ჩემპიონთა ლიგამ იმ ეტაპს მიაღწია, როდესაც უკვე 1/8-ფინალში გამსვლელი გუნდების გამოვლენას უნდა ველოდეთ. არის შანსი, რომ დღეს შემდეგი ეტაპის საგზური ოთხმა გუნდმა მოიპოვოს. ესენი არიან “რეალი”, “პარი სენ ჟერმენი”, “ბაიერნი” და “სიტი”, რომლებიც ჯერჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობენ.
A ჯგუფი
სოსიედადი-მანჩესტერი (პირველი მატჩი 0:1)
დღევანდელი ჯგუფებიდან ერთადერთი, რომელშიც შემდეგ ეტაპზე გამსვლელი ჯერჯერობით ნამდვილად ვერ გამოვლინდება, პირველი ოთხეულია. თუმცა, დღეს მოგების შემთხვევაში, ჯგუფის ფავორიტი “მანჩესტერი” 1/8-ფინალისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს.
2 კვირის წინათ მანჩესტერში წაგების შემდეგ, შიდა ასპარეზზე, “სოსიედადს” საქმეები კარგად წაუვიდა. ბასკებმა ორი საშინაო შეხვედრა მოიგეს, სტუმრად გამართულ ერთ მატჩში კი ქულა აიღეს. შედეგად, იაგობა არასატეს გუნდი მე-7 პოზიციამდე აღზევდა.
კიდევ უფრო წარმატებული ორკვირიანი მონაკვეთი ჰქონდა “მანჩესტერს”. დევიდ მოიესის შეგირდებმა პრემიერლიგის ორივე თამაში მოიგეს და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორეს, ხოლო ინგლისის თასის 1/8-ფინალური ეტაპი იოლად დასძლიეს.
მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს ესტრადა, გრანერო და იფრანი ვერ დაეხმარებიან. სტუმრებს ფლეტჩერის, ევანსისა და რაფაელის გარეშე თამაში მოუწევთ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ევრას, კლევერლის, უელბეკისა და კერიკის საკითხი.
- “სოსიედადს” პირველ 3 ტურში 3 წაგება აქვს. სან სებასტიანელებს, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 4 თამაში არასდროს წაუგიათ;
- “მანჩესტერს” ბასკეთში აქამდე 2-ჯერ უთამაშია. “იუნაიტედმა”, “ბილბაოსთან”, 1956-57 წლების სეზონში 3:5, ხოლო 2011-12 წლების სეზონში 1:2 წააგო;
- “ატლეტიკოში” თამაშის დროს, დავიდ დე ხეა “სოსიედადს” 2-ჯერ დაუპირისპირდა. ესპანელი მეკარის გუნდმა ორივეჯერ მოიგო, შინ 3:0 და სტუმრად 4:2;
- ანტუან გრიზმანმა, ამ გუნდებს შორის 2 კვირის წინათ გამართული მატჩის შემდეგ, 3 თამაშში 5 გოლი გაიტანა;
- რობინ ვან პერსის, “მანჩესტერის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 19 თამაშში 16 გოლი აქვს გატანილი;
- “მანჩესტერმა”, ყველა ტურნირზე, ბოლო 4 თამაში მოიგო;
- “ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 გასვლით მატჩში “მანჩესტერს” მოგება არ აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო, კ. მარტინესი, გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა, მარკელი, სურუტუსა, ველა, პრიეტო, გრიზმანი, აგირეჩე.
მანჩესტერი (4-2-2-2): დე ხეა, სმოლონგი, ჯონსი, ევანსი, ევრა, კერიკი, გიგზი, ვალენსია, კაგავა, რუნი, ვან პერსი.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).
შახტარი-ლევერკუზენი (პირველი მატჩი 0:4)
2 კვირის წინათ გამართულ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავებისთვის ბრძოლაში ფავორიტი გემრანული გუნდია. სემი ჰიიპიას შეგირდებმა “შახტარს”, რომელიც მიმდინარე სეზონში ცუდად გამოიყურება, 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.
“ლევერკუზეთან” განადგურების შემდეგ, “შახტარმა” უკრაინის ჩემპიონატში ერთი თამაში იოლად კი მოიგო, მაგრამ გასულ უქმეებზე, დონეცკელებმა მარცხი იწვნიეს და მორიგი ქულები დაკარგეს.
შიდა ჩემპიონატის ბოლო ტურში წააგო “ლევერკუზენმაც”, რომელიც ლიდერ “ბაიერნს” 4 ქულით ჩამორჩება.
