ინტერვიუები

17:08 | 27.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: „ჩვენ შევძლებთ „ბაიერნის“ დონემდე მისვლას“

დორტმუნდის “ბორუსიამ“, გერმანიის განახლებული ჩემპიონატის პირველსავე ტურში, მიუნხენის „ბაიერნის“ მარცხით ისარგებლა, თავისი შეხვედრა სტუმრად „ჰამბურგთან“ 5:1 გამარჯვებით დაასრულა და ქულებით ლიდერებს გაუტოლდა („ბაირნს“, „დორტმუნდს“ და „შალკეს“ 37-37 ქულა აქვთ). მიუხედავად ამისა, ქვეყნის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, გამონათქვამში ძალზე მორიდებულია და შესაძლო ჩემპიონობაზე საუბარიც არ უნდა. სამაგიეროდ, 44 წლის სპეციალისტი ბევრს ლაპარაკობს კლუბის განვითარების სტრატეგიასა და სატრანსფერო გეგმებზე.
- ბოლო დროს საინტერესო ტენდენცია შეინიშნება. „ბაიერნისა“ და „დორტმუნდისგან“ წინადადებების მიღების შემთხვევაში, ახალგაზრდა გერმანელი ტალანტები უმეტეს შემთხვევაში უპირატესობას შავ-ყვითლებს ანიჭებენ. მაგალითისთვის მარკო როისი და ლეონარდო ბიტენკურტიც კმარა. როგორც ახერხებთ მათ დაყოლიებას?
- სიტუაციის ინტერპრეტაციას არასწორედ ახდენთ. საქმე ჩემში კი არა, გუნდშია. დაახლოებით შემიძლია გითხრათ, რასაც მოთამაშეები ფიქრობენ: „დორტმუნდში“ რაღაც სერიოზული იქმნება და მე შემიძლია მის ნაწილად ვიქცე“ - დაახლოებით ასე. არ მგონია, ფეხბურთელები აქ ჩემს გამო მოდიოდნენ.
- გავბედავ და არ დაგეთანხმებით. „დორტმუნდის“ მოთამაშეთა უმრავლესობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, თქვენ გამო ჭკუას კარგავენ...
- ვფიქრობ, საკუთარი ემოციის სიტყვებში ტრანსფორმირება და მათი მოთამაშეებამდე მიტანა კარგად გამომდის. ისინი ამ იდეებით იმუხტებიან და სურთ, რომ დასახული ამოცანა და ჩემთან და გუნდთან ერთად წარმატებით შეასრულონ. ის, რომ პერსპექტიული მოთამაშეების ვარსკვლავებად ქცევა შეგვიძლია, უკვე დავამტკიცეთ. საჭიროა არა მხოლოდ უბრალოდ მუშაობა, არამედ მუშაობა და იმის გამოსწორებაზე, რაც ფეხბურთელს ყველაზე ცუდად გამოსდის. აი, სწორედ მაშინ ვითარდება მოთამაშე.
- იმ გზაზე საუბრობთ, რომელსაც „დორტმუნდი“ დაადგა. რამდენი პროცენტი გაქვთ გავლილი?
- ყველაფერი ახლა იწყება. უკან მხოლოდ ათიოდე პროცენტი თუ მოვიტოვეთ. ეს მაქსიმუმია და წინ კიდევ უდიდესი სამუშაო გველოდება. სატრანსფერო ბაზარზე ისეთ დონეს უნდა მივაღწიოთ, რომ ყველა ფეხბურთელი საუკეთესო პერსპექტივაში თავის მომავალს სწორედ „დორტმუნდში“ ხედავდეს და არ ჭოჭმანობდეს, არ ვარდებოდეს ისტერიკაში, როგორც კი შეთავაზებას უცხოური კლუბიდან მიიღებს. როდესაც ფეხბურთელი „დორტმუნდიდან“ წასვლის შემთხვევაში იფიქრებს: „ახლა მე ნაბიჯს უკან ვდგამ“, სწორედ მაშინ ვიქნებით იმ სიმაღლეზე, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ.
