ფეხბურთი

11:21 | 30.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: “დორტმუნდი” უკან დახევას ოდნავაც არ აპირებს”

ჩნია.

მადრიდის “რეალისა” და “დორტმუნდის” ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის წინ ესპანელმა ჟურნალისტებმა გერმანიის ექსჩემპიონის მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს ინტერვიუ ჩამოართვეს. კლოპმა კონკრეტული სათამაშო გეგმის გამხელისგან თავი შეიკავა და თავისი გუნდი ფინალში გასულად მატჩის დასრულებამდე არ მიაჩნია.

 - პირველი ნახევარფინალური ორთაბრძოლის შემდეგ თქვენი გუნდი წყვილის გამოკვეთილი ფავორიტია. შეგვიძლია “დორტმუნდი” უკვე ფინალისტად მოვიხსენიოთ?

- არავითარ შემთხვევაში. ნახევარფინალი 2 რაუნდისგან შედგება და საკუთარ მინდორზე დამაჯერებელი მოგების მიუხედავად, გადამწყვეტ მატჩში გამსვლელის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. ცხადია, ლონდონისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა, საბოლოოდ ფინალისტის საკითხი “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

- თავდაპირველად ითქვა, რომ ლუკას პიშჩეკი ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა, მაგრამ იგი მადრიდში თქვენთან ერთად მაინც ჩამოვიდა.

- ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით ლუკაშის ასპარეზობის თაობაზე. საბოლოო ვერდიქტს ექიმები მოგვიანებით გამოიტანენ.

- “რეალის” ფეხბურთელები წინასამატჩოდ თამამ განცხადებებს აკეთებენ და გულშემატკივარს სრულფასოვანი ანგარიშით რევანშსაც კი ჰპირდებიან.

- მადრიდელებს სწამთ, რომ მოგვიგებენ და შესაბამისი ტაქტიკის არჩევას აპირებენ. ჩვენც სათანადო გეგმას ავირჩევთ. ერთი რამ ცხადია, ორივე გუნდის ფეხბურთელები შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეეცდებიან. საბოლოოდ გამარჯვებული ის გუნდი გამოვა, რომელიც ბოლომდე დაიხარება. “დორტმუნდი” უკან დახევას ოდნავაც არ აპირებს.

- კონკრეტულ სათამაშო გეგმას ხომ ვერ გაგვიმხელდით?

- დასამალი არაფერია, უბრალოდ არასწორად მიმაჩნია მთელი მატჩის მსვლელობის წინასწარ დაგეგმვა. Dარწმუნებული ვარ, კორექტივების შეტანა შეხვედრის განმავლობაში მრავლად მომიწევს. ერთი რამ აშკარაა, ორივე გუნდი მეტოქისთვის პრობლემის შექმნას შეეცდება. ჩემ გუნდს შეტევაში დიდი პოტენციალი აქვს. ეს პირველ მატჩში ყველას კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ და იგივეს მადრიდშიც ვაპირებთ. თანამედროვე ფეხბურთში წარმატების მიღწევის გასაღები დაბალანსებულ თამაშშია და “დორტმუნდი” ამ პრინციპის მიმდევარია. ჩემი საფეხბურთო ფილოსოფიის ახსნა რთული არაა. გუნდმა დისციპლინირებულად, კომპაქტურად და თამამად უნდა ითამაშოს. ახლა მთავარია, ამ სიტყვების რეალიზაცია სრულად მოვახდინოთ მატჩის მსვლელობისას.

- მატჩის ჩატარება “სანტიაგო ბერნაბეუზე”, ექსპანსიური კასტილიელი გულშემატკივრების თვალწინ მოგიწევთ.

- მიმდინარე სეზონში ამ სტადიონზე ერთხელ უკვე ვიასპარეზეთ და აქაური ატმოსფერო ჩვენთვის უჩვეულო არ იქნება. მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვან ფანებთან ერთად ტრიბუნებზე ჩვენი ერთგული ქომაგებიც მოკალათდებიან, რაც დამატებით მოტივაციას გვმატებს. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, დორტმუნდიდან 8 ათასი გულშემატკივარია ჩამოსული. 

0.129287