“ლევერკუზენი” დონეცკს ტრავმირებული რაინარტცის გარეშე ეწვია. საეჭვოა სპაჰიჩის თამაშიც.
- ამჟამად “ლევერკუზენის” მეკარეს, ანდრეს პალოპს, “სევილიაში” თამაშის დროს, “შახტარის” წინააღმდეგ დონეცკში გამართულ მატჩში გოლი აქვს გატანილი;
- “შახტარმა”, უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 13 ქულა დაკარგა. გასულ სეზონში, დონეცკელებს მთელს გათამაშებაში 11 ქულა ჰქონდათ დაკარგული;
- “შახტარმა”, უკრაინის ჩემპიონატის ბოლო 30 საშინაო თამაშიდან 27 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა;
- ამ გუნდებს შორის 2 კვირის წინათ გამართულ მატჩამდე, “შახტარს”, ყველა ტურნირზე, გოლი ზედიზედ 31 თამაშში გაჰქონდა;
- ორი კვირის წინათ “შახტართან” 4:0 მოგება, “ლევერკუზენის” ისტორიაში, ევროტურნირებზე, ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა;
- სიდნეი სემმა, მიმდინარე სეზონში, უკვე 11 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში, მას მხოლოდ 5 ბურთი ჰქონდა გატანილი.
სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი, ჰუბშმანი, ფერნანდო, კოსტა, ბერნარდი, ილსინიო, ლუიზ ადრიანო.
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო, დონატი, თორფაქი, სპაჰიჩი, ბოენიში, როლფესი, ბენდერი, კასტრო, სემი, სონი, კისლინგი.
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).
1. | მანჩესტერი | 3 | 2 | 1 | 0 | 6:3 | 7 | |
2. | ლევერკუზენი | 3 | 2 | 0 | 1 | 8:5 | 6 | |
3. | შახტარი | 3 | 1 | 1 | 1 | 3:5 | 4 | |
4. | სოსიედადი | 3 | 0 | 0 | 3 | 1:5 | 0 |
B ჯგუფი
იუვენტუსი-რეალი (პირველი მატჩი 1:2)
ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღება ტურინისკენაა მიპყრობილი. “იუვენტუს სთედიუმზე”, ევროპული ფეხბურთის გრანდები ერთმანეთს განსხვავებული მიზნებით დაუპირისპირდებიან. “იუვენტუსის” საზრუნავი შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსების შენარჩუნებაა. მადრიდელები კი, 1/8-ფინალში ახლავე გასვლისთვის იბრძვიან. კარლო ანჩელოტის გუნდი დასახულ მიზანს დღესვე იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ “იუვენტუსს” დაამარცხებს, ან ქულას აიღებს და “კოპენჰაგენი” “გალათასარაის” ვერ მოუგებს.
მადრიდული შეხვედრის შემდეგ, “იუვენტუსმა”, სერია A-ში, სამივე თამაში მშრალად მოიგო და ლიდერთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.
“რეალმა”, “იუვენტუსთან” 3 ქულის აღების შემდეგ, ლა ლიგის 2 მატჩში იმარჯვა, ხოლო ერთში, ყველაზე მნიშვნელოვანში, მარცხი იწვნია. “იუვენტუსთან” მოგებიდან 3 დღეში მადრიდელები უქულოდ “ელ კლასიკოში” დარჩნენ, რის გამოც, ისინი ლიდერ “ბარსელონას” 6 ქულით ჩამორჩებიან.
“იუვენტუსი” და “რეალი” ერთმანეთს მეთექვსმეტედ დაუპირისპირდებიან. გასული 15 თამაშიდან 7 ტურინელებმა მოიგეს, ხოლო 8 – მადრიდელებმა. იტალიაში გამართულ 6 თამაშში მასპინძლებმა 5-ჯერ მოიგეს, ხოლო სტუმრებს გამარჯვება ერთხელ დარჩათ.
“იუვენტუსს” ტრავმირებული პეპეს, ლიხტშტაინერისა და ვუჩინიჩის გარდა დისკვალიფიცირებული კიელინიც არ ეყოლება. “რეალის” ერთადერთი დანაკლისი ფაბიუ კოენტრაუა.
