ფეხბურთი

2:44 | 13.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” 1/4-ფინალშია, ზლატანი – თავის სტიქიაში

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფები ახლახანს დაიწყო და გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ერთი 1/4-ფინალისტი უკვე გვყავს, ხოლო მეორე მკაფიოდაა გამოკვეთილი. გლაზგოში 3:0 მოგებით, “იუვენტუსმა” შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდა. იგივეს თქმა შეგვეძლო “პარი სენ ჟერმენზეც” ვალენსიაში გამართული შეხვედრის 90-ე წუთამდე, მაგრამ...

“სელტიკს” 3 ბურთის სხვაობით წაგება ნამდვილად არ დაუმსახურებია. შოტლანდიელები ბევრს ცდილობდნენ და მათ მეტოქეზე მეტი სახიფათო მომენტის შექმნაც მოახერხეს, მაგრამ კლასში სხვაობა დიდი  იყო და ეს ანგარიშზეც აისახა.

“სელტიკ პარკზე” გამართული თამაში 3 წუთის დაწყებული იყო, როდესაც პელუზოს გადაცემისა და ამბროზეს შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა მატრიმ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ჩემპიონთა ლიგაზე, “იუვენტუსს” არასდროს წაუგია ის მატჩი, რომლის შესვენებაზეც ტურინელები იგებდნენ და გამონაკლისი არც ეს შეხვედრაა.

“იუვეს” მე-2 გოლი ძალიან ლამაზი გამოდგა. პადოინის გადაცემის შემდეგ, მატრიმ მარკიზიოს ერთი შეხებით, ქუსლით უპასა, ხოლო საჯარიმოში აღმოჩენილმა ნახევარმცველმა, ცრუ მოძრაობით, ერთი მეტოქე მოატყუა და სტუმართა უპირატესობას სოლიდური სახე მისცა. პირველის მსგავსად, მე-3 გოლიც ამბროზეს სინდისზეა. საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს, ნიგერიელმა მცველმა ბურთი მარკიზიოს ჩააბარა, ხოლო “იუვეს” მე-8 ნომრის პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა ვუჩინიჩმა ზუსტად დაარტყა. ჩერნოგორიელი შემტევის ზუსტი დარტყმის შემდეგ, “იუვენტუსს” ევროტურნირებზე 700 გოლი დაუგროვდა და “ბებერი ქალბატონი” პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამბროზეს მიერ დაშვებულ შეცდომებში არცთუ მცირე წვლილი გუნდის მთავარ მწვრთნელს მიუძღვის. აფრიკის თასზე ტრიუმფის შემდეგ, ნიგერიელი მცველი კლუბს ახლახანს დაუბრუნდა და გასაკვირი არაა, რომ მან “იუვენტუსთან” გასამართი მატჩისთვის სრულყოფილად მომზადება ვერ მოასწრო. მოულოდნელობა უფრო მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება იყო.

გლაზგოში გამართული შეხვედრის მიწურულს ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – შეცვლაზე შესული ნიკოლა ანელკა გახდა მე-2 ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 6 გუნდის მაისურით ითამაშა. პირველი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ექვსივე გუნდის შემადგენლობაში გაიტანა.

სწორედ იბრაჰიმოვიჩი გახდა დღის მე-2 შეხვედრის ანტიგმირი. ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფებში გოლის გატანა შვედი სუპერთავდამსხმელის საყვარელი საქმიანობა ნამდვილად არაა. აქამდე, ამ ეტაპზე ჩატარებულ 27 მატჩში, ზლატანს მეტოქეთა კარი მხოლოდ 4-ჯერ აეღო. გოლის გატანის ბევრი შანსი იბრას არც ვალენსიაში მისცემია, მაგრამ მისი მთავარი დანაშაული ის კი არაა, რომ მეტოქის კართან სიტუაციას ჩვეულად ვერ ამწვავებდა, არამედ ის, რომ შეხვედრის მიწურულს დაუდევრად თამაშის გამო, მას ჩემპიონთა ლიგის მინიმუმ 1 შეხვედრის მატჩის მოუწევს.

“მესტალიაზე” გამართული მთელი შეხვედრის განამვლობაში უპირატესობას “პარი სენ ჟერმენი” ფლობდა. ფრანგულმა კლუბმა, მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება პირველივე ტაიმში მოახერხა. მე-10 წუთზე, ლავესიმ პასტორესთან ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა, საჯარიმოს წინა ხაზთან ერთი მეტოქე მოატყუა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. აქვე, “ვალენსიას” მეკარის შეცდომაზეც უნდა ვთქვათ. ვისენტე გუაიტამ პირდაპირ მისი მიმართულებით წასული ბურთი ვერ მოიგერია.

