კალათბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მოასპარეზე თბილისის “დინამოს” ქერა კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი, იური პულავსკი. თბილისელმა კალათბურთელმა, წარმოშობით პოლონელმა პულავსკიმ, რომელიც დღემდე თბილისის ერთ-ერთ ლამაზ უბანში, ნაძალადევში ცხოვრობს, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ თბილისის “დინამოში” 13 წელი გაატარა, რომელიც 60-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში თამაშობდა.
ცენტრალური თავდამსხმელისთვის არასახარბიელო სიმაღლის (197სმ) მიუხედავად, პულავსკი თავის საქმეს კარგად აკეთებდა და მასზე ბევრად ტანმაღალ კალათბურთელებს (ვლადიმერ ტკაჩენკო, ვლადიმერ ბელოსტენნი, სერგეი კოვალენკო...) სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა. ბოლო წლებში პულავსკი საზოგადოებრივ ღონისძიებებზე ძალიან იშვიათად ჩანს. ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ვეტერანთა შეკრება იყო, რომლებმაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. რა თქმა უნდა, “მსოფლიო სპორტმა” ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და იური პულავსკის ესაუბრა.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ კალათბურთს ჩამოვშორდი. მცირე ბიზნესი მაქვს და ვარ ჩემთვის.
- თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით?
- ქართველი მეუღლე მყავს. ასევე მყავს ერთი შვილი (გია) და ამდენივე შვილიშვილი (თამრიკო).
- საქართველოს დღევანდელ ეროვნულ ჩემპიონატზე რას გვეტყვით?
- არ მომწონს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ლეგიონერების მომრავლება.
- ლეგიონერების თამაშით შავდება რამე?
- ქართველ კალათბურთელებს შეუმცირდათ სათამაშო დრო და ეს არ მომწონს. აქვე მინდა დავამატო, რომ დღევანდელისაგან განსხვავებით, ჩემს დროს კალათბურთს უფრო დიდი აზარტით ვთამაშობდით. ახლა სულ სხვა, უჯიგრო თამაშები მომრავლდა.
- იმ ფაქტს რით ახსნით, რომ პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგა NBA-ში ქართველები (ვლადიმერ სტეფანია, ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია,ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე) იშვიათობას აღარ წარმოადგენენ?
- NBA-სა და ევროპის წამყვან გუნდებში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენებმა ოსტატობა საზღვარგარეთ აიმაღლეს. მათ წარმატებებში მთავარ როლს მაინც ქართული გენი თამაშობს.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვზე რას გვეტყვით?
- პირდაპირ გეტყვით, რომ არ მომწონს. საქართველოს ამჟამინდელ ნაკრებში ძალიან კარგი თაობაა და კოკოშკოვზე ბევრად უფრო კარგ და გამოცდილ მწვრთნელს იმსახურებს.
- რას უწუნებთ კოკოშკოვს?
- კარგი რა აქვს. დროულ წუთშესვენებას ეგ ვერ იღებს და შეცვლას ვერ აკეთებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ნაკრების შესაფერისი, ერთი ნორმალური ნატურალიზებული კალათბურთელი ვერ შეარჩია.
- ახლა რომ აიყვანეს ნაკრებში გამოცდილი უკანახაზელი რიკი ჰიკმანი...
- მთავარია, კოკოშკოვი ჰიკმანს ნაკრების სტრუქტურას როგორ მოარგებს. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.