- “რეალმა” გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 19 გასვლით მატჩში გაიტანა. მადრიდელებმა ამ 19 თამაშიდან მხოლოდ 4 წააგეს;
- “რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი “იუვენტუსს” 1999-2001 წლებში წვრთნიდა. იმ დროს, ტურინელებს გუნდის დღევანდელი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კაპიტნობდა;
- კარლო ანჩელოტის ასისტენტი ზინედინ ზიდანი “იუვენტუსში” 1996-2001 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც მან “რეალს” მიაშურა;
- ესპანეთში თამაშის დროს, ფერნანდო ლიორენტეს “რეალის” კარში 5 გოლი აქვს გატანილი. მისი მოედანზე ყოფნის დროს, “ბილბაომ” მადრიდელებს 17 თამაშიდან 1 მოუგო, ხოლო დანარჩენ 16 მატჩში “სამეფო კლუბმა” იმარჯვა;
- ესპანეთში თამაშის დროს, მარტინ კასერესმა “რეალს” ერთხელ გაუტანა, მაგრამ მისმა გუნდებმა “სამეფო კლუბთან” გამართული ხუთივე თამაში წააგეს;
- “იუვენტუსს”, ჩემპიონთა ლიგაზე, 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს;
- წინა ტურში “რეალთან” წაგების შემდეგ, “იუვენტუსმა” სერია A-ს ზედიზედ 3 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. მანამდე, მიმდინარე სეზონში, ტურინელები ზედიზედ 2 მშრალი თამაშის ჩატარებასაც ვერ ახერხებდნენ;
- პირველ სამ ტურში 7 გოლის გამტანი კრიშტიანუ რონალდუ გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რეკორდი 8 გოლია;
- კრიშტიანუ რონალდუმ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 21 თამაშში 26 გოლი გაიტანა;
- გარეთ ბეილმა, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 2 თამაშში 4 საგოლე გადაცემა გააეკთა და 2 ბურთი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი, კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა, პირლო, ვიდალი, პოგბა, მარკიზიო, ტევესი, ლიორენტე.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი, არბელოა, რამოსი, პეპე, მარსელო, ხედირა, ილიარამენდი, დი მარია, მოდრიჩი, რონალდუ, ბენზემა.
მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).
კოპენჰაგენი-გალათასარაი (პირველი მატჩი 1:3)
პირველი 3 ტურის შემდეგ გაირკვა, რომ “გალათასარაის” 1/8-ფინალში გასლის საკმაოდ დიდი შანსები აქვს. მათ შესანარჩუნებლად თურქებს ჯგუფის აუტსაიდერ “კოპენჰაგენთან” დღეს მოგება მართებთ.
მიმდინარე სეზონის ძალიან ცუდად დამწყებმა “კოპენჰაგენმა”, დანიის ჩემპიონატის ბოლო 4 მატჩში 10 ქულის აღებით, სატურნირო მდგომარეობა კი გამოიკეთა, მაგრამ სოლბაკენის გუნდი ლიდერს მაინც 7 ქულით ჩამორჩება.
ბოლო 2 კვირაში, თურქეთის ჩემპიონატის ორივე თამაში მოიგო “გალათასარაიმ”, რომლის მიზანიც, “კოპენჰაგენის” მსგავსად, ლიდერთან ჩამორჩენის აღმოფხვრაა. ამჟამად, მე-4 ადგილზე მყოფი “გალათასარაი” პირველადგილოსან “ფენერბაჰჩეს” 6 ქულით ჩამორჩება.
მატჩის ერთადერთი დანაკლისი სტუმართა ფეხბურთელი ჰამით ალთინთოფია, რომელიც შეხვედრას ტრავმის გამო ტოვებს.
- “კოპენჰაგენს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი საკუთარ კედლებში არასდროს წაუგია. დანიელებს 4 მოგება და 3 ფრე აქვთ;
- 1999-2000 წლების უეფას თასის გათამაშების ფინალში, “გალათასარაიმ” ლონდონის “არსენალს” თერთმეტმეტრიანების სერიაში იმ სტადიონზე სძლია, რომელზეც დღევანდელი თამაში გაიმართება. თურქული გუნდის მთავარი მწვრთნელის ამჟამინდელმა თანაშემწემ, უმით დავალამ, ის შეხვედრა სრულად ჩაატარა და თერთმეტმეტრიანების სერიაში გოლიც გაიტანა;
- “კოპენჰაგენმა”, ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 22 თამაშში კარი მშრალად მხოლოდ 2-ჯერ შეინახა;
- შვიდმატჩიანი მშრალი სერიის შემდეგ, ბურაქ ილმაზმა გოლის გატანა თურქეთის ჩემპიონატის ბოლო 2 თამაშში მოახერხა.