მიმდინარეობდა 43-ე წუთი, როდესაც შეხვედრის ალბათ საუკეთესო ფეხბურთელმა, ლუკას მოურამ მარჯვენა ფლანგზე ძალიან კარგად ითამაშა და კარის წინ მყოფ პასტორეს უპასა. კიდევ ერთი არგენტინელის დარტყმის შემდეგ, ბურთი კვლავ გუაიტას მიმართულებით წავიდა, მაგრამ გოლი ამჯერადაც გავიდა.

შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა და დაფიქსირებული ანგარიში პსჟ-ს 1/4-ფინალის საგზურს თითქმის უნაღდებდა, მაგრამ 90-ე წუთზე, ტინო კოსტამ სტანდარტიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ადილ რამიმ ზუსტად დაარტყა და ერთი ბურთი გაქვითა.

“ვალენსიას” გოლიდან ერთ წუთში, იბრაჰიმოვიჩმა შეგვახსენა, რომ თამაშში მონაწილეობას ისიც ღებულობდა. მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს, შვედმა ერთი ვალენსიელის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია, რასაც მეორეს მიმართ საკმაოდ სახიფათო თამაში მოაყოლა. არბიტრს ბევრი არ უფიქრია – ზლატანს წითელი ბარათი უჩვენა. ვალენსიაში გამართული თამაშის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩი გახდა მე-2 ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე, წითელი ბარათი 3 სხვადასხვა კლუბის მაისურით თამაშისას მისცეს. პირველი ასეთი ფეხბურთელი პატრიკ ვიეირაა. ფრანგსა და შვედს, 2 კლუბი საერთო აქვთ – ისინი თითოჯერ “ინტერისა” და “იუვენტუსის” მაისურით თამაშის დროს გააძევეს. ზლატანის შემთხვევაში, მე-3 გუნდი “პარი სენ ჟერმენია”, ხოლო ვიეირას შემთხვევაში – “არსენალი”.

 

ვალენსია-პსჟ 1:2 (0:2)

ვალენსია, “მესტალია

ვალენსია (4-5-1): გუაიტა, პერეირა, რამი, რ. კოშტა, გუარდადო, ფეგული (ვიერა 84), ბანეგა (კანალესი 46), პარეხო, ტ. კოსტა, ჟონასი (ვალდესი 46), სოლდადო.

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.

პსჟ (4-4-2): სირიგუ, ჟალე, ალექსი, საკო, მაქსველი, მოურა (შანტომი 53), მატუიდი, ვერატი, პასტორე (არმანი 88), იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (მენესი 76).

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: 0:1 ლავესი (10), 0:2 პასტორე (43), 1:2 რამი (90).

გაფრთხილებები: პერეირა 32 – ვერატი 32.

გაძევება: იბრაჰიმოვიჩი 90+1.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია).

ბურთის ფლობა: 62%-38%დარტყმა: 9 (3)-12 (9)კუთხური: 8-0თამაშგარე: 3-4სეივი: 6-4,ჯარიმა: 13-10.

 

სელტიკი-იუვენტუსი 0:3 (0:1)

გლაზგო, “სელტიკ პარკი

სელტიკი (4-1-4-1): ფორსტერი, ლუსტიგი (მეტიუზი 58), უილსონი, ამბროზე, იზაგირე, მალგრიუ, ბრაუნი (კაიალი 80), ვანიამა, ფორესტი, კომონსი (უატი 73), ჰუპერი

მწვრთნელი: ნილ ლენონი

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კასერესი, ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, პელუზო (პადოინი 69), მატრი (პოგბა 81), ვუჩინიჩი (ანელკა 86)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1 მატრი (3), 0:2 მარკიზიო (77), 0:3 ვუჩინიჩი (83)

გაფრთხილებები: ჰუპერი 37, ფორესტი 42, ბრაუნი 76 – ლიხტშტაინერი 37, პადოინი 76, მარკიზიო 89

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი)

ბურთის ფლობა: 48%-52%დარტყმა: 15 (8)-5 (4)კუთხური: 10-4თამაშგარე: 0-5სეივი: 1-8,ჯარიმა: 12-12.

0.142867