს ერთგულება ტიტულების მოგებით გადავუხადო.
- მეტსახელი “რვაფეხა”, სისოკოს სრული დახასიათებაა?
- “ლივერპულში” “პანტერა” ვიყავი, აქ “რვაფეხას” მეძახიან. მოკლედ, მუტანტი ვარ...
- მალე დელ პიეროც დაბრუნდება. ამასობაში, “იუვეს” დიეგოც კარგად შეეწყო. როგორ ფიქრობ, შეძლებენ ისინი მოედანზე ერთად ყოფნას?
- ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები და უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან. ჩემი აზრით, ისინი პარტნიორობას შეძლებენ კი არა, ძალიან კარგად შეავსებენ ერთმანეთს.
- იტალიური კლუბებიდან, ამჟამად ყველაზე ლამაზ ფეხბურთს რომელი თამაშობს?
- “ჯენოა”. ამ გუნდში არაერთი ინდივიდუალისტია, რომლებსაც მშვენივრად ეხერხებათ საფეხბურთო ტირუკების ჩატარება. მე აღფრთოვანებული ვარ მათი თამაშით.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- დილაობით დიდხანს მძინავს. შემდეგ კი, ჩემი ორი წლის ქალიშვილი მაღვიძებს და გასეირნებას მთხოვს. იგი ახლა იმ ასაკშია, როცა ადამიანს მუდამ მოძრაობა და სირბილი უნდა.
- თქვენი საყვარელი ფეხბურთელი.
- ვიეირა როცა ფორმაშია, მას ვერავინ შეედრება. ძალიან მომწონს პირლოც. ის ძალიან ტექნიკური და ელეგანტური მოთამაშეა.
- სპორტსმენი, რომელიც ყველაზე მეტად აღგაფრთოვანებთ.
- “ბოსტონ სელტიქსის” კალათბურთელი კევინ გარნეტი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სპორტის სხვადასხვა სახეობას წარმოვადგენთ, ვფიქრობ, თამაშის მანერით ბევრი საერთო გვაქვს.
- ეტოო ამბობს, რომ ევროპაში მუშაობს და აფრიკაში ძინავს.
- ჩვენს შორის ერთი განსხვავებაა - ის კამერუნში დაიბადა, ხოლო მე საფრანგეთში, სადაც გავიზარდე კიდეც და კარიერაში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ჩემი ისტორიული სამშობლო მალი მხოლოდ მაშინ გავიცანი, როცა ეროვნულ გუნდში დავიწყე თამაში. სიმართლე გითხრათ, მე თავს ევროპაშიც კარგად ვგრძნობ და აფრიკაშიც.
- არის ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც ფერარას ურჩევდით?
- “სევილიას” მალელი თავდამსხმელი ფრედერიკ კანუტე. ის შესანიშნავი ფორვარდი და ჩემი კარგი მეგობარია.
- რომელიმე აფრიკული ნაკრები მოახერხებს როდესმე მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას?
- ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს, თუმცა ის დანამდვილებით ვიცი, რომ ამგვარი მიღწევა მთელ აფრიკულ კონტინენტს უდიდეს სიხარულს მოუტანდა.
- თქვენ პარიზელ მეგობარ ბაბაკულს, ვარცხნილობის ახალი სტილი ხომ არ შემოუთავაზებია, ჩემპიონთა ლიგის ან “სკუდეტოს” მოგების შემთხვევაში?
- ჯერჯერობით ამ ვარცხნილობაში თავს კარგად ვგრძნობ. თუკი რომელიმე მნიშვნელოვანი ტიტულის მოგებას მართლაც შევძლებთ, მე და ბაბაკული ახალ სტილს ერთად შევარჩევთ.
მოამზადა ლუკა ანდრიაძემ