სავარაუდო შემადგენლობები
კოპენჰაგენი (4-2-2-2): ვილანდი, იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი, კლაუდემირი, დელენი, გისლასონი, იორგენსენი, ბრაატენი, ვეტოკელე.
გალათასარაი (4-2-2-2): მუსლერა, ებუე, შეჯუ, კაია, ნუნკო, მელო, გიულსელამი, ინანი, ბრუმა, ილმაზი, დროგბა.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).
1. | რეალი | 3 | 3 | 0 | 0 | 12:2 | 9 | |
2. | გალათასარაი | 3 | 1 | 1 | 1 | 6:9 | 4 | |
3. | იუვენტუსი | 3 | 0 | 2 | 1 | 4:5 | 2 | |
4. | კოპენჰაგენი | 3 | 0 | 1 | 2 | 2:8 | 1 |
C ჯგუფი
პსჟ-ანდერლეხტი (პირველი მატჩი 5:0)
პსჟ-ს შემდეგ ეტაპზე ვადაზე ადრე გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვს. ლორან ბლანის გუნდი 1/8-ფინალის საგზურს იმ შემთხვევაში გაინაღდებს, თუ ჯერაც უქულო “ანდერლეხტს” დაამარცხებს. თუ პარალელურად “ოლიმპიაკოსმა” და “ბენფიკამ” ფრედ ითამაშეს, პარიზელებს ჯგუფში პირველობაშიც ვეღარავინ შეეცილება.
პსჟ მატჩს კარგი განწყობით ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ განვლილ ორ კვირაში ლიგა ერთში ჩატარებულ ორ მატჩში პარიზელებმა 2 ქულა დაკარგეს, “მონაკოს” მარცხის გამო, ისინი ერთპიროვნულად მაინც გალიდერდნენ.
ანდერლეხტმა, ბოლო ორ კვირაში, ბელგიის ჩემპიონატის 3 თამაში გამართა და 7 ქულა აიღო. მიუხედავად ამისა, მე-5 ადგილზე მყოფი ბრიუსელელები ლიდერს 5 ქულით ჩამორჩებიან.
პსჟ-ს ტრავმირებული ტიაგუ სილვა არ ეყოლება. ლიგა ერთის გასული ტური ტრავმის გამო გააცდინა იბრაჰიმოვიჩმა და შესაძლოა, ბლანმა შვედი ვარსკვლავი არც დღეს ათამაშოს. სტუმრებს სუარესი და ვარგასი დააკლდებათ.
- “ანდერლეხტმა”, ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან 4 ფრედ ითამაშა და 3 წააგო;
- პსჟ-ს, ჩემპიონთა ლიგაზე, 95 გოლი აქვს გატანილი;
- წინა ტურში ამ გუნდებს შორის დაფიქსირებული ანგარიში პსჟ-სთვის, ევროტურნირებზე, ყველაზე დიდი მოგებაა;
- 2 კვირის წინათ გამართულ შეხვედრაში პოკერის შესრულებით ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა მე-10 ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან დღემდე) ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა;
- მიმდინარე გათამაშებაში, პსჟ-ს ფეხბურთელებმა 2477 გადაცემა გააკეთეს, აქედან 2135 ზუსტი გამოდგა. ორივე ეს მაჩვენებელი საუკეთესოა;
- ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, პსჟ-ს შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში 10 გოლი გაიტანა;
- ედინსონ კავანიმ გოლის გატანა კლუბისა და ნაკრების მაისურით ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში მოახერხა;
- პსჟ-ს მიმდინარე წლის 2 მარტის შემდეგ არ წაუგია;
- “ანდერლეხტმა”, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე უკანასკნელი 5 მოხვედრა ჯგუფში ბოლო ადგილზე გასვლით დაასრულა.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, მარკინიოსი, მაქსველი, მოტა, ვერატი, მატუიდი, ლუკას მოურა, ლავესი, კავანი.
ანდერლეხტი (4-2-3-1): კამინსკი, ვანდენ ბორე, მბემბა, კუიატე, დეშახტი, დე ზეუვი, კლიესტანი, ბრუნო, მილივოიევიჩი, ნ’საკალა, მიტროვიჩი.
მსაჯი: მარიო სტრაჰონია (ხორვატია).
