ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დღევანდელი მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს დორტმუნდში გასამართი ასპარეზობა იწვევს. გერმანიის ამ ქალაქში ერთმანეთს ბუნდესლიგისა და პრიმერა დივიზიონის ჩემპიონები შეხვდებიან. D ჯგუფის ლიდერთა დაპირისპირებას იმედიანად ხვდება “დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი და მომავალ მოწინააღმდეგეს, მადრიდის “რეალს” რთულ მატჩს უწინასწარმეტყველებს.
- თქვენთან მატჩს “რეალი” სერიოზული დანაკლისისთ ხვდება. ამ მხრივ როგორაა “დორტმუნდის” საქმე?
- მადრიდელებთან შეხვედრის წინ შმელცერმა ტრავმის მორჩენა და ფორმის აღდგენა მოასწრო, გიუნდოგანი და ოვომოელა კი ვერ იასპარეზებენ. ჯერჯერობით წინასამატჩო განაცხადი გარკვეული არაა, თუმცა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მასში შმელცერი და გიოტცე აუცილებლად მოხვდებიან.
- ჰუმელსი და სუბოტიჩი თქვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან?
- ორივე მათგანს “დორტმუნდის” საკვანძო მოთამაშეებად ვთვლი. ჰუმელსიცა და სუბოტიჩიც თანამედროვე ცენტრალური მცველისთვის წაყენებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ. ორივე ტექნიკურად კარგადაა მომზადებული, ტაქტიკურად გამართულად მოქმედებენ და თავიანთ ფუნქციებს კარგად ასრულებენ. მცველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია “თამაშის წაკითხვის” უნარი და “მეორე სართულზე” საიმედო ასპარეზობა. ამ სათამაშო ელემენტებით ისინი მაღალ დონეზე დგანან. შწორედ ჰუმელსითა და სუბოტიჩით იწყება ჩვენი ფეხბურთი.
- რა საერთო თვისებებით გამოირჩევიან კრიშტიანუ რონალდუ და რობერტ ლევანდოვსკი? რომელს უფრო მეტი შანსი აქვს ამჯერად გოლის გატანის?
- მოდით შედარებისგან თავი შევიკავოთ. ბევრ კითხვას პასუხს მატჩი გასცემს. ჩემი მხრიდან სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ ლევანდოვსკის გუნდში ყოფნა ძალიან მახარებს. ყველას გირჩევთ, შეძლებისდაგვარად მეტჯერ ნახოთ მისი თამაში და პოლონელი საწვრთნელ პროცესშიც იხილოთ.
- მადრიდის “რეალთან” დაპირისპირებისას როგორ თამაშს ელით?
- არავის ეპარება ეჭვი, რომ წინ ურთულესი და დაძაბული შეხვედრა გველის. “რეალის” შესრულებით ბევრი მატჩი ვიხილე, კარგად გავაანალიზე, ჩემზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება კი ამსტერდამში გამართულმა მატჩმა დატოვა. ყველაზე მეტად მარსელოს ასპარეზობა მომეწონა. ჩვენდა საბედნიეროდ, იგი ამჯერად ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. მეტად დისციპლინირებული და ყურადღებით თამაში მოგვიწევს, სხვაგვარად წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. უპირველესად ჩაბი ალონსოს, კრიშტიანუ რონალდუს ანხელ დი მარიას, გონსალო იგუაინისა და კარიმ ბენზემას განეიტრალებაზე უნდა ვიზრუნოთ. მადრიდელებთან დაპირისპირებას პოზიტიური განწყობით ვხვდებით, რაც “მანჩესტერ სიტისთან” პაექრობის შემდეგ გამოგვყვა. ვიმედოვნებ, “დორტმუნდი” კარგად ითამაშებს და გულშემატკივარს გაახარებს.
- როგორ თვლით, ისეთი გრანდისთვის, როგორიც მადრიდის “რეალია”, მარსელოს, კოენტრაუსა და არბელოას არყოფნა, სერიოზული დანაკლისია?
- ერთი შეხედვით, მარსელოს სათანადოდ შეცვლა იოლი საქმე არაა, მაგრამ ესიენმა იგი საიმედოდ შეცვალა, მიუხედავად იმისა, სხვა პოზიციის ფეხბურთელი რომაა. კიდევ ერთი განაპირა მცველი სერხიო რამოსი იქნება. ამ ამპლუაში სერხიოს საფებურთო კარიერის დიდი ნაწილი აქვს ჩატარებული. “რეალი” ჩვენთან მატჩს საკმაოდ სერიოზული საკადრო დანაკლისით ხვდება, თუმცა, არ მგონია ამან წინასამატჩოდ რაიმე უპირატესობა მოგვანიჭოს.
- “დორტმუნდი” ჩემპიონთა ლიგაში 30-ე შეხვედრას ჩაატარებს. ბუნდესლიგაში მარცხის შემდეგ თქვენ გუნდს არასდროს წაუგია ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის შეხვედრა. ხომ არ ნიშნავს ეს ფაქტი იმას, მადრიდის “რეალი” საყაიმო შედეგით კმაყოფილი რომ უნდა დარჩეს?
- მომიტევოს ამ კითხვის ავტორმა ჟურნალისტმა, მაგრამ მას აბსურდის სტატისტიკის სპეციალისტად მოვიხსენიებ.
- პიშჩეკმა “დორტმუნდთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. არადა, “რეალი” მზად იყო მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაეხადა.
- მოხარული ვარ, პიშჩეკი ჩვენთან რომ დარჩა. იგი ძალიან კარგი ფეხბურთელი და ადამიანია. ბოლო დროს ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ მისი სატრანსფერო ფასი 10-15 მილიონს უტოლდებოდა. მადლობა ღმერთს, ამ თემაზე სპეკულირება წარსულს რომ ჩაბარდა.
გოჩა კაჭარავა