- რატომაა, რომ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ერთხელაც არ გითქვამთ: „ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა“?
- გერმანიის ჩემპიონატში, ახლანდელი „დორტმუნდი“ ის გუნდია, რომელსაც რეალური პრეტენზია აქვს მედალზე. მიზანიც სწორედ ესაა. უფრო მეტიც, ამას თუ ვერ მივაღწევთ, მაშინ ჩავარდნა თვალსაჩინო იქნება. მაგრამ, განა შეიძლება მიზნად დაისახო პირველი ადგილის დაკავება, როდესაც მეზობელ ბილიკზე უსეინ ბოლტი მორბის? რა თქმა უნდა, არა! ასეთ შემთხვევაში მხოლოდ იმის იმედი თუ გექნება, რომ მას სადმე ფეხი დაუცურდება. რაც არ უნდა ბევრი ივარჯიშო, ის მაინც უფრო სწრაფად გაიქცევა და ვერაფერს შეცვლი. ამიტომ, ბედნიერი უნდა იყო იმით, რაც გაქვს და არ უნდა ირბინო შეუძლებელის მისაღწევად. მოცემულ მომენტში, ბოლტთან პარალელის გავლებისას სწორედ მიუნხენელებს ვგულისხმობდი, ერთი თავით მაღლა დგას ყველა თვალსაზრისით. ესაა ისტორიულად დადასტურებული ფაქტი. მაგრამ მუდამ ასე როდი იქნება. დროთა განმავლობაში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მსგავს დონეს.
- ამისათვის რა უნდა გააკეთოთ?
- „ბაიერნს“ აქვს კვალიფიკაცია და გამოცდილება, ჩვენ კი, მხოლოდ კვალიფიკაცია, ანუ, გვჭირდება გამოცდილება. შეხედეთ ჩვენს გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაზე. თუ ჩვენ გულშემატკივრებმა „მარსელთან“ მატჩი გვაპატიეს და მადლობა გვითხრეს კარგი თამაშისთვის, „ბაიერნს“ მსგავს სიტუაციას არავინ აპატიებდა.
- სხვათა შორის, ბოლო 3 თამაშია „ბაიერნს“ ამარცხებთ...
- ეს ის შემთხვევებია, როდესაც უსეინ ბოლტს ფეხი დაუცდა (იცინის). უბრალოდ, ამ სიტუაციებში ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. ალბათ ხვდებით, რომ ჯერჯერობით „ბაიერნთან“ მატჩში ჩვენი მიზანი მათი ხაფანგში გამომწყვდევაა. როდესაც ეს გამოგვდის, მაშინ ვახერხებთ მეტოქის დამარცხებას. სასტვენამდე რეალისტებად ვრჩებით, ჩუმად ვართ და შესაძლო გამარჯვებაზე კრინტსაც არ ვძრავთ.
- სასიამოვნო იყო სატრანსფერო ბაზარზე „ბაიერნისთვის“ ორჯერ მოგება?
- ამ საკითხში „ბაიერნს“ მეტოქედ არ აღვიქვამდით. მარკოთი იმიტომ კი არ დავინტერესდით, რომ მისი შეძენა „ბაიერნს“ სურდა. კარგია, ეს ტრანსფერი რომ შედგა, მაგრამ სულაც ვფიქრობ, რომ ამით მიუნხენელები გავაცურეთ. ვფიქრობ, მათ რომ ძალიან მოენდომებინათ... უკიდურეს შემთხვევაში, როისის ხელში ჩასაგდებად უფრო მეტს იაქტიურებდნენ. ამისათვის მათ შესაძლებლობა ჩვენზე მეტი აქვთ. ჩვენის მხრივ, როისს იმდენი შევთავაზეთ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით მოგებული ვყოფილიყავით. ამაზე მეტს უბრალოდ ვერც გადავიხდიდით.
- როგორ ფიქრობთ, სწორია, როდესაც მწვრთნელი უფრო ნაკლებ ანაზღაურებას იღებს, ვიდრე მისი გუნდის ფეხბურთელი?