ოლიმპიაკოსი-ბენფიკა (პირველი მატჩი 1:1)
იმ შემთხვევაში, თუ ამ წყვილში რომელიმე გუნდმა მოიგო, ხოლო პსჟ-მ “ანდერლეხტი” დაამარცხა, საბერძნეთში 3 ქულის ამღები გუნდი ევროპის ლიგის საგზურს გაინაღდებს და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალისკენაც დიდ ნაბიჯს გადადგამს.
2 კვირის წინათ გამართული შეხვედრის შემდეგ, შიდა ასპარეზზე, ორივე გუნდს კარგი შედეგები ჰქონდა. “ოლიმპიაკოსმა” საბერძნეთის ჩემპიონატის 2 და თასის 1 თამაში მოიგო, ხოლო “ბენფიკამ” პორტუგალიის ჩემპიონატის ორ შეხვედრაში თავი 6 ქულას მოუყარა.
“ოლიმპიაკოსის” მხრიდან საეჭვოა იბაგასას, ბონგისა და მაჩადოს თამაში. “ბენფიკას” სალვიო და სილვიო არ ეყოლება, ხოლო სიკეირასა და მარკოვიჩის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო 10 საშინაო თამაშიდან “ოლიმპიაკოსმა” 7 მოიგო;
- “ოლიმპიაკოსის” თავდამსხმელი ხავიერ სავიოლა “ბენფიკაში” 2009-2012 წლებში თამაშობდა. პორტუგალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 122 თამაშში მან 39 გოლი გაიტანა;
- “ბენფიკაში” გადსვლამდე, ლიუბომირ ფეიშა “ოლიმპიაკოსში” თამაშობდა. ბერძნული გუნდის შემადგენლობაში მან 33 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა;
- თუ დღეს “ბენფიკამ” იმარჯვა, “ოლიმპიაკოსს” ევროტურნირებზე 100 მარცხი დაუგროვდება;
- 2 კვირის წინათ გამართულ დაპირისპირებამდე, “ოლიმპიაკოსს”, ევროტურნირებზე, ზედიზედ 27 თამაში არ ჰქონდა ფრედ დასრულებული;
- თუ გუნდებმა გამარჯვებული კვლავ ვერ გამოავლინეს, “ბენფიკა” ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე 50-ე ფრეს ითამაშებს;
- “ბენფიკას”, ევროტურნირებზე, 399 გოლი აქვს გაშვებული.
სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო, სალინო, მანოლასი, სიოვასი, ჰოლებასი, მანიატისი, სამარისი, ფუსტერი, დომინგესი, ვაისი, მიტროღლუ.
ბენფიკა (4-2-2-2): არტური, პერეირა, ლუიზაო, გარაი, ბრუნო კორტესი, პერესი, მატიჩი, კავალეირო, გაიტანი, ლიმა, კარდოსო.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).
1. | პსჟ | 3 | 3 | 0 | 0 | 12:1 | 9 | |
2. | ოლიმპიაკოსი | 3 | 1 | 1 | 1 | 5:5 | 4 | |
3. | ბენფიკა | 3 | 1 | 1 | 1 | 3:4 | 4 | |
4. | ანდერლეხტი | 3 | 0 | 0 | 3 | 0:10 | 0 |
D ჯგუფი
პლზენი-ბაიერნი (პირველი მატჩი 0:5)
მოქმედ ჩემპიონს, მიუნხენის “ბაიერნის” 1/8-ფინალის საგზურის ვადაზე ადრე მოპოვების კარგი შანსი აქვს. “რეკორდმაისტერი” მიზანს დღესვე იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ “პლზენთან” იმაზე მეტ ქულას აიღებს, ვიდრე ცსკა “სიტისთან”, რაც მოსალოდნელიცაა.
ჩეხეთში ხუთბურთიანი სხვაობით მოგების შემდეგ, “ბაიერნმა” ბუნდესლიგის ორივე თამაშში იმარჯვა და ლიდერობა შეინარჩუნა.
“პლზენმა”, ორი კვირის წინათ გამართული შეხვედრის შემდეგ, ჩეხეთის ჩემპიონატის 2 მატჩში 3 ქულა აიღო და ლიდერთან ჩამორჩენა 7 ქულამდე გაზარდა.
“პლზენს”, რომელიც უდანაკარგოდ თამაშობს, “ბაიერნი” ბადშტრუბერის, პისაროს, ტიაგოსა და შაქირის გარეშე ეწვია. გვარდიოლამ, შესაძლოა, არც რობენი ათამაშოს.
