დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არაორდინალური პიროვნებაა, რაშიც Sport Bild-ის კორესპონდენტ მარკო ფენსკესთან მისი დიალოგი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ.
- ჰერ კლოპ, გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდით. ათბალიანი სისტემით რომ შევაფასოთ, რამდენად ბედნიერი ხართ?
- საბედნიეროდ ჩემი ცხოვრება და ინტერესთა სფერო მხოლოდ ფეხბურთით არ შემოიფარგლება. ბევრი რამ ავისრულე, ამიტომაც საკუთარ ბედნიერებას ათი ბალით გავზომავდი. ჯანმრთელად ვარ, ოჯახის წევრებიც გვერდით მყავს, საქმიანობაშიც ბედს ნამდვილად არ ვუჩივი. ასე რომ, მე მგონი დავიმსახურე ბედნიერების უმაღლესი გრაფით შეფასება. უბედურად კი თავს იმ მომენტებში ვგრძნობ ხოლმე, როცა სიტუაციის შეცვლა არ შემიძლია. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამგვარ მდგომარეობაში კარგა ხანია არ ჩავვარდნილვარ.
- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბუნდესლიგის საფინალო სწორზე მკვეთრად მოუმატეთ და ტიტულის შენარჩუნება საკმაოდ იოლად მოახერხეთ...
- ასე ნამდვილად არ ვთვლი. “ბაიერნმა” სუპერსეზონი გამოაცხო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას თავი რომ დავანებოთ, მიუნხენელებს საბოლოოდ 73 ქულის დაგროვება შეუძლიათ, რაც მაღალი მაჩვენებელია. ქულათა ეს რაოდენობა ხშირად ბუნდესლიგის ჩემპიონობის გარანტიაა. მოხარული ვარ, რომ უმთავრეს მეტოქესთან შედარებით უფრო დაბალი ბიუჯეტით ესოდენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენ შესაძლებლობათა ზღვარზე ვმუშაობთ.
- არ გაღიზიანებთ “ბაიერნის” გულშემატკივართა შეძახილები, რომლებიც აშკარად მიუთითებენ თქვენ ჩავარდნას ჩემპიონთა ლიგაში...
- იოტისოდენადაც არა. შესაძლოა მიუნხენელი ქომაგები მართლებიც არიან, მაგრამ ჩვენ მათ საყვარელ გუნდს ბუნდესლიგაში ვუსწრებთ. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში გამოსვლისას შეცდომები მრავლად გვქონდა, მაგრამ წონადი გამოცდილებაც შევიძინეთ. შევეცდებით მომავალ გათამაშებაშიც ახალი გამოცდილება დავაგროვოთ, ამასთან “დორტმუნდს” უკვე სხვა ამოცანას დავუსახავთ. ერთ რამეში კი ბავარიელ ფანებს ვეთანხმები.
- რაში?
- კლუბი არასაკმარის ინვესტიციას ახორციელებს. ყველა მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, მათ შორის საჩემპიონთალიგო ბატალიებისთვის, მაგრამ ამ რესურსით ორ ფრონტზე სერიოზული წარმატების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ბუნდესლიგაში კარგი გამოსვლით ჩვენი სინდისი სუფთაა გულშემატკივრის წინაშე. თავდადებული თამაშის გარეშე გერმანიის ჩემპიონატს ზედიზედ ორჯერ არავინ მოგაგებინებს.
- 12 მაისს გერმანიის თასის ფინალში “ბაიერნთან” მოგიწევთ დაპირისპირება...
- ამ მატჩში წინასწარ გამარჯვებულის ვინაობის დასახელება შეუძლებელია. თავი დავანებოთ “დორტმუნდსა” და “ბაიერნს” – როდესაც ერთმანეთს ბუნდესლიგის 2 გუნდი ხვდება, ფავორიტი არცერთია.
- თქვენი სამწვრთნელო კრედო მოკლედ ასე გამოთქვით – ყოველთვის თამასის ზემოთ აწევას ვლამობ. ადრე თუ გვიან, საკუთარი შესაძლებლობების ჭერს მიაკაკუნებთ...
- სრულყოფას ზღვარი არ აქვს. მთავარია, ადამიანს წინსვლის სურვილი და მზადყოფნა ამოძრავებდეს. ყოველთვის პროგრესისკენ უნდა ისწრაფოდე და არასდროს ჩათვალო, რომ საქმის კიდევ უფრო უკეთ შესრულება არ შეგიძლია.
- ხომ არ გეჩვენებათ, რომ დორტმუნდელი ქომაგები უკვე ზღვარს გადადიან? მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ “შავ ბაზარზე” “ბორუსიას” მატჩზე დასაწრები ბილეთი 1000 ევროდაც კი იყიდება...
- როდესაც დორტმუნდში სამუშაოდ მივედი, პირთამდე მხოლოდ სამხრეთი ტრიბუნა ივსებოდა. ხედავთ, როგორ შეიცვალა სიტუაცია ბოლო 4 წლის განმავლობაში! ბილეთში 1000 ევროს გადახდა კი მეც “სიგიჟედ” მიმაჩნია...
- სამომავლო გეგმებს ვერ გაგვიმხელთ? კვლავინდებურად დამრიგებლის ფუნქციების შესრულებას რამდენი ხნის განმავლობაში აპირებთ?
- მთავარია მწვრთნელს კარიერის დასრულება არ დააგვიანდეს. მეც ამ პრინციპით ვიმოქმედებ.
- იუპ ჰაინკესი 66 წლისაა, თუმცა ენერგიულად და ახალგაზრდულად გამოიყურება...
- იუპ მშვენიერ ფორმაშია და საქმიანობის დასრულება მისთვის ნაადრევია. მე რაც შემეხება, 66 წლისა დამრიგებლად უკვე აღარ ვიმუშავებ. მინდა მწვრთნელობა ცოტათი ადრე დავასრულო, რადგან ცხოვრებაში სხვა ბევრი ინტერესიც მაქვს.
- ყოველდღიური სამწვრთნელო საქმიანობა გღლით?
- ეს სასიამოვნო დაღლაა. კარგად გამოვიძინებ და ენერგია ისევ მიბრუნდება. მალე ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, მაგრამ ამ პერიოდში დასვენებას ვაპირებ და ტელეეკრანსაც არ მივეჯაჭვები.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