- ჩემთვის სულერთია ვინ რამდენს იღებს. ადამიანს თავი სწორედ იმიტომ აქვს, რომ მოლაპარაკების პერიოდში, ისეთ თანხაზე შეთანხმდეს, რამდენიც თავისი მუშაობა უღირს და მერე იმაზე არ უნდა იფიქროს, ვინ რამდენს იღებს.
- როდესაც ფეხბურთელი იყავით, მაშინაც ასე ფიქრობდით?
- როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, „მაინცის“ მენეჯერი კრისტიან ჰაიდელი მუდამ მეუბნებოდა, რომ ყველაზე დიდ ანაზღაურებას ვიღებდი. მერე მწვრთნელი გავხდი და ვნახე, რეალურად რა ხელფასი აქვთ სხვებს (იცინის). კარგად ვიცი ჩემი ფეხბურთელების ხელფასები, მაგრამ არასდროს ვეუბნები მათ: „შენ ყველაზე დიდ ხელფასს იღებ და პასუხისმგებლობაც მეტი გეკისრება“. ყველას აქვს წარმატებული და წარუმატებელი პერიოდი.
- გამოდის, თუ მარკო როისი თავიდანვე ისე ვერ ითამაშებს, როგორც „მიონხენგლადბახში“...
- მარკოს დიდი ხანია ვაკვირდები და კარგად ვიცი, მისგან რას უნდა ველოდე. მშვენიერი იქნება, თუ ის პირველივე დღიდან ათამაშდება, მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არაა. როისი ხანგრძლივი პროექტის ნაწილია და თუ ის ვერ გაიხსნება, მაშინ მისი კი არა, ჩვენი ბრალი იქნება. ის არ მოსულა ჩვენთან და არ უთქვამს: „ამიყვანეთ გუნდში, მე ესა და ეს შემიძლია“. ჩვენ თავად ვნახეთ რა შეეძლო მას და შეთავაზება გავუკეთეთ.
- როისის დონის ფეხბურთელების ტრანსფერს უახლოეს პერიოდში კიდევ უნდა ველოდეთ?
- არსად არ გვეჩქარება. კლუბის ფილოსოფია არაა დევიზი: „ახლა, ან არასოდეს“. ჩვენ არ შეგვიძლია „ვოლფსბურგის“ მსგავსად ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 20 მილიონი ევრო დავხარჯოთ, რათა ნახტომი გავაკეთოთ. აქცენტს სწრაფ შედეგზე კი არა, ბიზნესის აგებაზე ვაკეთებთ. ბიზნეს-გეგმის გათვალისწინებით, სატრანსფერო ბაზარზე სულ სხვა სტრატეგია გვაქვს - გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაციას ასჯერ მაინც ვაფასებთ. მეორეს მხრივ, თუ რომელიმე ფეხბურთელის შეძენა გადავწყვიტეთ, ფეხზე მყარად ვდგავართ და ყველა ვერ გაუძლებს ჩვენთან კონკურენციას.
- „ვერდერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვილი ლემკე დარწმუნებულია, რომ „ბაიერნის“ გეგმებში თქვენი ხელში ჩაგდება შედის...
- სიმართლე გითხრათ, ეს საერთოდ არ მაინტერესებს. მივეჩვიე, მხოლოდ იმ საკითხებზე საუბარს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამ წუთისთვის წასასვლელ მიზეზს ვერ ვხედავ. „დორტმუნდთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე მაკავშირებს.
- გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნური შაჰინს „დორტმუნდში“ დაბრუნება უნდა, რამაც თქვენი გაღიზიანება გამოიწვია...
- იმიტომ, რომ არ მიყვარს „ასე რომ იყოს“ პოზიციიდან საუბარი. მსგავს თემებზე საუბარი, წყლის ნაყვას გავს და შედეგი ნულის ტოლია. ნურისთან ხშირი ურთიერთობა მაქვს, იმ სიტუაციას განვიხილავთ, რაც მას მადრიდში შეექმნა და მეტი არაფერი. ისე, არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს სატრანსფერო პერიოდში.
 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

0.152697