- პლზენმა, ევროტურნირების ბოლო 11 საშინაო თამაშიდან 10 მოიგო;
- “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 5 გასვლითი თამაში აქვს მოგებული;
- “ბაიერნს”, ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ 8 თამაში აქვს მოგებული. თუ დღეს მიუნხენელებმა მოიგეს, პეპ გვარდიოლას გუნდი “ბარსელონას” მიერ 2002-03 წლების სეზონში დამყარებულ რეკორდს გაიმეორებს;
- “ბაიერნს”, ბუნდესლიგაში ჩატარებულ ბოლო 36 თამაშში 30 მოგება და 6 ფრე აქვს. სტუმარდ გამართული ბოლო 24 შეხვედრიდან მიუნხენელებმა ოცში იმარჯვეს და 4-ში ფრედ ითამაშეს.
სავარაუდო შემადგენლობები
პლზენი (4-2-2-1): კოზაჩიკი, რაიტორალი, სისოვსკი, პროჩაზკა, ლიმბერსკი, ჰორვატი, ჰორავა, პეტრზელა, კოლარი, კოვარიკი, ბაკოში.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა, მარტინესი, მიულერი, შვაინშტაიგერი, კროოსი, რიბერი, მანჯუკიჩი.
მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი).
სიტი-ცსკა (პირველი მატჩი 2:1)
იმ შემთხვევაში, თუ “ბაიერნმა” პოლონეთში არ წააგო, ხოლო “სიტიმ” ცსკა საკუთარ კედლებში დაამარცხა, მიუნხენელების მსგავსად, შემდეგ ეტაპზე მანჩესტერელებიც გავლენ.
“ქალაქელები” მატჩს კარგი განწყობით ხვდებიან, რადგან პრემიერლიგის გასულ ტურში, მათ “ნორვიჩს” 7 უპასუხო ბურთი გაუტანეს. თუმცა, მანამდე, “სიტი” “ჩელსისთან” დამარცხდა.
ცსკა-მ, რომელსაც “სიტისთან” მატჩამდე რუსეთის პრემიერლიგაში გამართულ ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა აღებული, ბოლო 2 კვირაში შედეგები საგრძნობლად გამოასწორა. მოსკოველებმა ჩემპიონატის უკანასნელი 2 თამაში მოიგეს და სატურნირო მდგომარეობა გამოიკეთეს.
მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. “სიტის” კომპანი და იოვეტიჩი არ ეყოლება, ხოლო ცსკა ფერნანდესს, კაუნას, ძაგოევსა და ელმს მოისაკლისებს.
- ცსკა-ს, ინგლისში ჩატარებულ 4 მატჩში მხოლოდ 1 წაგება, მაგრამ 0 მოგება აქვს;
- ცსკა-მ, ევროტურნირებზე ჩატარებული ბოლო 12 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 3 წააგო, ხოლო 6 მოიგო;
- ცსკა-მ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 გასვლით შეხვედრაში 7 გოლი გაუშვა;
- ედინ ჯეკოს, ჩემპიონთა ლიგაზე, საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაუტანია, ხოლო სტუმრად – 5-ჯერ. პრემიერლიგაში, ბოსნიელის შედეგი ასეთია – 12 გოლი შინ და 21 გასვლაზე;
- სერხიო აგუერომ გოლი “სიტის” ბოლო 5 თამაშში გაიტანა;
- “სიტიმ”, პრემიერლიგაში გამართული ბოლო 11 საშინაო მატჩიდან 10 მოიგო;
- ზორან ტოშიჩმა, ცსკა-ს ბოლო 3 თამაშში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.
სავარაუდო შემადგენლობები
სიტი (4-2-2-2): პენტილიმონი, საბალეტა, დემიკელისი, ნასტასიჩი, კლიში, ტურე, ფერნანდინიო, ნასრი, სილვა, აგუერო, ნეგრედო.
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი, ნაბაბკინი, ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი, მილანოვი, ვერნბლუმი, ტოშიჩი, ჰონდა, მუსა, დუმბია.
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).
1. | ბაიერნი | 3 | 3 | 0 | 0 | 11:1 | 9 | |
2. | სიტი | 3 | 2 | 0 | 1 | 6:4 | 6 | |
3. | ცსკა | 3 | 1 | 0 | 2 | 4:7 | 3 | |
4. | პლზენი | 3 | 0 | 0 | 3 | 2:11 | 0 |